„საქართველოში აშშ-ს ელჩს ბატონ ნორლანდს
თქვენო აღმატებულებავ,
გავეცანი თქვენს განცადებას გიგი უგულავას დაკავების და მის შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ. ( ენმ-ს საპარლამენტო წევრების და მომხრეების უკანონო დაკავებებზე)
თქვენ განაცხადეთ, რომ მნიშვნელოვანია პრინციპები და არა პიროვნებები.
ამიტომ ვფიქრობ, რომ თქვენ ძალიან შეწუხებული ხართ ამ პრინციპების საქართველოს მთავრობის მიერ უგულებელყოფის გამო, რადგან:
1. გიგი უგულავა გადაყენებული იქნა თანამდებობიდან იმ ნორმის თანახმად, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო. ამის მიუხედავად, იგი არ აღუდგენიათ თანამდებობაზე, რადგან არ იყო უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლო (სასამართლო სხდომები არაერთხელ უკანონოდ იყო გადადებული - კიბერდანაშაულის შესახებ აშშ-ს საელჩოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე პროკურორის დასწრება საპატიო მიზეზი არ არის). გიგი უგულავამ უარი თქვა ამ ფარსში მონაწილეობაზე და გამოიტანა თავისი საჩივარი.
პირდაპირ წესით არჩეული თბილისის მერი გადააყენეს თანამდებობიდან კონსტიტუციის დარღვევით და მან სამართლიანი სასამართლოს უფლება ვერ გამოიყენა - პრინციპის სერიოზული დარღვევაა, მეთანხმებით?
2. გიგი უგულავას, სასამართლოს 2 ივლისის გადაწყვეტილებით, ქვეყნის დატოვების უფლება ჰქონდა. ასევე უარი ეთქვა პროკურატურას უგულავასთვის პირადობის და პასპორტის ჩამორთმევაზე. საქართველოს მთავრობამ სასამართლოს იგნორირება მოახდინა და გამოიგონა ახალი „მიზეზი“ გიგი უგულავას დასაპატიმრებლად, როდესაც იგი გიგა ბოკერიასთან ერთად, კიევში მიემართებოდა.
სასამართლოს გადაწყვეტილების იგნორირება - პრინციპის სერიოზული დარღვევაა, მეთანხმებით?
3. მთავარი ოპოზიციური პარტიის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელისთვის მეორე ტურის წინ წინასწარი პატიმრობის შეფარდება - პრინციპის სერიოზული დარღვევაა, მეთანხმებით?
4. პარლამენტის წევრის ლევან ბეჟაშვილის ძალადობრივი დაკავება სასამართლო პროცესის შემდეგ - პრინციპის სერიოზული დარღვევაა, მეთანხმებით?
ასე რომ, ვარ თუ არა სწორი, როდესაც ვფიქრობ, რომ თქვენ ძალიან შეშფოთებული ხართ პრინციპების დარღვევით?
თუ ასეა, გთხოვთ გააკეთოთ უფრო ნათელი განცხადებები, რადგან ისინი საქართველოს მთავრობის მიერ აღიქმება როგორც მწვანე შუქი ოპონენტებზე ზეწოლის განხორციელებისთვის და დემოკრატიის შესუსტებისთვის საქართველოში. საქართველოს მთავრობა არ არის ისეთი ჭკვიანი როგორც მე.
პატივისცემით,
თამარა ჩერგოლეიშვილი“