ბათუმი ძმები ნობელების ერთ-ერთ ნავსადგურს წარმოადგენდა

ბათუმი ძმები ნობელების ერთ-ერთ ნავსადგურს წარმოადგენდა

31.07.2014

სკანდინავიელი მოგზაურები საქართველოში

ავტორი: კარინა ვამლინგი,  მალმოს უნივერიტეტის პროფესორი

უძველესი სკანდინავიური წყაროები - რუნული დამწერლობის  ქვები და ვიკინგების დროის თქმულებები მოგვითხრობენ აღმოსავლეთში და მათ შორის საქართველოში  მოგზაურობის შესახებ  (Larsson 1983).

მიუხედავად ამისა, მინდა გასული საუკუნის დასასრულით დავიწყო. შემოვიფარგლები იმით, რომ მოგითხროთ იმ სკანდინავიელ მოგზაურთა შესახებ, რომლებმაც დაგვიტოვეს საქართველოს აღწერა შვედურ, დანიურ და ნორვეგიულ ენებზე. ამ ენების ახლო ნათესაობა შესაბამისი ხალხების კულტურული ერთიანობის საფუძველს შეადგენს. შვედეთი და ნორვეგია იმ დროისთვის გაერთიანებული სახელმწიფო იყო.

კავკასიის აღწერილობა სკანდინავიაში ძირითადად გასული საუკუნის 80-90-იანი წლებიდან იწყება. მათ შორის, უძველესია, შვედი გეოგრაფ-აღმომჩენის სვენ ჰედინის წიგნი. შვედეთში ის ცნობილია, როგორც ტიბეტისა და ცენტრალური აზიის მკვლევარი. მრავალმა მოგზაურობამ იგი  საქართველომდე ორჯერ მიიყვანა. ბაქოში,  ძმები ნობელების ნავთობის საწარმოში,  მრავალი შვედი ინჟინერი მუშაობდა. 1886 წელს კი ჰედინს იწვევენ იქ ერთ-ერთი შვედი ინჟინრის ოჯახში მასწავლებლად. ამის შემდეგ, ჰედინი მოგზაურობას იწყებს სპარსეთში, მესოპოტამიასა და კავკასიაში. ეს თავისი მოგზაურობა მან აღწერა ერთი წლის შემდეგ გამოცემულ წიგნში. ბაქოში ყოფნის დროს, ჰედინმა, შეისწავლა აზერბაიჯანული და სპარსული ენები და ამიტომ შესძლო, როგორც თარჯიმანს, მონაწილეობა მიეღო შვედეთის მეფე ოსკარ მეორის  სპარსეთის შაჰის კარზე მიბრძანებისას. ამასთან დაკავშირებით, ჰედინი კვლავ კავკასიაში გაემგზავრა. ის კარგი მხატვარიც იყო და მისი მოგზაურობის აღწერილობას ბევრი  ჩანახატი ერთვის.

ამ დროისათვის, დანიაში დაიბეჭდა კავკასიაში ორი მოგზაურობის აღწერა. პირველი დაწერილია გეოგრაფ  ოლოფ ლანგეს მიერ 1891 წელს, სახელწოდებით  „კავკასია. მოგზაურის მოგონებები და აღწერილობა“ ლანგე საქართველოს ორჯერ ეწვია. პირველად, 1886 წელს, იგი გაემგზავრა კოპენჰაგენიდან ნავსადგურ ფოთამდე. პირველი და საკმაოდ სათავგადასავლო მოგზაურობის შემდეგ, ლანგე ისე დაინტერესდა, რომ ერთხელ კიდევ სცადა  გამგზავრებულიყო საქართველოში. რამდენიმე წლის შემდეგ, დანიის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით, მას, შესაძლებლობა მიეცა, დაბრუნებულიყო საქართველოში. ბათუმიდან ქუთაისის გავლით, ის თბილისისკენ გაემგზავრა, შემდეგ, ბაქოში ჩავიდა. სამშობლოში ის, კავკასიის მთებისა და მაშინდელი ვლადიკავკაზის გავლით დაბრუნდა.

ავტორისეული მოგონებების გარდა, წიგნი საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის მიმოხილვას, ბარათაშვილის, ორბელიანის, ჭავჭავაძისა და წერეთლის ლექსებსაც შეიცავს.

მეორე დანიელის მოგზაურობის აღწერა 1892 წელს გამოვიდა. ამ წიგნის ავტორი იყო ექიმი და მწერალი ჰანს კორსბერგი. ლანგეს მსგავსად, ისიც ბათუმიდან გაემგზავრა თბილისს და შემდეგ, საქართველოს სამხედრო გზით - ვლადიკავკაზამდე. მისი მოგზაურობის საბოლოო მიზანი იყო ყალმუხების ცხოვრების აღწერა.  კორსბერგი ძირითადად დაინტერესებული იყო იმ ხალხებით, რომლებსაც მოგზაურობის დროს შეხვდა. მისი წიგნი მდიდრულადაა ილუსტრირებული სხვადასხვა ეპიზოდებითა და იმ შეხვედრებით, რომელიც მას ქართველებთან, სომხებთან, სპარსელებთან და ბერძნებთან ჰქონდა.

შვედი მწერალი ქალის, მარია ელისაბედ ანჰოლმის მოგზაურობის მიზანი კი უშუალოდ საქართველო იყო. ის, ნახევარი წლი თბილისში ცხოვრობდა.  1895 წელს კი  გამოვიდა მისი წიგნი „გოგისა და მაგოგის ქვეყანა. აღწერილობანი და ნარკვევები ერთი მოგზაურობიდან კავკასიაში“. მწერლის ყურადრების ცენტრში მოექცა ხალხის ყოფა-ცხოვრება და ზნე-ჩვეულებები. მწერალი მდიდრულად მოგვითხრობს კავკასიის ხალხთა ისტორიულ და კულტურულ ტრადიციებზე.

მარია ანჰოლმა დაწერა მხატვრულ-ლიტერატურული ნაწარმოები - „ქრისტიანთა სიკვდილის ანგელოზი“, რომელიც აგებულია ძველი საქართველოს მოტივებზე.

დაახლოებით შვიდი წლის შემდეგ, მარია ანჰოლმი კვლავ ეწვია თბილისს. მას უნდოდა აღეწერა თბილისში შვედ ქალთა სამისიონერო გაერთიენების მოღვაწეობა. გასული საუკუნის დასაწყისიდან 1921 წლამდე, რამდენიმე შვედი მისიონერი ქალი მუშაობდა თბილისელ იეზიდებს შორის.

მეორე მხატვრულ-ლიტერატურული ნაწარმოები, დრამა „თამარ მეფე“ დაწერილია ცნობილი ნორვეგიელი მწერლის  კნუთ ჰამსუნის მიერ, რომელმაც, ასევე იმოგზაურა საქართველოში. მასვე ეკუთვნის წიგნი  „თავგადასავლების ქვეყანაში - კავკასიაში განცდილი და ნაფიქრალი“. ავტორზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს სამხედრო გზამ. წიგნში ჩაქსოვილია მისი ფიქრები და განცდები კავკასიაში მოგზაურობის დროს, მოგონებები ნორვეგიასა და ამერიკაზე და აზრები ლიტერატურის შესახებ.

შვედი ზოოლოგი ანტონ სტუსბერგი საქართველოს ფლორითა და ფაუნით იყო დაინტერესებული. მან იმოგზაურა ყირიმსა და კავკასიაში. იგი მუშაობდა გეტებორგის მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლად და იქვე ინახება მისი მოგზაურობის მასალების ნაწილი. სტუქსბერგმა დაწერა წიგნი თავის მოგზაურობათა მოგონებებზე დაყრდნობით (1897წ.),  აგრეთვე სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული სტატიები საკუთარი ექსპედიციის შესახებ (1899, 1910).  სტუქსბერგმა გადაიღო და შვედეთში  ჩაიტანა 400-ზე მეტი სურათი ყირიმისა და საქართველოს ხედებით.

სტუქსბერგი აგრეთვე მოგვითხრობს იმ დიდი დახმარების შესახებ, რომელიც მას გაუწია შვედეთის ვიცე-კონსულმა ბათუმში  - იორან ოლსონმა. ბათუმში შვედეთის ვიცე-კონსულის ყოფნა მოტივირებული იყო იმ გარემოებით, რომ ქალაქი წარმოადგენდა ძმები ნობელების ერთ-ერთ ნავსადგურს. ლუდვიგ ნობელის ინიციატივით, ფირმამ გაიყვანა ფოტოგენის ნავთობსადენი მიხაილოვიდან უძნელესი სურამის უღელტეხილის გავლით ყვირილამდე.

მე მინდა რამდენიმე სიტყვით მოვიხსენიო ნორვეგიელი დიპლომატი, გეოგრაფი,  მოგზაური და აღმომჩენი  - ფრიტიოფ ნანსენი. ერთა ლიგის დავალებით, როგორც ამ ორგანიზაციის კომისარი, იგი ერევანში, 1925 წელს, სომეხი დევნილებისათვის დახმარების გასაწევად ჩავიდა. ამის შემდეგ, ის თბილისს გაემგზავრა მოლაპარაკების საწარმოებლად. იქიდან კი, საქართველოს სამხედრო გზით - დაღესთნისაკენ აიღო გეზი.  ეს მოგზაურობა აღწერილია მის წიგნში „კავკასიის გავლით ვოლგამდე“, რომელიც 1929 წელს გამოიცა.

ამგვარად, მე-19 საუკუნის დასასრულსა და   მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოს და კავკასიას ეწვივნენ შემდეგი სკანდინავიელი მოგზაურები: დანიელები: -ოლოფ ლანგე და ჰანს კორსბერგი; შვედები - სვენ ჰედინი, მარია ანჰოლმი და ანტონ სტუქსბერგი; ნორვეგიელები - კნუტ ჰამსუნი და ფრიტიოფ ნანსენი. სამი მათგანი კი ხელმეორედ დაბრუნდა საქართველოში.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge