საქართველოში საშუალო თვიურმა ხელფასმა 2013 წელს 898.7 ლარი შეადგინა. აქედან, ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი (2945,2 ლარი) წყლის ნაგებობის მშენებლობაში დაფიქსირდა. მეორე ადგილზე მილსადენებით ტრანსპორტირების (2886.1 ლარი), მესამეზე კი – კოქსის, ნავთობპროდუქტებისა და ბირთვული მასალების წარმოების სექტორია (2543.5 ლარი).
ასევე მაღალი ანაზღაურებით გამოირჩევიან მოქალაქეები, რომლებიც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვით არიან დაკავებულნი: მათი საშუალო ხელფასი 2520.4 ლარია.
ხელფასების თვალსაზრისით მიმზიდველი ხელოსნობაც აღმოჩნდა: იატაკის დაგება- კედლების მოპირკეთებით დაკავებულთა საშუალო ანაზღაურება 2353.7 ლარია, სამღებრო და მინის სამუშაოებით კი – 2058.7 ლარი.
ყველაზე დაბალი ხელფასები ბარმენებს აღმოაჩნდათ – 169.6 ლარი. ამ თანხას მცირედ აღემატება მარგარინის მწარმოებლების ხელფასი (187.3 ლარი). მაკარონის და საკონსერვო წარმოების სექტორში დაქირავებულთა საშუალო ანაზღაურება კი, დაახლოებით, 290 ლარია.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასები (895.4 ლარი) მცირედ, მაგრამ მაინც აღემატება ადგილობრივ კერძო კომპანიებში არსებულ მაჩვენებელს (797 ლარი). თუმცა, ორივეზე მაღალი ანაზღაურება უცხოურ კომპანიებში დაფიქსირდა (1279.8 ლარი).
bpn.ge
სოსო არჩვაძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში: “ ჩვენთან საშუალო ხელფასის სიდიდე კი არ არის პრობლემა, არამედ ის, რომ ქვეყანაში ძალზე მცირეა ხელფასის მიმღებთა რაოდენობა.ანუ, კატასტროფულად ცოტაა დაქირავებით დასაქმებულ პირთა რიცხვი. არ მომერიდება იმის თქმაც, რომ ეკონომიკურ პოტენციალთან შედარებით, ჩვენთან საშუალო ხელფასი ოდნავ იმაზე მაღალიც კი არის, ვიდრე ამის შესაძლებლობას ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი იძლევა. ჩვენნაირი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში საშუალო ხელფასი იგივე პარიტეტით 40%-ით უფრო დაბალია.
საკმაოდ დიდია სხვაობა მინისტრის ხელფასსა და საშუალო სტატისტიკური ქართველის ხელფასს შორის, მაგრამ ჩვენ უნდა შეგვეძლოს ჩვენი მთავრობის შრომის ღირსეულად ანაზღაურება და დაფასება. მაგალითად, 2003 წლამდე მინისტრების ხელფასები 160-170 ლარი იყო, პრეზიდენტის კი - 400 ლარი. ჩვენ უნდა ვიყოთ განსხვავებული სიმდიდრეში და არა გაწონასწორებული სიღარიბეში”.
2013 წლის მონაცემებით, საქართველოში მინისტრის ყოველთვიური ხელფასი 7 875 ლარს შეადგენდა, საშუალო ხელფასის მოცულობა კი დაახლოებით 730 ლარს, ანუ სხვაობა არის დაახლოებით 1078%.
აზერბაიჯანში მინისტრის ყოველთვიური სარგო 1500 აზერბაიჯანული მანათი, დაახლოებით, 3100 ლარია, საშუალო ხელფასი კი 520 დოლარი, დაახლოებით 858 ლარი,
სხვაობა 360%-ია.
სომხეთში მინისტრის საშუალო ხელფასი 300 000 დრამი, დაახლოებით, 1 225 ლარია, საშუალო ხელფასი კი 144 336 დრამი, დაახლოებით 578 ლარი, სხვაობა 211%-ია.
რუსეთში მინისტრის საშუალო ხელფასი 62 ათას რუბლს, ანუ დაახლოებით 3 100 ლარს უტოლდება, საშუალო ხელფასი კი დაახლოებით 27 339 რუბლი, დაახლოებით 1 366 ლარი. აქ ხელფასებს შორის სხვაობა დაახლოებით 228%-ია.ბელორუსში მინისტრების ხელფასი 1500 დოლარი, დაახლოებით 2475 ლარს უტოლდება, საშუალო ხელფასის რაოდენობა კი დაახლოებით 5 მლნ ბელორუსულ რუბლს, ანუ 915 ლარს შეადგენს, სხვაობა დაახლოებით 270%-ია.
უკრაინაში მინისტრის საშუალო ხელფასი დაახლოებით 28 ათას გრივნას, 5,6 ათას ლარს შეადგენს, საშუალო ხელფასი კი 3895 გრივნას, ანუ დაახლოებით 780 ლარს. ხელფასებს შორის სხვაობა კი თითქმის 717%-ია.
P.S. მიმდინარე წლის 29 მაისს ტელეკომპანია TV3-ის ეთერში, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატები გაიმართა. გადაცემაში „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მკვიდრი მოსახლეობის 73% უმუშევარია.