ვინ იყო ერთადერთი ქალი, რომელსაც საბჭოთა კავშირის დროს ნოე ჟორდანიას ოჯახთან ჰქონდა ურთიერთობა

ვინ იყო ერთადერთი ქალი, რომელსაც საბჭოთა კავშირის დროს ნოე ჟორდანიას ოჯახთან ჰქონდა ურთიერთობა

26.07.2014

როგორ ასწავლის 6 წლის ნიკოლოზ კვიტაშვილი დედას, ნიკოლ ჟორდანიას, ქართულს და ვინ იყო ერთადერთი ქალი, რომელსაც საბჭოთა კავშირის დროს ნოე ჟორდანიას ოჯახთან ჰქონდა ურთიერთობა 
2011-11-14
ნანა ჯანაშია 

 

 

ნიკოლ ჟორდანია მენშევიკური საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი და რეჯებ ჟორდანიას ქალიშვილია. ამ ჭკვიანმა, ლამაზმა და აქტიურმა ქალბატონმა, თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი საქართველოს მიუძღვნა. იგი აქ საკუთარ ფესვებთან დაბრუნების სურვილმა ჩამოიყვანა და მას შემდეგ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლის რანგშია. ამჟამად ნიკოლი „ნოე გრუპს” ხელმძღვანელობს.

„პატარა ვიყავი, როცა ნიუიორკელ ბავშვებს ვეუბნებოდი: ბაბუაჩემი იმ ქვეყნის მეფე იყო, რომელიც უკვე აღარ არსებობს-მეთქი”... – აი, ამ სიტყვებით დაიწყო ნიკოლმა ჩვენთან საუბარი. „ქვეყანა, რომელიც უკვე აღარ არსებობს”... ამ „არარსებულ” ქვეყანაში ბევრმა ისიც კი არ ვიცოდით, რომ, პარიზთან ახლოს, ლევილში, ჩვენნაირი ქართველები ცხოვრობდნენ; რომ იქ იყო დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია ოჯახთან ერთად... საბედნიეროდ, დაინგრა ის იმპერია, რომელმაც ათწლეულები სიცრუეში გვაცხოვრა და „ამ” და „იმ” საქართველოს შორის „რკინის ფარდად” ჩამოგვეფარა. გოგონა კი, რომლის ბაბუაც „არარსებული“ ქვეყნის „მეფე“ იყო, ჩვენთან ჩამოვიდა და მეგობრობისა და დახმარების ხელი გამოგვიწოდა.

 

– ნიკოლ, რა მოხდა მაშინ, როდესაც გააცნობიერეთ, რომ ბაბუა მეფე არა, მაგრამ მთავრობის თავმჯდომარე ნამდვილად იყო?

– ამან მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. სკოლაში ყოფნისას ძალიან ცოტა რამ ვიცოდი საქართველოს შესახებ, ინტერესი კი დიდი მქონდა. უნივერსიტეტში ფრანგულის განხრით ჩავაბარე და ეს გადაწყვეტილება ისევ ჩემი ოჯახის გამო მივიღე. ბაბუაჩემის საფლავი საფრანგეთშია. მთელმა ჩემმა სანათესაომ ამ ქვეყანას დაუკავშირა საკუთარი ბედი საქართველოს შემდეგ და ამდენად, თავს მოვალედ ვთვლიდი, ამ ქვეყნის წინაშე; თან, ფრანგული ლიტერატურაც ძალიან მიყვარს, მაგრამ, ამ ყველაფერს უნივერსიტეტში მხოლოდ პირველი კურსი მივუძღვენი, მეორე კურსიდან კი საბჭოთა იმპერიის ისტორიის შესწავლა დავიწყე. ის საგნები ავირჩიე, რომლებიც კავკასიის ისტორიას ეხებოდა. ვსწავლობდი რუსეთის ისტორიას, რადგან მხოლოდ იქ თუ ვიპოვიდი საქართველოზე ინფორმაციას. მოკლედ, შემოვლითი გზებით დავიწყე საქართველოსთან მიახლოება. დეტალურად შევუდექი კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნების შესწავლას და ამ ყველაფერმა საქართველომდე მომიყვანა. დაახლოებით სამი წელი ვსწავლობდი რუსულს, რადგან ეს ენა წიგნებზე მუშაობისას მჭირდებოდა. თუმცა, რუსული სალაპარაკო ენად არც მაშინ და არც ახლა არ გამომიყენებია. ჩემი შრომის შედეგი კი ის იყო, რომ საერთაშორისო განვითარების დარგში პროფესიული კარიერა შემექმნა. ვმუშაობდი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოში, ორგანიზაციაში „დაიცავი ბავშვი;” ასევე, დევნილების საკითხებზე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

– როდის ჩამოხვედით პირველად საქართველოში?

– პირველად აქ ჩამოვედი 1989 წელს, როგორც კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრანტი, ქართული ენისა და კულტურის ისტორიის შესწავლის მიზნით. ეს იყო 9 აპრილით გამოწვეული კრიტიკული პერიოდი და აქ მაშინ, 9 აპრილის გარდა, ჩემთვის ყველაფერი ზღაპრული იყო. ჩამოსვლამდე ვფიქრობდი, რომ დამხვდებოდა რაღაც რუსული ყაიდის ქვეყანა, მაგრამ, დამხვდა საოცრად თბილი, კარგი მხარე, რომელიც, მიუხედავად დატრიალებული უბედურებისა, მედგრად იდგა და თავის სახეს არ კარგავდა. ბევრი მქონდა საქართველოზე წაკითხული, ბევრ ქართველს ვიცნობდი ნიუ-იორკში, საფრანგეთში ჩემს ქართველ ნათესაობასთან სულ მქონდა კავშირი და, აქედან გამომდინარე, მეგონა, საქართველოს ვიცნობდი, მაგრამ, აღმოვაჩინე, რომ არ მცნობია. ეს 22 წლის წინ მოხდა და ამ ჩამოსვლის შედეგი სახეზეა – დღეს ვარ აქ, მყავს ქართველი მეუღლე და შვილი.

– არ გაგიჭირდათ ქართველის ცოლობა?

– ჩემი მეუღლე, ალექსანდრე კვიტაშვილი (თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის რექტორი, – ავტორი) იშვიათი ადამიანი და კარგი ქართველია. ძალიან კარგად იცის ამერიკული კულტურაც, უყვარს ნიუ-იორკი – ნიუ-იორკის უნივერსიტეტში აქვს დამთავრებული ასპირანტურა. ისე კი, რა თქმა უნდა, ქართული თვისებები აქვს და ეს ასეც უნდა იყოს.

– რას გვეტყოდით ორგანიზაცია „ნოე გრუპზე”, რომელსაც ხელმძღვანელობთ? რაზე მიგვანიშნებს მისი ემბლემა – დამოუკიდებელი საქართველოს გერბი ამერიკის შეერთებული შტატების დროშის ფონზე?

– „ნოე გრუპი” ბაბუაჩემის – ნოე ჟორდანიას პატივსაცემად დავარქვი. ორი წელია, დავაფუძნე და ინვესტორები ჩამომყავს საქართველოში. მე მათ საწყის ეტაპზე ვეხმარები: ვახვედრებ ქართულ მხარესთან, დამყავს საქართველოს კუთხეებში – იქ, სადაც არის ინვესტიციების ჩადების საშუალება; ვეხმარები ბანკებთან ურთიერთობაში, ადვოკატების აყვანაში. კმაყოფილები არიან, ბევრმა დაიწყო აქ ბიზნესი. ბოლო ორი წელია, ბევრი ადამიანი ჩამოვიდა, ძირითადად კი ის ხალხი ჩამოდის, რომლებთანაც პირადი ნაცნობობა მაკავშირებს.

– ახლა მამაზე მომიყევით. ვიცი, რომ დიდი მეგობრებიც ხართ და ძალიან დიდი წვლილი მიგიძღვით იმაში, რომ რეჯები, როგორც ქართველი, როგორც მწერალი და როგორც პიროვნება საქართველოს დაბრუნებოდა. იგი, თავის წიგნში „გავიზარდე ლევილში” წერს, 40 წლამდე საფრანგეთში ვიყავი, მერე კი ჩამოვიდა ძალიან ლამაზი ნიუიორკელი ქალი და სამუდამოდ ამერიკაში წამიყვანაო.

