"კაბელების საქმე"-მიზანმიმართულად მიმდინარეობს საქართველოს ვესტერნიზაციის მომხრე ადამიანის წინააღმდეგ კამპანია"

"კაბელების საქმე"-მიზანმიმართულად მიმდინარეობს საქართველოს ვესტერნიზაციის მომხრე ადამიანის წინააღმდეგ კამპანია"

30.10.2014

ჟურნალისტი, მედია ექსპერტი ირაკლი ტაბლიაშვილი, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტს ეხმაურება. ტაბლიაშვილი აღნიშნულ საქმეს "ყურით მოთრეულს" უწოდებს და ამბობს, რომ საქართველოს ევროპეიზაციის მომხრე ადამიანების მიმართ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს. როგორც ირაკლი ტაბლიაშვილმა "პირველ რადიოს" განუცხადა, საქართველოში ბოლო პერიოდში რუსეთმა გააძლიერა საკუთარი სპეცსამსახურები, რომლებიც მოსახლეობას არწმუნებენ, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი დამანგრეველია.

"რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, პროკურატურაში თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე რამდენიმე ერთეული საქმეა აღძრული, ეს კონკრეტული ე.წ. ქეისი კი ჩემი აზრით არის თავიდან ბოლომდე ყურით მოთრეული საკითხი და დავეთანხმები იმ კომენტატორებს, რომლებიც ამ საქმეს ადარებენ ე.წ. ტრაქტორების საქმეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში. არ მაქვს შესაბამისი უფლებამოსილება და ვერ ვიტყვი ვერც მორალური და ვერც სახელმწიფოებრივი კუთხით, რომ ავხსნა ამაზე მეტად ფრჩხილი, მაგრამ საქმე ეხება იმ კაბელებში, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას სხვადასხვა ცენტერებისთვის. თუ ვინმეს , მათ შორის პროკურატურაში ეს ყველაფერი კარგად არა აქვს გასიგრძეგანებული , ეს ჩემი პრობლემა, მინისტრ ალასანიას პრობლემა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანების პრობლემა ნამდვილად არ არის. ასე შეგვიძლია ვიდაოთ ნებისმიერ საკითხზე, ნებისმიერ სტრუქტურაში. არავისთვის დასამალი არ არის, რომ საქართველოში საკმაოდ გაძლიერებულია, ე.წ. ანტინატოური, ან ანტიდასავლური დინებაში მოხვედრილი ადამიანები, რომლებიც ტელევიზიის , მედიის მეშვეობით საზოგადოებას მოძღვრავენ და გვიჩიჩინებენ, რომ არ ღირს საქართველოს ევროპეიზაცია. რუსეთი თავისი სპეცსამსახურების მეშვეობით ზრდის იმ ჯგუფებს, რომლებიც არ მიესალმებიან საქართველოს ევროპეიზაციას, ეს ფაქტიც სწორედ ამ კონტექსტში განსახილველია. მიზანმიმართულად მიმდინარეობს, არა მხოლოდ ალასანიას, არამედ საქართველოს ვესტერნიზაციის მომხრე ყველა ადამიანის წინააღმდეგ აგორებული კამპანიები. აქვე გაგახსენებთ ბატონი ბერძენიშვილის ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ ორის სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის, "თავისუფალი დემოკრატებისა" და "რესპუბლიკელების" წინააღმდეგ, ხშირად სწორედ სახელისუფლებო დინებიდან მიდის ე.წ. შავი პიარი,"-განაცხადა ტაბლიაშვილმა "პირველ რადიოსთან" საუბრისას.

By: pirveliradio

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge