ველით მკაფიო დადასტურებას...

ველით მკაფიო დადასტურებას...

18.11.2014

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში,ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატო-ს სურს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან ევროატლანტიკური კურსისკენ სვლის, კიდევ ერთი, დადასტურება მოისმინოს.

„ჩვენ ველით მკაფიო დადასტურებას, რომ საქართველოს მისწრაფება არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. პირად საუბრებშიც დაგვარწმუნეს, რომ საგარეო კურსი არ შეცვლილა და არ შეიცვლება. ეს არის პირველი, რისი გაგებაც სურს ნატოს გენერალურ მდივანს და მე იმედი მაქვს, რომ პრემიერის მხრიდან და ახალი მინისტრების მხრიდან ამის დადასტურებას მოვისმენთ. ვფიქრობ, არ იქნება ქართული საზოგადოებისთვის გასაკვირი, რომ იმ მინისტრების ცვლილებამ, რომელთა საქმიანობაც პირდაპირ კავშირში იყო ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან, გააჩინა გარკვეული კითხვები წევრ სახელმწიფოებში. არ ვფიქრობ, რომ ეს კითხვები სერიოზულია, ვინაიდან ჩვენ კარგად ვიცით, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება ქართული საზოგადოების არჩევანია.

ნატოში საქართველოს ელჩმა მე მაშინვე მითხრა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ქართულ საზოგადოებას ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია სურს. მე ვნახე თბილისის ქუჩებში გამოსული ხალხი, ნატო-ს დიდი დროშებით, რომლებიც ძირითადად იმის გამო შეიკრიბნენ, რომ სურთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა და ასევე, მათი სურვილია, ქვეყანამ იაროს ნატოსკენ და ევროკავშირისკენ“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

By: news.ge



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge