კოტე გაბაშვილიც დააკავეს

კოტე გაბაშვილიც დააკავეს

05.07.2014

ვახტანგ იაშვილი: ასაკიანი, დიპლომატიურ სამყაროში ცნობილი, საერთაშორისო ასპარეზზე თავის დროზე მოღვაწე ბატონი კოტე გაბაშვილი ხულიგნობისათვის, ან სხვა გადაცდომისათვის დაკავებული თუ აღმოჩნდებოდა, ვერ ვიფიქრებდი! თუმცა, არ მიკვირს, არც თუ შორეულ წარსულში, მსგავს ფაქტებს არაერთხელ ჰქონია და დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ალბათ შემდგომშიც ექნება ადგილი. მახსენდება, რომ ოთხმოცდაათიან წლებში შევარდნაძემდე და მის მმართველობის დროს ექიმი , პროფესორი, აკადემიკოსი და უბრალოდ საქართველოზე შეყვარებული 70 წელიწადს გადაცილებული ადამიანი, ვახტანგ ბოჭორიშვილი პოლიციის მუშაკისათვის წინააღმდეგობის გაწევის, ხულიგნობის , უკანონო მანიფესტაციებში მონაწილეობის და სხვა ადმინისტრაციული გადაცდომისათვის სულ მცირე 15-ჯერ იყო დაკავებული. სამწუხაროდ, ვემსგავსებით შევარდნაძის საქართველოს...

P.S.  netgazeti.ge - ის ცნობით შსს სასამართლოსთან 4 პირი დაკავებას ადასტურებს, მათ შორის არიან დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი და კოტე გაბაშვილი. ასევე, დაკავებულები არიან გოჩა დარჯანია და დავით გოგოხია, რომელიც "თავისუფალი ზონის" წევრია.

შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, დაკავებულებს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში ედება: 166-ე და 173-ე.

166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, ხოლო 173-ე - პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას.

"წვრილმანი ხულიგნობა (166-ე მუხლი), ესე იგი საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა- გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით.

სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა (173-ე მუხლი) - სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების ან სამხედრო მოსამსახურეების კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ვადით ერთიდან ექვს თვემდე, ხელფასიდან ოცი პროცენტის დაქვითვით, ხოლო თუ საქმის გარემოებათა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომების გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 90 დღემდე ვადით", - ნათქვამია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

"ხულიგნობა, მოგეხსენებათ, არავის არ ეპატიება. მით უმეტეს, როდესაც დეპუტატი არის პიროვნება. მე მინდა, მოვუწოდო პოლიციას, იმოქმედონ კანონის შესაბამისად, ვინც ჩაიდენს დანაშაულს, თანამდებოის პირი, უბრალოდ მოქალაქე. ჩვენ ვართ ყველა თანასწორუფლებიანი კანონის წინაშე, ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ საქართველოს, თავისუფალ სახელმწიფოს, სადაც თითოეული ჩვენი მოქალაქე იქნება, იქნება ყველა ერთნაირად მოექცევა კანონის ჩარჩოში და ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში აღდგეს სამართლიანობა.

ყველას კარგად მოგვეხსენება, რა ხდებოდა 9 წლის განმავლობაში, როგორ უსწორდებოდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, როგორი ძალადობა მიმდინარეობდა ხელისუფლების მიმართ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე. როგორი ძალადობა მიმდინარეობდა თქვენს კოლეგებზე, ჟურნალისტებზე. ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. დამთავრდება და არავის ექნება საშუალება, იძალადოს საკუთარ მოქალაქეებზე და ქვეყნის მოსახლეობაზე", - განაცხადა კახი კალაძემ.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge