"ცვლილება და სიახლე მეც ისევე მსურდა, როგორც სულ ყველას მაშინ, მაგრამ ედუარდ შევარდნაძის შემცვლელად მიშა არ მინდოდა. თუ რატომ, დღეს არ გვინდა ამაზე. არ მიყვარდა და არ მიყვარს პარლამენტში შესვლის კადრები, სადაც ტრიბუნაზე ავარდნილი პირტიტველა ბაჩო ახალაია მოჩანს თავმოწყვეტილი ვარდის ეკლიანი ღეროთი ხელში და ხანში შესული პრეზიდენტის დარბაზიდან გაყვანას ზეიმობს. კარგია, რომ 11 წლის შემდეგ, "ვარდების ხელისუფლების" ჩვენ მიერ სცენიდან გაყვანას, ადამიანების თავისუფლად ამოსუნთქვას და ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ყოფილი პრეზიდენტი მოესწრო. ევროკავშირის გაფართოებაო, შევარდნაძე რომ იტყოდა 90-იან წლებში, ახალგაზრდა "საგარეოშნიკი" ვიყავი და მეღიმებოდა მაშინ, არ მჯეროდა… ედუარდ შევარდნაძემ მსოფლიოს შეცვლაში განსაკუთრებული როლი შეასრულა. ამაზე უცხოეთში ყველა ბევრს საუბრობს და მომავალში კიდევ მეტს ისაუბრებს. ჩვენი ქვეყანა მან პირველმა დააყენა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და თავისი რეპუტაციით "აიძულა" მაშინდელი უცხოელები,დაენახათ საქართველო მსოფლიო რუკაზე. მან დაამარცხა ქუჩაში მორბენალი კალაშნიკოვები და სტუდენტებს უნივერსიტეტის გზაზე უსაფრთხოდ სიარულის საშუალება მოგვცა. ყველაზე დიდი ოპონენტებიც კი მას უშიშარ და გამჭრიახ პოლიტიკოსად იხსენიებენ, რომელმაც იმ დროის საერთაშორისო ურთიერთობები მთლიანად შეცვალა. სწორედ ეს შევა მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაში, როგორც ქართული", - წერს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბლოგში, რომელიც პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შესახებ გამოაქვეყნა.
P.S. შევარდნაძე თუ გადააყენეს - ის კრწანისის რეზიდენციაში გაუშვეს და არა ციხეში!!! აი, ეს განსხვავებაა თქვენსა და წინა მთავრობას შორის! თქვენ თუ ლაღი სტუდენტობა დაგიბრუნათ, ჩვენ აფხაზეთი წაგვართვეს! გამზრდელი დეიდა და 2 ბიძა 1993 წლის 3 მაისს რუსული გრადის ერთი გასროლით დავკარგე. 2 თვით ადრე კი - მარტის თვეში, 22 წლის სტუდენტი ბიძაშვილი მამუკა კვაშილავა - ულამაზესი კოლხი ვაჟკაცი, სოხუმის თავისუფლებას შეეწირა.. მისით შეწყდა კვაშილავების გვარი დედაჩემის ძმის ოჯახში! ის, რომ სახლი დავკარგე სოხუმის ცენტრში რომელიც პირადად ჩემი იყო (ანდერძი აქ მაქვს ნოტარიუს ადლეიბას მიერ ხელმოწერილი) ამაზე საუბარიც კი უხერხულია იმ ტრაგედიის ფონზე, რომელიც აფხაზეთის ომმა ჩვენთან ერთად მრავალ სხვა ადამიანსაც მოუტანა. ასე რომ, მედალს ორი მხარე ჯერ კიდევ აქვს.
P. P.S.როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე დამწუხრებული ნამდვილად ვარ იმ ფაქტით, რომ ჩემი დამოუკიდებელი ქვეყნის ექსპრეზიდენტი გარდაიცვალა.ნიჭიერი ქართველი, რომელმაც შეძლო და მსოფლიოს ყურადღება მიიქცია.. მჯერა, რომ მას, საქართველოსთვის კარგი უნდოდა... თუ რამდენად მოახერხა - ეს სხვა საკითხია!