ნიკა რურუა: ფარმაცევტი ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მცოდნე არ ვარ, მაგრამ მგონია რომ თითქმის ყველა წამალზე ექიმის რეცეპტის მოთხოვნის დაწესება რამდენიმე გაუთვალისწინებელ შედეგს გამოიწვევს:
1. ექიმების ოფისები, სავადმყოფოები, კლინიკები გახდება უაზროდ გრძელი რიგებით გადავსებული, გადაჭედილი ადგილი, რაც ხელს შეუშლის ამ დაწესებულებების ეფექტიანად მუშაობას.
ან
2. ყველა დიდი სააფთიაქო ქსელი საკუთარ მაღაზიებში დასვამს ე.წ. "ოჯახის ექიმებს", ვინც ყველანაირი გულდასმითი გამოკვლევის გარეშე დაიწყებს სასოწარკვეთილ მოქალაქეებზე რეცეპტების იქვე გაცემას, რითაც მოქალაქეები იმავე აფთიაქში შეიძენენ სასურველ წამალს.
ან
3. ამ სქემის უკან კიდევ უფრო დაფარული ზრახვაა, რაც ითვალისწინებს ახალი სააფთიაქო მონოპოლიის შექმნას, ყველა ძველი ბიზნესების გაერთიანებით, რითაც მავანი მულტიმილიონიან და სამუდამო შემოსავალს დაეპატრონება.
ნებისმიერ შემთხვევაში ეს "რეფორმა" უეფექტო და აზრს მოკლებული მგონია.
გია ნოდია:
გასაგებია, რომ განვითარებულ ქვეყნებში წამლები რეცეპტებითაა და ჩვენც მათსავით უნდა ვიყოთ. ასე ვთქვათ, თუ ევროპაში გვინდა, ამითაც უნდა დავემსგავსოთ. ვერ ვიმსჯელებ, რატომაა უკეთესი, რომ რაღაც წამალს ვეღარ ვიყიდით ურეცეფტოდ - არაა ჩემი თემა, ვერ ვერკვევი. ბრმად დავიჯერებ, რომ რაკი ჩვენზე უფრო განვითარებულ ქვეყნებში ასეა, ალბათ ასე ჯობია. იმაზეც გავჩუმდები, ჩვენი რეცეფტით გასაცემი წამლების სია როგორ შეეფარდება ევროპულს: არ ვიცი და იმიტომ.
მაგრამ როგორც ყოველთვის, აქაც კონტექსტია მთავარი, ანუ, პრიორიტეტების თანმიმდევრობა. ჩვენს ჯანდაცვის სისტემაში ნამდვილად არის პროგრესი ბოლო ათი წლის განმავლობაში, მაგრამ საკმარისია ეს? მივედით განვითარების ეტაპამდე, როცა ჯანდაცვის სისტემა მზადაა ამ ნაბიჯის გადასადგმელად? მე მგონი, შეკითხვა სწორედ ასე უნდა დავსვათ. როგორც არაკომპეტენტური, პასუხისგან თავს ვიკავებ, მაგრამ ინტუიცია სკეპტიკურ დამოკიდებულებას მკარნახობს.