უკრაინის დონბასში მებრძოლი ვინმე „გივი” რუსეთის ფანია და მიაჩნია, რომ დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ არსებობა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში უნდა გააგრძელოს. ის ქართველი არ არის, უკრაინაში დაბადებული და გაზრდილია, ჰქვია მიშა, საძახისი („კლიჩკა“) „გივი“ კი თბილისელი დიდი ბაბუის საპატივცემლოდ დაირქვა.
მოხალისეებისგან შემდგარ ბატალიონ "დონბასში" ქართველი მებრძოლი, ზედმეტსახელად "დობერმანი" იბრძვის. მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეა, ყოფილი პოლიციელი, უკრაინაში კი როგორც მეორე სამშობლოში იმყოფება, რადგან უკრაინელი მეუღლე ჰყავს.
"დონბასის" ფეისბუქის გვერდზე განთავსებულ ვიდეოდან ქართველი მებრძოლი უკრაინელებს მიმართავს, არ შეუშინდნენ ჩეჩნებს, რომლებიც უკრაინელი სეპარატისტების მხარდამხარ იბრძვიან. "ნუ გეშინიათ ამ ტურების, ისინი არაფერს წარმოადგენენ, უბრალოდ წვერები აქვთ. ჰოდა გავპარსავთ"
ამ ვიდეოს უამრავი უკრაინელი აკომენტარებს. "დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!"; "ჩვენ, უკრაინელები, არასოდეს დავივიწყებთ, რაც თქვენ, ქართველმა ძმებმა გააკეთეთ ჩვენი ქვეყნისთვის"; "გვაპატიეთ ქართველო ძმებო, რომ ჩვენ ვდუმდით, როცა "დიდი ძმა" თქვენს ჯარისკაცებს ხოცავდა. დიდება გმირებს!" - წერენ უკრაინელები.
P.S. გივის, დობერმანის და სხვათა დაპირისპირება და საერთოდ ეს ომი იმან გამოიწვია, რომ დონბასში 5578 მლრდ. კუბური მეტრის ფიქლის გაზის მარაგია, რაც მთელი აშშ-ს მარაგის ნახევარზე მეტია. დონეცკის და ხარკოვის ოლქების საზღვარზე არსებობს იუზოვსკის საბადო, რომლის ხელში ჩაგდება რუსეთს დიდი ხანია რაც უნდა. საბადოზე მუშაობის უფლებას 2012 წლიდან ბრიტანულ-ნიდერლანდულ კომპანია Shell ფლობს. ასევე, ეს უფლება უკრაინულ Бурисма-საც გააჩნია. ერთი სიტყვით, ვერ „გაძღა“ რუსეთი სხვისი სიმდიდრეების ხელში ჩაგდების სურვილით და მის „ღორობას“ ათასობით ადამიანი ეწირება.