ყოველ ზაფხულს ერთ სოფელში ვისვენებ. იქ მთაცაა და მდინარეც, ამიტომ მომწონს. ხალხი საქმიანი და ხმაურიანია, ეზოებში არჩევენ ოჯახისა თუ ქვეყნის საქმეებს. ერთ ეზოსთან ჩავიარე და დედა ეუბნება ბიჭუნას: წიგნები იკითხე და პრეზიდენტი იქნებიო. ბავშვი ტიროდა, თამაშისკენ მიუწევდა გული. ერთ დილასაც მესმის წივილ-კივილი, გაქცეულ ბავშვს, დედა მისდევს, ის კი გაიძახის: არ მინდა პრეზიდენტობაო! ვხედავდი, რომ ბავშვის უფლებები აშკარად ირღვეოდა, მაგრამ, ნაცვლად იმისა, რომ პატარას მივშველებოდი, სიცილი წამსკდა.
P.S. დღეს გავიგე, რომ ყველაზე პოპულარული ფეისბუქ სტატუსი შევარდნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელსაც 1225 "ლაიქი" აქვს მიღებული შემდეგნაირია: "როგორ ნათელშიც ჩვენ გვამყოფა, ისეთ ნათელში იყოს ახლა თვითონ"
P.P.S. მართალი იყო ის სოფლელი ბიჭი, პრეზიდენტობა რომ არ უნდოდა...