ევროპა, ფეხბურთი და სხვა...

ევროპა, ფეხბურთი და სხვა...

29.06.2014

27 ივნისს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გააფორმა.საქართველოსთან ერთად ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი მოაწერეს უკრაინამ და მოლდოვამ. საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ბრიუსელი საზეიმოდ გაფორმებული შეხვდა. ლუქსემბურგის მოედანზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები იყო გამოფენილი.

1.რომან გოცირიძე:  ევროკავშირი იქნებოდა ეს, სავალუტო ფონდი თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, ყოველგვარი მორიდების გარეშე, ჩვენნაირ ქვეყნებს მხარდაჭერას სთავაზობდა ლოზუნგით: „ფული -რეფორმების სანაცვლოდ“. არა და, რეფორმებს უნდა ვატარებდეთ ჩვენივე პროგრესისათვის და არა სხვისი მხრიდან ფინანსური, სავიზო თუ სხვა სახის სარგებლის მოლოდინში. ასე, რომ, ასოცირების ხელშეკრულებით მომავალში განსახორციელებელი საკანონმდებლო თუ სხვა სახის ცვლილებები უნდა ვაკეთოთ არა „ვალდებულებების“ გამო, არამედ ჩვენივე ინტერესებიდან გამომდინარე

2.დარჯან კუხიანიძე, პროფესორი: გავგიჟდი და ფეხბურთს ვუყურებ . .ბრაზილიის ფანი ვარ . .ახლა მარტო დავრჩი სახლში, მარტო ვზივარ და ერთ ამბავში ვარ. .გაიღვიძა ჩემში ძველმა სპორტსმენმა- ხელბურთელი ვიყავი,მეკარე, ახაგაზრდულ ნაკრებში ვთამაშობდი. . .ახლა , როგორც ვატყობ, ისეთი გუნდი არ ჰყავს ბრაზილიას . . .ვნახოთ. .

3.ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, რაულ ხაჯიმბას განცხადებით, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აფხაზეთის შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე არ იმოქმედებს. ხაჯიმბას განცხადებით, მიუხედავად ამისა, აფხაზეთი უნდა დაკავდეს “სამხრეთ საზღვრის გაძლიერებით” და რუსეთთან ინტეგრაციით, როგორც “ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტიით”. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

4.ენგურჰესთან მიმდინარე სამუშაოების გამო საინიციატივო ჯგუფის წევრები კოლხეთის დაბლობის, შავიზღვისპირეთის ქალაქებსა და დასახლებებში დევდორაკის ტრაგედიის განმეორებას ვარაუდობენ  და ხელისუფლებას მოუწოდებენ, „ეს საშინელი ტრაგედია არ დაატრიალოს“. 

5.ალექსანდრე კახა ლომაია:  მსოფლიო ჩემპიონატზე პარტიების განაწილება გრძელდება:

მასხარა - ესპანეთი (პირველი მოქმედება), იტალია (მესამე მოქმედება) შეთავსებით - ყოფილი მეფეები; 
კონკია - კოსტა რიკა (მაყურებელთა დაჟინებული მოთხოვნით "პაკლონზე" ალჟირთან ერთად გამოდის) 
ავაზაკი - ლუის სუარესი (შეთავსებით, აგრეთვე ყოფ. მეფე, ჩაერთვება "სკაიპით", დისკვალიფიკაციის გამო) 
მეფე - მოსმენები მიმდინარეობს.

6. რაულ ჩილაჩავა: მხიარული ერი ვართ: რუსი დაგვესხმება თავზე - გრანდიოზულ ტაშფანდურას ვმართავთ, ევროპა ოდნავ გამოგვიღებს წინკარს, იმასვე ვშვრებით. თუმცა რატომაც არა! ტირილს და გლოვას მაინც ეს სჯობს. დღეს, რაც არ უნდა იყოს, იმედის მცირედი სხივი გაკრთა. ნაბიჯი სიმბოლურია, მაგრამ კონცეპტუალური. მთავარია, არ დავიხიოთ და არ გადავუხვიოთ არჩეულ გზას.

7.  "თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, პრემიერ-მინისტრო, ქალბატონებო და ბატონებო, დღეს არის ბედნიერი დღე. სრულიად საქართველო და ყოველნი ქართველნი და მკვიდრნი საქართველოისანი ზეიმობენ დღევანდელ დღეს. ჩვენ, როგორც არასდროს, ვუახლოვდებით ევროპის კულტურას, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოსთვის ეს არის არამარტო დიდი პატივი, არამედ დიდი პასუხისმგებლობა. საქართველომ უნდა აჩვენოს ევროპას და მთელ მსოფლიოს ჩვენი უძველესი კულტურა, ჩვენი საგალობლები, ჩვენი სიმღერა, ჩვენი წარსული, ფასეულობა. ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი, რომელიც შრომობდა ამ ბედნიერი დღისათვის. დალოცვილი იყავით, ჩვენთან არს ღმერთი", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან დაკავშირებით ევროპის პარკში მიმდინარე საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ მოქალაქეებს.

8. ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებმა ჩილე პენალტების სერიაში ანგარიშით - 3:2 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა. მატჩის ძირითადი დრო 1:1 დამთავრდა, პირველი გოლი მე-18 წუთზე დავიდ ლუისმა გაიტანა, 32-ეზე კი ალექსის სანჩესმა.

9.რომან გოცირიძე:  ფეხბურთის კომენტატორთა უმეტესობა, ნაცვლად იმისა, რომ თქვას "ურტყამს", ამბობს "ურტყავს" და ასე აჩვევს მილიონობით მაყურებელს დამახინჯებულ მეტყველებას. არა და, ეს ხომ ფეხბურთში მთავარი სიტყვაა, ყველაზე გამოყენებადი. მერე მიდი და დაუჯერე რასაც ჰყვებიან,როცა ერთი სიტყვის სწორად წარმოთქმა ვერ უსწავლიათ, აგერ უკვე ორი ათეული წელია.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge