29 სექტემბერს, იტალიის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ენრიკო ლეტამ თსუ-ში საჯარო ლექცია წაიკითხა თემაზე „ევროინტეგრაციის მომავალი“. მან ისაუბრა ევროკავშირში ინტეგრაციასა და იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ევროგაერთიანება დგას. აგრეთვე, საქართველოს ევროსტრუქტურებთან დაახლოების პერსპექტივაზე. მან საკუთარი გამოცდილება გაუზიარა დამსწრე საზოგადოებას, ისაუბრა ევროპაში არსებულ ეკონომიკური კრისზისიდან თავის დაღწევის გზებზე. ეს შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით დაიგეგმა. ამ ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, თსუ სტუდენტები და პროფესორები დაესწრნენ.
„ინტეგრირებული ურთიერთობები უნდა გვქონდეს ევროპის ქვეყნებთან, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ მიზნის მიღწევას. განვითარებისთვის ასევე მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროგრამის რეფორმა, უნდა გავაფართოვოთ შესაძლებლობები ევროპელების განათლებისთვის. ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც ჩვენ ერთად მოვაწერეთ ხელი ვილნიუსში, შესანიშნავი შესაძლებლობა არის საქართველოსთვის. ახლა ეს შეთანხმება უნდა განხორციელდეს, ვინაიდან, მისი იმპლემენტაცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოქალაქეებისთვის, ქართული ბიზნესსაზოგადოებისთვისაც. ამ ხელშეკრულების განხორციელება ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ევროპელებისთვისაც“, - აღნიშნა იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ენრიკო ლეტამ.
ენრიკო ლეტა, მემარცხენე-ცენტრისტული „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელია, რომელიც 2013-2014 წლებში მეთაურობდა იტალიის მთვრობას. ენრიკო ლეტა იტალიის პრემიერ-მინისტრი 2013 წლის აპრილიდან 2014 წლის თებერვლამდე იყო. მას ასევე ეკავა ევროკავშირის საქმეთა მინისტრის (1998-1999) და ინდუსტრიის მინისტრის (1999-2001) თანამდებობები. 2004-2006 წლებში იყო ევროპარლამენტის დეპუტატი, ხოლო 2006-2008 წლებში - იტალიის ვიცე პრემიერ-მინისტრი.
ენრიკო ლეტა ფლობს პიზის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს ევროპულ სამართალში.