საგანმანათლებლო შეღავათი

საგანმანათლებლო შეღავათი

15.07.2014

საქართველოს უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები შედის. მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე შესაბამისი კანონპროექტი განიხილა, რომელიც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.
კანონპროექტის მოკლე აღწერაში, რომელიც Aris.ge-განათლებამ ექსკლუზიურად მოიპოვა, წერია: ის პირები, რომლებიც სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე გააგრძელებენ. 
ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით უმაღლესებში მოხვდებიან ის პირებიც, რომელთაც განათლება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აქვთ მიღებული. უფრო კონკრეტულად კი ცვლილება გულისხმობს: "საქართველოს მთავრობისთვის უფლებამოსილების მინიჭებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით განსაზღვროს საქართველოს იმ მოქალაქის, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე იმ პირის სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების წლიური მოცულობა, ოდენობა და პირობები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ, სწავლას განაგრძობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე;
კიდევ ერთი ცვლილების თანახმად, საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე, საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების უფლებამოსილება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიენიჭება.
"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონპროექტი შემდეგ ცვლილებებსაც ითვალისწინებს:
•"სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისათვის კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის, აბსოლუტური ქულით რანჟირების დოკუმენტის, სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის და საერთო სამაგისტრო გამოცდების აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტის დამტკიცების უფლებამოსილების მინიჭებას;
•გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამას და გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილე სტუდენტთან დაკავშირებული რეგულაციების შემოღებას;
•საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის შესაძლებლობის მიცემას იყოლიოს მინიმუმ ერთი კოლეგიური ორგანო.
•საქართველოს მთავრობისათვის სტუდენტის პირადობის (ბინადრობის) მოწმობით სტუდენტური ფასდაკლების გამოყენების წესის დამტკიცების უფლებამოსილების მინიჭებას". 
ეკა არის© წივწივაძე

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge