ჯოჯოხეთური საბჭოეთის მსხვერპლი

ჯოჯოხეთური საბჭოეთის მსხვერპლი

09.07.2014

ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ხუთი თვის არაადამიანური მოპყრობითა და შიმშილით ნაზი შამანაური სიკვდილის პირზე მიიყვანეს. 1983 წლის იანვარში კი ხელფეხშეკრული ჟურნალისტი ცემით მოკლეს. ვინ იყო დამნაშავე ამ ტრაგიკულ სიკვდილში, დღესაც გაურკვეველი და ბუნდოვანია. მაგრამ ის ფაქტი, რომ მისი ოჯახი დევნასა და შევიწროვებას განიცდიდა, თვით ნაზი კი იმდროინდელი ლიტერატურული და ჟურნალისტური წრეებისათვის არასასურველი მიმართულებით ,,მოაზროვნე ელემენტი იყო, დასტურდება იმით, რომ 1974 წლის 7 ივნისის მერე, როდესაც მან უკანასკნელი წერილი გამოაქვეყნა ,,სოფლის ცხოვრებაში”, რაიონული და რესპუბლიკური გაზეთების რედაქციათა კარები მისთვის გამოკეტილი აღმოჩნდა.

ნაზი შამანაური საქართველოში არსებულ მანკიერებებს ამხელდა.

1982 წლის 14 აგვისტოს ჩარგალში ,,ვაჟაობის” დღესასწაულზე ნაზიმ სიტყვა ითხოვა. უარი უთხრეს ძალით გაიკაფა გზა ტრიბუნისკენ. მიკროფონს ხელი დასტაცა და დაიყვირა: “ხალხო, გატყუებენ. . . ლამაზ-ლამაზ ფერებში ხატავენ ცხოვრებას. . .სინამდვილეში, კოლმეურნეები დაიმონეს სასაქონლო გეგმის შესრულების მიზნით,მოსახლეობას მეწველი ძროხები წაართვეს.

რა გვეზეიმება? ვაჟა რომ წამოახედოთ, სირცხვილით დაიწვება. . არნახული გაბედულებით ამხილა დუშეთის რაიონის თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი ბოროტი საქმეები. იგი მაშინვე დააკავეს და ჩამოართვეს მხილების ტექსტი. მასთან ერთად დააკავეს მისი დედა სარა ინაშვილიც.

დედა-შვილს თავზე ნაჭერი ჩამოაცვეს და იქვე მდგარ მილიციის მანქანაში შეაგდეს. მანქანამ გეზი თბილისისკენ აიღო და ასათიანის ქუჩაზე, ფსიქიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ეზოში შეჩერდა. ნაზი შამანაური და სარა ინაშვილი საექსპერტო კომისიის წინაშე წარსდგნენ. .

ფსიქიატრიული ჯოჯოხეთი. ხუთთვიანი წამება. საბჭოთა ფსიქიატრიის მკურნალობის მეთოდები….

ასათიანის კლინიკა ქართული საბჭოთა ფსიქიატრიის სახე იყო.მასთან შეხება მძაფრი,მტკივნეული განცდებით იწყებოდა. ახალმიღებულს პირადი ნივთების ჩაბარებასა და საჯარო გაშიშვლებას აიძულებდნენ. ერთიც და მეორეც პაციენტის უსაფრთხოებაზე ზრუნვით საბუთდებოდა. ამიტომ პაციენტებს ზამთრის ყინვაშიც კი ხალათები პირდაპირ შიშველ ტანზე ჰქონდათ მოსხმული.

თუ დისკომფორტით გამოწვეული უკმაყოფილება აგრესიაში გადაიზრდებოდა, ისტერიკამდე მისულს

ზეწრებით კოჭავდნენ, შემდეგ შესაბამისი ინექციებით ადუნებდნენ. ელექტროშოკი,ერთი მიზეზის გამო არ

გამოიყენებოდა: აპარატი 70 –იან წლებში გადაიწვა და მის შეკეთებასა თუ ახლის შეძენაზე აღარ იზრუნეს “ათზე მეტს აუღეს სისხლი ლაბორატორიული ცდებისთვის. მსუქნიშვილმა წინააღმდეგობა

გაუწია:“მეექვსედ სად გაგონილა სისხლის გამოკვლევა.ახლახანს არ ამიღეთ როეზე,საერთოზე,

ღვიძლის ფუნქციაზე? . . მენზურა სავსე იყო. ხელი დამიბუჟდა. საწყალი მსუქნიშვილი საწოლქვეშ შეძვრა, მაგრამ ამდენი ხალხის წინაშე რას გააწყობდა.” (ნაზი შამანაურის დღიურებიდან).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, დედა-შვილი თბილისში, ასათიანის სახელობის ფსიქიატრიულ კლინიკაში, გაამწესეს სამკურნალოდ. ნაზი შამანაურმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. ფსიქიატრიულ საავადმყოფოში კი ასე საგანგებოდ მივლენილ პაციენტებს განსაკუთრებულ რეჟიმში ,,მკურნალობდნენ”. შედეგიც,რა თქმა უნდა, მეტად სავალალო აღმოჩნდა… პაციენტი თავის ქალის მძიმე დაზიანებითა და პერიტონიტის დიაგნოზით მეცხრე კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მეორე დღეს გარდაიცვალა კიდეც.

სკანდალი ფსიქიატრიული კლინიკის ცხოვრების წესი იყო.

პაციენტებს აღიზიანებდათ:გისოსები, გადაჭედილი პალატები, საავადმყოფოს უნიფორმა, ამინაზინის ნემსები, უგემური საკვები და ამ ყველაფერთან შეგუების კატეგორიული, სასტიკი მოთხოვნა. იძულებითი მკურნალობის შესახებ გამოტანილი განაჩენი მედპერსონალს ცემა-ტყეპის ენაზე საუბარს უკანონებდა. ცემა–ტყეპა წამლის მიღებისას, ცემა-ტყეპა შიმშილობისას.

სიტყვა `შიმშილობა ფსიქიატრებს შიშის ზარს სცემდა. საკვების აკრძალვის გამო პაციენტის დაღუპვა მათ სამსახურის დაკარგვით ემუქრებოდა. საჭირო იყო სისხლის ვიტამინებით კვება,მაგრამ გადასასხმელი

აპარატურისა და ზონდის გამოყენება პრობლემას მხოლოდ დროებით და ნაწილობრივ ხსნიდა. აცეტონის სუნი არ ქრებოდა. წამლის მიღება რთულდებოდა. .დაიწყებოდა ნამდვილი ომი: გაჯიუტებული პაციენტის გაკოჭვა,სკამზე მიბმა, პირის გასაღებად ცხვირზე ხელის მოჭერა, ლანცეტის სასამდე მიბჯენა. .

ამ პირობებში ნაზი შამანაურმა ზუსტად ხუთი თვე გაძლო.

პირველი დღეების შთაბეჭდილებები უმძაფრესია:

ძალით გახადეს ტანსაცმელი. ძალითვე ჩააცვეს ზოლებიანი ხალათი. მოათავსეს ფსიქიატრიული საავადმყოფოს პირველ განყოფილებაში, სადაც შიზოფრენიის უმძიმესი ფორმით დაავადებული პაციენტები იწვნენ. აუხსნეს:

“სავალდებულოა, უსიტყვოდ დაემორჩილო შინაგანაწესს, დალიო წამლები და მიიღო საკვები”.

შამანაურმა, პროტესტის ნიშნად, შიმშილობა გამოაცხადა.

გამატიტვლეს ყველას თვალწინ. იატაკზე თმით მათრიეს. ხელ-ფეხი შემიკრეს. მუცელში მცემდნენ. თმაზე მექაჩებოდნენ . ცხვირზე ხელს მიჭერდნენ, რომ პირი გამეღო. კანი მეწვოდა,

ტუჩები დამილურჯდა, სასა დამისივდა. ლუკმას რომ ვერ მაყლაპებდნენ, ძუძუებზე ფეხს მაჭერდნენ, კისერს საქონელივით მიდრეკდნენ, მუცელში წიხლს მაზელდნენ, ნიკაპში მუშტს .

ლანცეტით მაწამებდნენ. სასამდე მიბჯენილ კოვზს ხახაში ბურღივით მიტრიალებდნენ. ვიხრჩობოდი. იოგები, საყლაპავი მილი დამიზიანდა. კბილები დამემსხვრა. პირსახოცი სისხლიანი იყო. . (ნაზი შამანაურის დღიურებიდან).

დღიურების მთავარი უარყოფითი პერსონაჟი ქალთა პირველი განყოფილების დიასახლისი ვალიდაა.

შამანაურის გადმოცემით, კუშტსა და ჩაფსკვნილს,მაღლა შეთამაშებული წარბები და მჭექარე ხმა ჰქონდა. სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა. წესრიგის დასამყარებლად მოჭარბებულ ენერგიას არ ზოგავდა. ურჩებს `გვემა-წამების დამამცირებელი ილეთებით ათვინიერებდა. პაციენტები `დესპოტს, ჯალათსა და `გესტაპოელს ეძახდნენ.

“ხომ დაგწიწკნე და დაგასისხლიანე. ჯერ სადა ხარ. . . ისეთ რამეს დაგარტყამ, დრუნჩი გვერდზე მოგექცეს,!” გაჰყვიროდა ვალიდა.

მოქმედება ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის ქალთა პირველ განყოფილებაში მიმდინარეობს.

76 დღის შიმშილი… ფილტვებს უჭირს სუნთქვა, სხეულს მოძრაობა… პირში აცეტონის მკვეთრი სუნი მაქვს. მედპერსონალი მერიდება: ” ფუუ.. როგორ ყაარს. არ სჭამს და მა რა იქნება…”

პალატებსა და დერეფანში მუდმივი ღავილი, ჩოჩქოლი დაყვირილია.
50 ადამიანი ერთად სცემს ბოლთას. . ყველა თავისთვის ჩივის, ლაპარაკობს.
კარუსელივით, თავბრუს დახვევამდე ტრიალებს ეს წრე.
წამლებით გაჭყეპილნი, მთვრალი ინდაურებივით დაბორიალებულნი, ერთმანეთს ეხლებიან, ეცემიან.
ვიღაც ტირის: `მომეცით ჩემი ვაშლი,თქვენსას ხომ არ გთხოვთ.
მომაშარდვინეთ. . .დამაწვინეთ იატაკზე. საწოლის ღირსი არ ვარ.
დამცხეთ ამინაზინი. მაღირსეთ სტელაზინის ამპულის შხამი, რომ როგორმე ჩავძაღლდე. .
ჩამაცვით ტრუსიკი. მცივა. . სად გაგონილა, ქალიშვილი გოგო უნიფხოდ, ულიფოდ ვიყო?
(ნაზი შამანაურის დღიურებიდან)

“20. 10. 82. მთელი კბილები ჩამიმტვრიეს. სახეზე არ შემეხედება, სულ ჩამოვხმი. როგორც არასდროს, ისე მინდა სიკვდილი. ვალიდა აბუსერიძე: მე შენ გიჩვენებ, მოგხვდა თუ არა ცხვირ-პირში, გიტირეთ ყოფა, დედა-შვილი გველებივით რომ დაძრწოდით თბილისში, ეყარენით და ამოლპით, კაციშვილი ვვერ გაიგებს თქვენს გზებს, აქ ამოლპებით…”

(ნაზი შამანაურის დღიურებიდან)

‎05. 01. 83 წ. კვლევითი ინსტიტუტი კი არა, ტიპური საწამებელი კონცლაგერია, სადაც ავადმყოფ ადამიანზე, როგორც საცოდავ კურდღელზე ცდებს ატარებენ. ჯერ ხომ სანამ სისხლს გამოსწოვენ, თითოეულს წაქცევამდე ვენიდან რამდენჯერმე უღებენ სისხლს. მერე ამ სისხლს მამასისხლად ყიდიან. ამიტომაა თითოეული ავადმყოფი ჩონჩხადქცეული მოარული არსება. ყიდიან არა მარტო სისხლს, ყიდიან ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, პერანგებს, ნიფხავს, წამალს თუ ზეწარს… ავადმყოფები კი გესტაპოს ტყვეებივით, ფეხშიშველა, დახეულ პერანგებში ფეხშიშველა დაბორიალობენ…”

(ნაზი შამანაურის დღიურებიდან)

(მაგ დროს პოპულარული ავლიპი ზურაბაშვილი ყავდათ!)

ერთი თვის განმავლობაში ნაზი სტაციონარული ექსპერტიზის პაციენტი იყო. ექსპერტიზამსულით ავადმყოფად ცნო: `შიზოფრენია, ბოდვითი ფორმა”სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, დუშეთის რაიონულმა სასამართლომ იძულებითი მკურნალობა შეუფარდა. ნაზიდა სარა ერთმანეთს დააშორეს.

მისი სიცოცხლის ბოლო დღეების ქრონიკა 1983 წლის 11 იანვარს წყდება.

ჩემს დღიურებს მთლიანად აგონიაში ვწერდი. . მეტი აღარ შემიძლია. ფიზიკურიჯანმრთელობა შენარჩუნებული მაქვს, მაგრამ ფსიქოლოგიურად, მორალურად

გამოვიფიტე.ხეს მოწყვეტილი ფოთოლივით ვქანაობ. სიკვდილს ვნატრობ. . ძალები არ გამომლევია.უბრალოდ, რწმენა დავკარგე. რწმენის გარეშე სიცოცხლე კი უკვე სიკვდილია.

ნაზი 12 იანვარს გადაიყვანეს მეცხრე საავადმყოფოში. მუცელი მკვრივი, მტკივნეული და შებერილი ჰქონდა. ქირურგმა ანზორ არველაძემ გონდაკარგული პაციენტი სანიტრებს საოპერაციო მაგიდაზე მოათავსებინა.

როგორც კი კანს დანა დაუსვა, მუცლის ღრუდან თითქოს აირით გაბერილი, გატიკული ნაწლავები ამოხტნენ. `ინტოქსიკაციაა?

ქირურგმა ტრავმის ან პერიტონიტის ნიშნებს დაუწყო ძებნა.ბადექონი სუფთა აღმოჩნდა. არავითარი ჩირქი და

სიმსივნური წარმონაქმნები. არავითარი სისხლნაჟღენთები და დაჟეჟილობა.

ანზორ არველაძე, ქირურგი: `ვფიქრობ, მოწამლეს, ან თავი მოიწამლა.~

რვა დღის შემდეგ,1983 წლის 20 იანვარს, ნაზი შამანაური რეანიმაციის განყოფილებაში გონსმოუსვლელად გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად სეფსისი დასახელდა.

ანზორ არველაძე: `ავადმყოფობის ისტორია ჩემამდე არ მოსულა. უშიშროების თანამშრომლებმა წაიღეს.

სარა ინაშვილი ქალიშვილის დაკრძალვას არ დასწრებია. ის ჯერაც ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტი იყო. საფლავზე მისვლა გარდაცვლილის ახლობელ-მეგობრებსაც აუკრძალეს. მაინც მივიდნენ და, ახალგაზრდა, ლამაზი ქალის ნაცვლად, ერთიანად გაჭაღარავებული მოხუცისნატანჯი სახე იხილეს.

გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე, ფსიქიატრიული საავადმყოფოს პალატაში, მუცლის მწვავე სპაზმებისაგან საწოლზე მოკუნტული, დაწყლულებული, კანგადაცლილი თითებით წერდა უკანასკნელ ბარათს, რომელიც, წესისამებრ, ლეიბქვეშ უნდა გადაემალა. ღილებდაჭრილი, გახუნებული ხალათის

ჯიბეებშიც უბის წიგნაკიდან ამოგლეჯილი ქაღალდის ნაკუწები ეწყო. ხალათიგალეულ, შიშველ ტანზე

ჰქონდა მოსხმული. ფეხებზე ძველისძველი ფოსტლები ეცვა.უჩვეულოდ მშვიდი და უძრავი გონდაკარგული გაიყვანეს კარ-ფანჯრებ ამოგმანული,საძულველი შენობიდან, რომ უკან აღარასდროს დაბრუნებულიყო. . .

ავტორი თინა აგნუსი

რეპორტიორი

ამოქალაქო ჟურნალისტიკის ბლოგი



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge