რობერტ მესხი
ხომ შეიძლება ვიკითხო: "თბილისობა" რუსეთის დედაქალაქში რატომ აღინიშნა მანამ, სანამ მას თვით თბილისი აღნიშნავდა?! საერთოდ რატომ აღინიშნა "თბილისობა" რუსეთის დედაქალაქში? რამე არსებითად შეიცვალა ქართულ-რუსულ ურთიერთობებში? ოკუპირებული ტერიტორიები დაგვიბრუნეს? ჩვენზე თვალი არ უჭირავთ? ყველა არენაზე თავისუფლებას არ გვიზღუდავენ? იქნებ, მე არ ვიცი და შეიცვალა რამე!.. ღვინო და ვაშლი რომ გაგვაქვს მოსკოვში, ეს არის "ურთიერთობების დათბობა"?
ამ დღეებში ჩვენი ესტრადის (რამდენად შეიძლება ამას ესტრადა ეწოდოს, ეს სხვა თემაა) წარმომადგენლებმა მოსკოვის ღია სცენაზე იცეკვეს, იმ ქვეყნის სცენაზე, რომელსაც ჯერ კიდევ იგივე პუტინი მართავს და რომელმაც 2008-ში და უფრო ადრეც ქართული დასახლებული პუნქტები ცეცხლის ალში გაახვია...
საინტერესოა, ვინ მილალა ეს მოცეკვავე-მომღერლები კრემლის კარზე ან რამდენ ვერცხლად შეიძლება გაიყიდოს პოზიცია - არ იტინგიცო საკუთარი ქვეყნის დამაქცევრის წინაშე, რა მუსიკაც უნდა იყოს დაკვეთილი!..
დღეს არნახული რამ მოხდა გროზნოში - ქალაქის მთავარ გამზირზე რუსეთის უშველებელი "ტრიკოლორი" გამოფინეს, მწყობრად მოჰქონდათ კადიროვის და რუსეთის პრეზიდენტის გადიდებული ფოტოები... მაგრამ დემონსტრაციას ნაძალადევობა ეტყობოდა, ხალისი ვერ შევატყვე მონაწილეთა სახეებს... ლოგიკურია - იჩკერია ხომ რუსეთის ნაწილია, ათასგზის დარბეული ნაწილი, რომელიც თავს ზომაზე მეტად ვერ წამოსწევს!
ჩვენ რა გვჭირს? ჩვენ ხომ ვართ თავისუფალი ქვეყანა? დროა ვიგრძნოთ ეს და გავითავისოთ!.. არ არის საჭირო ქედის მოდრეკა და რევერანსები! არც დიპლომატია და პატივისცემის გამოხატულება ჰქვია იმას, როცა საკუთარი დედაქალაქის დღეობას თავდაპირველად უცხო ქვეყნის დედაქალაქში აღნიშნავენ!..
აჰა, დღეს არის ვლადიმირის დაბადების დღე - "მრავალჟამიერიც" ხომ არ დაგვეცხო წითელ მოედანზე რუსეთის დროშების თანხლებით?..