– დიახ, დედაჩემიც და მისი მშობლებიც ნიუიორკელები იყვნენ, მამა კი საფრანგეთიდან ჩამოვიდა. ბავშვობაში ის ჩემთვის ყველაფერი იყო. მე და ჩემი და, თერი, გულის ფანცქალით ველოდით შაბათ-კვირას, რადგან მამას დავყავდით მუზეუმებში, ლაშქრობებზე, ყველგან, სადაც ბავშვი ფიზიკურად თუ ინტელექტუალურად ვითარდება. მისით ვიყავი და ვარ აღფრთოვანებული. ძალიან ვაფასებ. რაც თავი მახსოვს, მამა ყოველთვის აქტიური პიროვნება იყო. თბილისში ხშირად ჩამოდის. ამ ზაფხულსაც ჩამოვიდა, წიგნის პრეზენტაცია ჰქონდა – „პროსპეროს ბუკში.”

– რას გვეტყვით თქვენს დაზე?

– მას თერი ჰქვია და ვაშინგტონში ცხოვრობს. საქართველოში სამჯერ იყო ჩამოსული. მოსწონს ქართული და იცის ბევრი სიტყვა. სახლში ხშირად ჰყავს ქართველი სტუმრები – სტუდენტები, ასპირანტები. ძალიან უყვარს ჩემი შვილი. წელიწადში ერთხელ აუცილებლად ვხვდებით ერთმანეთს, მანამდე კი ინტერნეტით ვურთიერთობთ.

– ისიც ქართული ოჯახის შექმნას ხომ არ აპირებს?

– არ ვიცი, ეს მას უნდა ჰკითხოთ.

– თქვენ ნიუიორკელი ბრძანდებით. რას ნიშნავს, იყო ნიუიორკელი?

– დავიბადე, ნიუ-იორკში და მის გარეუბანში გავიზარდე. ძირითადად, განათლებაც იქ მივიღე. თუმცა, ვსწავლობდი რუტჯერსის უნივერსიტეტშიც (ნიუ-ჯერსის შტატში), ქოვენტრშიც (ინგლისი) ასპირანტურაში, ვაშინგტონშიც და სხვაგანაც ბევრგან ვიყავი, მაგრამ, ყოველთვის მაინც ნიუ-იორკში ვბრუნდები. მე და ჩემი ქმარიც ერთი წელი ვცხოვრობდით იმ ქალაქში, შვილიც იქ შეგვეძინა. ნიუიორკელობა ნიშნავს საერთაშორისოობას, აქტიურობას, სიცოცხლეს, ჟღერადობას, სხვადასხვა ხალხთა და კულტურათა ყოფნას შენ გვერდით, იმის განცდას, რომ ყველაფერს შეძლებ... გაძლევს ფართო განათლების მიღების შესაძლებლობას, მოკლედ, იქ მსოფლიო იგრძნობა. თუ ხარ ნიუიორკელი, სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა არ გჭირდება – ყველაფერი ადგილზე გაქვს. აი, ამიტომ მიყვარს ის. ჩემთვის ნიუ-იორკი ბევრი ხალხიცაა, ხმაურიც და ამ ყველაფერს ისე ვარ შეჩვეული, რომ თბილისშიც, შუა ქალაქში ვარჩიე ცხოვრება და ვაკეში ვცხოვრობ.

– ახლახან, საქართველოზე გაბრაზებულმა ერთმა ინგლისურის მასწავლებელმა (გვარად ფლეთშერმა) „იუთუბიზე“ კლიპი დადო, სადაც ქართველი ქალების ჩაცმულობას დასცინის, ხოლო ავსტრიელმა ქალბატონმა ერთ ქართულ გამოცემას განუცხადა, ქართველ ქალებს ევროპაში ჩამოსული რუსი „პროსტიტუტკებივით” აცვიათო. რით გვანუგეშებთ, მართლა ასე გვაქვს საქმე?

– მე პირადად, ქუჩაში რომ გავდივარ, წარმოუდგენლად გემოვნებითა და ლამაზად ჩაცმული ქალები მხვდებიან. განურჩევლად ასაკისა, ვხედავ ლამაზ ქალებს. ჩემი მეგობარი ამერიკელი ქალები, რომლებიც აქ მუშაობენ, ხშირად აღნიშნავენ იმას, რომ მათ ისე კარგად არ აცვიათ, როგორც ქართველ ქალებს. შეიძლება, დიდად ვერ ვერკვევი მოდაში, მაგრამ, ქუჩაში გასული მაშინვე ვხვდები, რომ ახლა 70-იანი წლების სტილია შემოსული. ეს ის ქვეყანაა, რომელიც მოდას უმალვე ირგებს ტანზე. კარგად ვიცი,  როგორ აცვიათ ნიუ-იორკში, როგორ აცვიათ ევროპაში. მაისში  პარიზში ვიყავი და, შემიძლია, გითხრათ, რომ თბილისი და, საერთოდ, საქართველო იმ ქალაქების რიგში დგას, რომლებიც ახლა ჩამოვთვალე.

– თქვენს შვილს, ნიკოლოზ კვიტაშვილს, ძალიან დაკავებული მშობლები ჰყავს. როდის ახერხებს ბავშვი თქვენს ნახვას?

– ყოველდღე. როცა სანდრო მინისტრი იყო, უფრო ნაკლები დრო ჰქონდა და მაშინ იყო ეგ პრობლემა, ახლა დროზე ახერხებს სახლში მოსვლას. მე კი ნიკოლოზს დილით, შუადღეს და საღამოს ვხედავ.

– როგორი ბიჭია ნიკოლოზი?

– კეთილი, ჭკვიანი, ლამაზი... მოკლედ, ძალიან კარგი ბიჭი გვყავს. 6 წლის არის და ქართულს მასწავლის. სამზარეულოში გვაქვს დაფა, რომელზეც ჩამომიწერს ასოებს და მეკითხება: „ეს რომელი ასოა“? 

– „ტ“, – ვეუბნები მე. „ტ“ კი არა „თ“, – მასწავლის ის. როცა არასწორად ვამბობ სიტყვას „ქაცი,” ის უმალვე მისწორებს: „კაცი“! აი, ასეთი კაცია ჩვენი ნიკოლოზი. ძალიან მონდომებულია, რომ გამართული ქართულით ვიმეტყველო.

– მეუღლის მშობლებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

– ძალიან კარგი. მიყვარს ჩემი დედამთილ-მამამთილი, ძალიან კარგი ადამიანები არიან. ჩემი ტკივილი და სიხარული გულთან ახლოს მიაქვთ. ცალკე კი ვცხოვრობთ, მაგრამ, ვართ ერთი ოჯახი, სულ მისვლა-მოსვლასა და ერთმანეთის მოკითხვაში.

– ეტყობა, კარგი მზარეული ხართ, თორემ, მარტო ჟორდანიობით ვერ დაიმსახურებდით კარგ რძლობას...

– ლობიოს გაკეთება ვიცი.

– მაშინ, მჭადიც გეცოდინებათ.

– დიახ, საქართველოში პურზე რიგები რომ იყო, მაშინ ვისწავლე მჭადის გამოცხობა, მაგრამ, დრო არ მაქვს და, ამიტომ, ვყიდულობ. საცივი იმიტომ არ ვისწავლე, რომ ძნელია. სიყვარულით, მეგრული გებჟალია მიყვარს, ასევე, ყველანაირი ფხალი, ხაჭაპური.

– ნიუ-იორკში როცა ხართ, რას ყიდულობთ?

– ოოო, იქ ძალიან ბევრი რამ მიყვარს, რომელი ერთი ჩამოვთვალო: მიყვარს ნიუ-იორკის პიცა, ბეიგლები (გამომცხვარი ხვეულა), ყველის კრემი, ნიუიორკული ყველის ნამცხვრები...

– და ეს ყველაფერი თბილისში არ არის?

– მენიუებში კი არის, მაგრამ, ისეთი არაა, როგორც ნიუ-იორკშია.

– ჟორდანიებს თუ ჰყავთ თბილისში ნათესავები და თუ გაქვთ მათთან ურთიერთობა?

– კი, ბევრთან მაქვს ურთიერთობა, მაგრამ, ერთადერთი ადამიანი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს და მას შემდეგაც ჩვენთან ამყარებდა კავშირს, იყო ცირა გუგუშვილი, რომელიც ერთი კვირის წინ გარდაიცვალა და გული საოცრად დაგვწყვიტა არა მარტო ჩვენ, ჟორდანიებს, არამედ, სანდროც (მეუღლე) და მისი მშობლებიც ძალიან განიცდიან ამ ამბავს. ცირას დედა, თინა ჟორდანია და მამიდაჩემი – ასმათი (ატია), ერთად იზრდებოდნენ ლანჩხუთში. შემდეგ თბილისშიც ერთად იყვნენ მანამ, სანამ ბაბუაჩემი ნოე ჟორდანია საქართველოს დატოვებდა. ისინი ბიძაშვილებიც იყვნენ და მეგობრებიც. საბჭოთა დროს კი, როდესაც ძალიან საშიში იყო უცხოეთთან კავშირის დამყარება, თინა ჟორდანია, შემდეგ კი მისი ქალიშვილები – ცირა და მარინა გუგუშვილები, მაინც ახერხებდნენ ჩვენთან ურთიერთობას. როცა 1989 წელს თბილისში პირველად ჩამოვედი, გამაცნეს დები გუგუშვილები და იმ დღიდან ისინი გახდნენ ჩემი უახლოესი ნათესავებიც, მეგობრებიც. ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ ცირა აღარ არის. მე ის საქართველოსთან მყავდა გაიგივებული...

– ძნელია, როცა კარგავ მეგობარს... აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ხომ არ ყოფილხართ?

– ომამდე 3-ჯერ ვიყავი აფხაზეთში. ომის შემდეგ კი ვიყავი ცხინვალში. მაშინ ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციაში „დაიცავი ბავშვი” და იქ მოსახლეობის დასახმარებლად ჩავედით. მიყვარს მხოლოდ ერთიანი საქართველო, არ მიყვარს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, რადგან იქ ქართველები აღარ არიან.

– რას აკეთებთ თავისუფალ დროს?

– ქუჩის ბავშვებით ვარ დაკავებული.

– ეს როგორ გავიგოთ?

– ვარ ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოს” საბჭოს წევრი. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც გულისხმობს ქუჩის ბავშვების მრავალმხრივ დახმარებასა და მათ ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას. როგორც საბჭოს წევრი, ბევრ რამეში ვეხმარები მათ, კერძოდ კი, პროექტების განხორციელებაში, პროექტებისთვის ფინანსების მოპოვებაში.

– და, ბევრი ასეთი ბავშვია საქართველოში?

– ბევრია. ზოგს კი ჰყავს მშობელი, მაგრამ, უუნაროა და ვერ უვლის. ასეთი ბავშვები ყველგან არიან და, შესაბამისად, ცენტრებიც სხვადასხვა ქალაქშია გახსნილი: ჭიათურის ცენტრს „ჯეჯილი” ჰქვია, რუსთავისას – „საპოვნელა”, თბილისში გვაქვს „ბეღურები,” „ცისარტყელა,” ლანჩხუთშიც არის ერთი ცენტრი. მათი ცხოვრების შეცვლაზე ზრუნავენ ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა: „დაიცავი ბავშვი” და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო. როცა დრო მაქვს, ყოველთვის მივდივარ ცენტრში „ბავშვი და გარემო” და ვეხმარები. ახლაც იმათგან მოვდივარ.

და, ბოლოს...

ნიკოლ ჟორდანიამ იპოვა ის ზღაპრული ქვეყანა, რომლითაც ნიუიორკელ გოგო-ბიჭებთან თავს იწონებდა. შემდეგ ამ ქვეყნის სასიკეთოდ დასაქმდა. სიყვარულიც აქ იპოვა, დაოჯახდა და ლამაზი და ჭკვიანი ქართველი ბიჭის დედა გახდა. ამჟამად ჩამოჰყავს ინვესტორები და ამით აძლიერებს თავის ქვეყანას. უყვარს მხოლოდ ერთიანი საქართველო. თავისუფალ დროს კი, ცივ რეალობას შეჯახებულ გოგო-ბიჭებს ზღაპრული სამყაროს შექმნაში ეხმარება.

ავტორი: ნანა ჯანაშია

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge