ნანა ჯანაშია
"მაშინ იწყო უჯეროსა გინებად ვარსქენ და ფერხითა თვისითა დასთრგუნვიდა მას; და აღიღო ასტამი და უხეთქნა მას თავსა და ჩაჰფლა და თუალი ერთი დაუბუშტა, და მჯიღითა სცემდა პირსა მისსა უწყალოდ და თმითა მიმოითრევდა; ვითარცა მხეცი მძვინვარე ყიოდა და იზახდა ვითარცა ცოფი. ...და ვითარცა მკუდარი იდვა წმიდაი შუშანიკ ქვეყანასა ზედა, და აგინებდა ვარსქენ თესლტომსა მისსა და სახლისა მაოხრებელად სახელ სდებდა მას. და უბრძანა შეკრვაი მისი და ბორკილთა შესხმაი ფერხითა მისთა." ამას რომ გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდი წაიკითხავს, დაიზეპირებს და 10 ქულას მოიტანს სახლში - უნდა ვწუხდეთ!.. თუ გვიხარია, მაშინ ნურც იმას გავიკვირვებთ, რომ გუშინ, უკვე მე-20 ქმარმა, მოკლლა მე-20 ცოლი (ბოლო 1 წლის სტატისტიკაა!) "შუშანიკის წამებაზე" (და არა მხოლოდ...) გაზრდილი თაობები ბუნებრივია, რომ მოძალადეები იქნებიან! მათ ნორჩ გონებას შხამივით ჩაეწვეთა ის ამბავი, რომ არათუ უბრალო ქალი, არამედ დედოფალიც კი სცემა ქმარმა - თან ცეცხლის საჩხრეკი რკინა ჩაარტყა თავში, თმებით ითრია, თვალები მუშტებით დაუსივა... ქართლის დედოფალს გაუბედეს და ვინ მიგდია ვიღაც მაყვალლა... მოკლედ, სანამ საგანმანათლებლო პოლიტიკა არ შეიცვლება საქრთველოში, ყოველთვის გვეყოლება მოძალადე ქმრები... რატომ უნდა იცოდეს ბავშვმა ჩვენი წინაპრების წამების ფაქტები?! რა, ამით Braveheart-იანებს ვზრდით?! ჰაგიოგრაფიას უნდა სწავლობდეს ჰუმანიტარი სტუდენტი, თანაც პირველზე არა, მე-2 ან მე-3 კურსზე. დანარჩენებმა კი, ეს ყველაფერი, ყურმოკვრის დონეზე უნდა იცოდნენ! ალბათ, შენიშნეთ, რომ გუშინდელი ფაქტით, ცნობილი კაცები უფრო აღშფოთდნენ ვიდრე ცნობილი ქალები!... ესეც ბავშვობაში მიღებული საგანმანათლებლო ტრამვის შედეგია. გოგონა, რომელიც ქალის დამცირების და გათელვის ზემოთხსენებულ ეპიზოდს წაიკითხავს - ჯერ შეცბუნდება, საკუთარ ღირსებაში და ძლიერებაში შეეპარება ეჭვი, შემდეგ თავდაცვით რეფლექსს გამოიმუშავებს და მსხვერპლში იმ მიზეზის ძებნას დაიწყებს, რის გამოც გაიმეტა ქმარმა! თამაშს იწყებს საკუთარ თავთან და სხვებთანაც, მხოლოდ იმიტომ, რომ მსგავსი რამ არ დაემართოს! ამ მომენტიდან ხდება მისი, როგორც პიროვნების ნაწილებად რღვევა. ეს ნაფერები გოგონა, მამიკოს პრინცესა, დედიკოს ვარდი, შესაძლოა მომავალში ქმარმა იმსხვერპლოს! მორჩა! დამთავრებული ამბვავია! მის გონებაში ჩაიბეჭდა აზრი - რადგან ასეთი რამ ოდესღაც მოხდა, შესაძლოა მასაც შეემთხვეს! და იწყებს თამაშს, რომელსაც თვითგადარჩენის თამაში ჰქვია! ქალთა დისკრიმინაციის თემას მსოფლიოს ბევრი მწერალი შეხებია, მაგრამ არ მახსენდება, რომ მსგავსი ლიტერატურა, სკოლაში ისწავლებოდეს!