მეხუთე კოლონა - გაუნათლებლობის მიზეზით განმდგარნი და მტრის სამსახურში ჩამდგარნი

მეხუთე კოლონა - გაუნათლებლობის მიზეზით განმდგარნი და მტრის სამსახურში ჩამდგარნი

11.10.2014

გთავაზობთ ნიკა რურუას სიტყვას, რომელიც  მან კოლაბორაციონიზმის წინააღმდეგ მანიფესტაციაზე წარმოთქვა:

ბატონებო და ქალბატონებო,
ძალიან ბედნიერი ვარ რომ გხედავთ აქ ყველას ერთად ამ ბზობა დღეს, როდესაც ყოველ ადამიანს საკუთარი, პირადი საქმეები აქვს ხოლმე.
მაგრამ, არის ქვეყნის ცხოვრებაში დროება, როდესაც პირადულს გვერდზე ვდებთ და საერთო საქმით ვკავდებით.
დღეს ასეთი დღეა, როდესაც აქ საერთო საქმემ, საერთო პრობლემამ შეგვყარა.
აქ ყველანაირი ხალხი ვიმყოფებით, ყველანაირი პოლიტიკური სიმპატია-ანტიპატიების პატრონნი, მაგრამ პირველ რიგში დღეს ჩვენ ყველანი საქართველოს მოქალაქეები ვართ.
მოსაზრებებში განსხვავება პრინციპში განსხვავებას არ ნიშნავს. და ეს მთავარი პრინციპი არის ჩვენი ქვეყნის თავისუფლება.
იმ პრობლემის სახელი კი, რომელმაც აქ მოგვიყვანა, არის კოლაბორაციონიზმი, რაც მტერთან საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ თანამშრომლობას ნიშნავს.
უკრაინის მოვლენებმა მთელ მსოფლიოს ჩვენი ჩათვლით ნათლად დაანახა რუსეთის ნამდვილი სახე და მიზნები, თუმცა ჩვენ ეს უკვე დიდი ხანია ვიცით.
ჩვენი მოწინააღმდეგე ჩვენს ქვეყანას მხოლოდ ტანკებით, ბომბებით, ტყვიებით არ ებრძვის. ის ასევე გვებრძვის სიტყვით, აზრით, რომლის ჩანერგვასაც ის ჩვენს გულებში ცდილობს. ის გვებრძვის ეჭვის, შიშის, უიმედობის, ან ინდიფერენტულობის ჩვენს გულებში ჩანერგვით.
სწორედ ამაში მას ეხმარება კოლაბორაციონისტი, და კოლაბორაციონისტებისგან შემდგარი მეხუთე კოლონა. ესაა უღირსი ხალხი, ვინც ანგარების, ამპარტავნების, სიძულვილის, გაუნათლებლობის მიზეზით განუდგა ჩვენს ქვეყანას და მტრის სამსახურში ჩადგა.
მტერი კი, როგორც მოგახსენეთ, ჩვენს გულებში, შიშთან და უიმედობასთან ერთად, ინდიფერენტულობის, გულგრილობის ჩანერგვას ცდილობს.
დღეს ჩვენთვის ინდიფერენტულობა საქვეყნო საქმეთა მიმართ მხოლოდ ცოდვა კიარა, სასჯელიცაა, რადგანაც ჩვენი გულგრილობით მხოლოდ ჩვენი სამშობლოს თავისუფლების ჯალათი ხეირობს.
ამდენად, ვიმეორებ, რომ დღეს მთავარი ბრძოლა ჩვენ პირველ რიგში საკუთარ გულებსა და გონებაში უნდა მოვიგოთ. დავამარცხოთ იქ ეჭვი, შიში და გულგრილობა და თუ ამას ყოველი ქართველი შეძლებს, მაშინ ოთხნახევარი მილიონი ადამიანი მოურეველ ძალად იქცევა.
ბევრჯერ გაგვიგია, რომ მტერი ბევრად ძლიერია და რომ მასთან პირდაპირ ჭიდილში გამარჯვება ჩვენ არ შეგვიძლია. საბედნიეროდ ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლა ერთი შეტაკებით არ შემოიფარგლება - ის გრძელი პროცესია. და როცა ამბობენ, რომ ჩვენ მტერს ხელჩართულ ბრძოლაში ვერ მოვუგებთ, შეიძლება ეს ასეცაა. მაგრამ ამ შემთხვევაში, თუ ჩვენი პირდაპირ მასზე გამარჯვება არ შეგვიძლია, სამაგიეროდ შეგვიძლია უფრო ძლიერი რამ - უარი ვთქვათ დამარცხებაზე.
ეს კი სამომავლო გამარჯვების უდაო საფუძველი გახდება.
ამდენად, ჩვენ მტრის იარაღზე ძლიერი იარაღი გაგვაჩნია - ესაა ჩვენი უარი; უარი დანებებაზე, უარი უიმედობაზე, უარი შიშზე და გულგრილობაზე; და რაც მთავარია, უარი ჩვენს მთავარ და სამართლიან მიზანზე ხელის აღებაზე - რომ გვქონდეს თანამედროვე, დემოკრატიული ქართული სახელმწიფო.
გვახსოვდეს, რომ თავისუფლების წმიდათაწმინდა მიზნით გაერთიანებული 4 მილიონი ადამიანი მოურეველი, დაუმარცხებელი ძალაა. ალბათ, ბევრმა ჩვენგანმა არ იცოდა, რომ როდესაც ამერიკამ დიდი ბრიტანეთის იმპერიისან თავი გაინთავისუფლა, ამერიკელი პატრიოტები ჩვენზე მცირერიცხვოვან ერს შეადგენდნენ - მაშინდელი ამერიკა 3 მილიონ მოქალაქეს ითვლიდა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებს არც ერთი დიდი ბრძოლა ბრიტანელებისთვის არ მოუგიათ, მათ საკუთარ დამოუკიდებლობისთვის წარმოებულ ომში გამარჯვება იგემეს, რადგანაც ამერიკელმა პატრიოტებმა დამარცხებაზე უარი თქვეს.
ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც.
მეტადრე მაშინ, როდესაც თავისუფლება, რომელსაც დღეს ვიცავთ, მხოლოდ ჩვენ არ გვეკუთვნის. ის ჩვენი წინაპრების საკუთრებაცაა, რომლებმაც მისთვის ბევრი სისხლი და ოფლი ღვარეს; და ასევე ის ჩვენი შთამომავლობის, ჯერ არგაჩენილი მილიონობით ქართველის საკუთრებაცაა, ვისაც ეს თავისუფლება უნდა შევუნარჩუნოთ, რომ ისინი მონობის ჯოჯოხეთისთვის არ გავიმეტოთ.
და თუ მაინც შემოგვიტევს უიმედობა, შიში ან სისუსტე: გავიხსენოთ, რომ ღამე ყველაზე ბნელი, გრძელი და უსასრულო სწორედ განთიადის, გარიჟრაჟის წინაა ხოლმე.
საქართველოს გარიჟრაჟი სულ ახლოსაა!
დიდება მის თავისუფლებას!

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge