ჯორჯ სოროი 15 ნოემბერს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" საიუბილეო ღონისძიებას დაესწრება. ფონდი 20 წლის იუბილეს დამაარსებელთან ერთად აღნიშნავს. საქველმოქმედო ფონდების დამაარსებელი და ხელმძღვანელი ჯორჯ სოროსი 1930 წელს, ბუდაპეშტში დაიბადა. იგი 14 წლის იყო, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის არმიამ უნგრეთის ოკუპაცია მოახდინა. სოროსის ოჯახი ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ებრაულ ოჯახთაგანი იყო, რომელთაც გადარჩენა შეძლეს.
1947 წელს სოროსი ემიგრაციაში წავიდა დიდ ბრიტანეთში, სადაც 5 წლის შემდეგ ლონდონის ეკონომიკის სკოლა (LSE) დაამთავრა. სტუდენტობის პერიოდში იგი კარლ პოპერის სამეცნიერო-ფილოსოფიურ ნაშრომებს გაეცნო. ამ ნამუშევრებმა უზარმაზარი გავლენა მოახდინა სოროსის მსოფლმხედველობაზე, აგრეთვე მის მომავალ პროფესიულ და საქველმოქმედო საქმიანობაზე.
1956 წელს სოროსი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა, სადაც ფინანსური ბაზრის ისტორიაში ყველაზე წარმატებული საერთაშორისო საინვესტიციო ფონდის - "Quantum Group" დაარსების შედეგად დიდი ქონება დააგროვა. ამჟამად იგი კერძო საინვესტიციო კომპანიის - "Soros Fund Management LLC" პრეზიდენტი და გამგეობის თავმჯდომარეა. ეს კომპანია საინვესტიციო ფონდების საერთაშორისო ქსელის - "Quantum Group of Funds" მთავარი კონსულტანტია.
ფინანურ სფეროში ფენომენალური წარმატების მიღწევის შემდეგ, სოროსი ღია საზოგადოების მშენებლობისაკენ მიმართული ინვესტიციების ჩადებას შეუდგა. მისივე თქმით, მან იმდენი ფული დააგროვა, რომ საკუთარ თავს ვერ დაახარჯავდა. სოროსმა დაიწყო საქველმოქმედო ფონდების დაარსება, რომელთა მიზანია ღია საზოგადოების ინსტიტუტების განმტკიცებისა და განვითარების ხელშეწყობა. ღია საზოგადოების პირველი ფონდი ("Open Society Fund") 1970 წელს ნიუ-იორკში დაარსდა. 1984 წელს ბუდაპეშტში პირველმა აღმოსავლეთ-ევროპულმა ფონდმა დაიწყო საქმიანობა.
"მე ძალიან მაინტერესებდა განსხვავება დახურულ და ღია საზოგადოებებს შორის, საიდანაც გავიქეცი და სადაც ვარჩიე ცხოვრება, - წერდა სოროსი. - ამ გაქცევამ საშუალება მომცა მეკეთებინა ის, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ხორცი შემესხა ჩემი ოცნებებისათვის სამყაროს უკეთესი მოწყობის შესახებ."
ეს ოცნებები სოროსს იაფი არ უჯდება. 1994 წელს მან თავისი საქველმოქმედო ფონდების სისტემაში 300 მილიონი დოლარი ჩადო, ხოლო 10 წლის შემდეგ, 2004 წელს, ეს ციფრი 474 მილიონ დოლარს შეადგენდა.
ჯორჯ სოროსი ცნობილია არა მარტო როგორც ფინანსისტი და ფილანტროპი, არამედ როგორც სოციალური მოაზროვნე, ავტორი რამოდენიმე წიგნისა, მათ შორის: "ცთომილების ეპოქა", "ამერიკული აღმატებულების საპნის ბუშტი" (2004),"ჯორჯ სოროსი გლობალიზაციის შესახებ" (2002), "ფინანსების ალქიმია" (1987), "საბჭოთა სისტემის გაღება" (1990), "სოროსი სოროსის შესახებ" (1995), "გლობალური კაპიტალიზმის კრიზისი" (1998), "ღია საზოგადოება: გლობალური კაპიტალიზმის რეფორმირება" (2000). მისი პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ თემებზე შექმნილი სტატიები და ესსეები რეგულარულად ქვეყნდება მსოფლიოს უმსხვილეს ჟურნალებსა და გაზეთებში.
თავისი საქმიანობის გამო, ჯორჯ სოროსი არაერთხელ გახდა სხვადასხვა საერთაშორისო ჯილდოსა და წოდების მფლობელი. მათ შორისაა: ნიუ-იორკის სოციალურ კვლევათა ახალი სკოლის, იელის უნივერსიტეტის, ბუდაპეშტის ეკონომიკის უნივერსიტეტის, ბოლონიის უნივერსიტეტის, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტის საპატიო დოქტორის დიპლომები, უშინსკის სახელობის მედალი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ინსტიტუტისა (ავსტრია) და კერბერის ფონდის (გერმანია) მიერ დაწესებული ჰანა არენდტის სახელობის პრემია, პუშკინის სახელობის საიუბილეო ოქროს მედალი.
"ღია საზოგადოების" ცნება სამეცნიერო სფეროში პირველად ფრანგმა ფილოსოფოსმა ანრი ბერგსონმა შემოიღო 1932 წელს. შემდგომში ეს ტერმინი ავსტრიელი ფილოსოფოსის კარლ პოპერის შრომებში განვითარდა, უპირველეს ყოვლისა მის ცნობილ ნაშრომში "ღია საზოგადოება და მისი მტრები", რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაიწერა. სოროსი, რომელმაც უნგრეთში საკუთარ თავზე გამოსცადა ნაცისტური და კომუნისტური რეჟიმის სიმძიმე, კარლ პოპერის იდეების ერთგულ მიმდევრად იქცა, მას შემდეგ, რაც ჯერ კიდევ 40-იან წლებში, სტუდენტობისას მისი წიგნი წაიკითხა.
"ღია საზოგადოება - ეს არის თავისუფლების მაქსიმალური ხარისხი, რომელიც სოციალურ სამართლიანობასთან არის შეთავსებული. ღია საზოგადოებისათვის დამახასიათებელია კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებათა დაცვა, უმცირესობათა და მათი აზრის პატივისცემა, ხელისუფლების გადანაწილება და საბაზრო ეკონომიკა. ეს საზოგადოება ღიაა განვითარებისათვის." - ჯორჯ სოროსი
By: osgf.ge
palimfsesti.ge: ფოტოზე: სოროსი მესამე მეუღლესთან -იაპონური წარმოშობის ამერიკელ ტამიკო ბოლტონთან ერთად. მასზე მილიარდელმა 2013 წელს იქოეწინა. ტამიკოს წინამორბედები იყვნენ ანალიზა უტიჩკა და სიუზან უებერი. მათგან ბატონ ჯორჯს 5 ვაჟი ჰყავს: რობერტი, ანდრეა, ჯონათანი, ალექსანდრე და გრეგორი.