ლამისყანის 48-კილომეტრიანი საიდუმლო გვირაბი

ლამისყანის 48-კილომეტრიანი საიდუმლო გვირაბი

16.12.2014

საქართველოში საბჭოთა კავშირის დროს ბევრი საიდუმლო მიწისქვეშა ობიექტი აშენდა. ხალხში გავრცელებული მითების თანახმად, სოფელ ლამისყანის მახლობლად 48-კილომეტრიანი მიწისქვეშა საიდუმლო გვირაბი იწყებოდა, რომელიც რამდენიმე საიდუმლო სამხედრო ობიექტს ერთმანეთთან აკავშირებდა. შეიძლება გსმენიათ კიდეც, რომ იქ თითქოს მთა იხსნებოდა და გამანადგურებელი აიჭრებოდა ხოლმე ცაში. ლეგენდა ბევრია, სიმართლის ძიება კი - ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიმართლეს უახლოვდები და ხვდები, რომ შესაძლებელია, საიდუმლოს ფარდა ახადო. 
ჩვენ მოვიძიეთ ერთ-ერთი ყოფილი სამხედრო პირი, რომელიც ლამისყანის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ნაწილში მისი ექსპლუატაციაში გაშვებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. მან საიდუმლო ნაწილის შესახებ გვიამბო

საიდუმლო სამხედრო ობიექტები, მიწისქვეშა კომუნიკაციების საიდუმლო ხაზები,  ბუნკერები, მიწისქვეშა რადიოსადგურები - ოფიციალურად არ არსებობს, რადგან ისინი სახელმწიფო  საიდუმლოს წარმოადგენენ და შესაბამისად, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნული ობიექტების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისთვის ყოველთვის  დახურული იყო და იქნება. საიდუმლო სამხედრო ობიექტების შესახებ ლეგენდები და მითები ყოველთვის არსებობდა. თუ ლეგენდებს დავუჯერებთ, საქართველოში, ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს,  ბევრი საიდუმლო მიწისქვეშა ობიექტი აშენდა. რამდენიმე მათგანზე ამ წერილში მოგითხრობთ.

სამხედრო ნაწილი 28661, სახელწოდებით "ზვეზდა", ერთ-ერთი ასეთი გასაიდუმლოებული ნაწილი იყო, რომელიც სამი ობიექტისაგან შედგებოდა და განთავსებული იყო მცხეთაში, კასპის რაიონის სოფლებში - ლამისყანასა და საქადაგიანოში. აღნიშნული ნაწილის პირველი ობიექტი მცხეთაში, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აშენდა, რომლის მიწისქვეშა ობიექტის მშენებლობაზე სხვებთან ერთად გერმანელი ტყვეებიც მუშაობდნენ. ლამისყანასა და საქადაგიანოში სამხედრო ნაწილების მშენებლობა კი  XX საუკუნის 60-იან წლებში, თითქმის ერთდროულად  დაიწყო და 70-იან წლებში ექსპლუატაციაში გაეშვა. 

აღსანიშნავია, რომ მცხეთაში არსებულ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე აშენდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის, მარშალ ფეოდორ ტოლბუხინის (1947-1949 წწ.)  აგარაკი, რომელიც შემდგომშიც ცნობილი იყო როგორც ტოლბუხინის აგარაკი. მის ეზოში ფარშავანგებიც კი დასეირნობდნენ.
რადიოსადგურებიდან საჭიროებისამებრ რუსეთს, ბაქოსა და სხვადასხვა სამხედრო ნაწილს უკავშირდებოდნენ და საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდნენ. 
ლამისყანის სამხედრო ნაწილი 40 ჰექტარ ფართობზე იყო განთავსებული. მას ათმაგი ეკლიანი მავთულხლართი ჰქონდა შემოვლებული. შესასვლელთან  იდგა სამსართულიანი კორპუსი, რომელსაც ორი სადარბაზო ჰქონდა.

გათბობით, ცხელი წყლითა და ყველანაირი კომფორტით უზრუნველყოფილი 18 კეთილმოწყობილი ბინა აქ მომუშავე ოფიცრებისა და მეთაურებისთვის იყო განკუთვნილი.

შესასვლელში იყო КПП (გამშვები პუნქტი). აქ შეჰყავდათ მნახველები, რომლებიც ჯარისკაცების სანახავად მხოლოდ დათქმულ დღეებში მიდიოდნენ.

ობიექტზე განთავსებული იყო ყაზარმა, სასადილო, საწყობი (თეთრეულისა და პროდუქტის), საგუშაგო (რომელიც ტერიტორიას დღისა და ღამის განმავლობაში იცავდა), აბანო, წყლის რეზერვუარი, საქვაბე, სულ ბოლოს კი მთავარი ობიექტი - მიწისქვეშა რადიოსადგური იყო.

იქ ჩასვლის ნება მხოლოდ მათ ჰქონდათ, ვის საშვზეც ასო  Ж ეწერა.

გადავწყვიტე, საკუთარი თვალით მენახა, როგორი იყო იქაურობა და გადამღებ ჯგუფთან ერთად წავედი.

პირველად მცხეთის ობიექტს მივადექით. სამხედრო ნაწილში შესასვლელი ჭიშკრის მხოლოდ ჩარჩო და გამშვები 

პუნქტის ნახევრად დანგრეული შენობაა შემორჩენილი. მთის კალთაში ჩატანებული რკინის ჭიშკარი, რომელიც, სავარაუდოდ, მიწისქვეშა ნაგებობაში შესასვლელი უნდა ყოფილიყო, დალუქულია. ზემოთ (მთაზე), მიწაში ჩამარხული რკინის ძველი ცისტერნის ნაწილი და საჰაერო მილი ვიპოვეთ. იქვე ტოლბუხინის სახლი დგას, რომელიც დაკეტილი დაგვხვდა. 
მცხეთიდან ლამისყანისკენ გავემართეთ. ობიექტი სოფლიდან ცოტა მოშორებით, ხრიოკ ველზე ვიპოვეთ. სამხედრო ნაწილისაგან აღარც ღობე, აღარც შენობები და აღარც ანტენებია დარჩენილი. ყველაფერი დაშლილი და გაძარცულია. 
გორაკზე წრიული ბეტონის ნაგებობა დგას, რომელიც ადრე წყლის რეზერვუარი ყოფილა. აქვე იყო აბანოც. 
საიდუმლო მიწისქვეშა რადიოსადგურში მხოლოდ ბეტონის ორი ვერტიკალური შახტიდან თუ მოხვდებით, რომელსაც  რკინის საფეხურები აქვს კედელში ჩამაგრებული. ორივე ჩასასვლელი ერთი კორიდორით უკავშირდება ერთმანეთს, საიდანაც კიდევ ერთი, დიაგონალურად მკვეთრად დახრილი ბეტონის კიბე ჩადის, რომლის საფეხურები თითქმის მთლიანად გაფუჭებულია.

მინუს 2 სართულზე ძალიან ფრთხილად დავეშვით. ჰერმეტული კარი (რომელიც დაახლოებით 20 ტონას იწონიდა) და მრგვალი დასატრიალებელი სახელური მოხსნილი და დაკარგულია. ეს მიწისქვეშა ნაგებობა ორი სართულისაგან შედგებოდა. პირველზე დიდი გენერატორები იდგა, მუდმივი დენით უზრუნველყოფისთვის.  ამ სართულზე ჩასვლისთანავე, მაზუთის მძაფრი სუნი ვიგრძენით. გენერატორების ადგილას მაზუთის კვალი და ნაჭერი ვნახეთ, რითიც ამ დანადგარებს წმენდდნენ. მეორე სართულზე გადამცემი აპარატები იდგა. ტელეგრაფი, რადიო, ტელეფონები...  ოდესღაც აქ სადღეღამისო მორიგეობა იყო დაწესებული.

სხვადასხვა სამხედრო ნაწილიდან მიღებული დაშიფრული ინფორმაცია სიტყვა-გასაღების საშუალებით იშიფრებოდა, შემდეგ საპასუხო ინფორმაციას ასევე დაშიფრულად გადასცემდნენ. პაროლს ყოველთვე ცვლიდნენ.

საიდუმლო ინფორმაციის გადაცემისა და მიღების უფლება მხოლოდ ნაწილის ოფიცერს ჰქონდა. ლამისყანიდან მოსკოვთან დაკავშირება ცენტრალური სადგურის გავლით შეიძლებოდა. ჯერ "რადს" უნდა დაჰკავშირებოდი და გეთქვა პაროლი: "Рубин". საიდუმლო რადიოსადგურების ყოველ ობიექტს თავისი პაროლი ჰქონდა: ლამისყანას - "ლიმანი", საქადაგიანოს - "როშჩა", მცხეთას  - "რადი".

აქ ბევრი ოთახია. აპარატურა, კაბელები,  ყველაფერი დაჭრილი და გაძარცულია.  ერთ-ერთში დამწვარი წიგნებისა და ჩანაწერების რამდენიმე გადარჩენილი ფურცელი ვიპოვეთ, სადაც  ინსტრუქციები და სქემები იყო აღბეჭდილი. ერთი ოთახის კედელზე შპალერის ორნამენტები მკრთალად მოჩანდა. იქვე ბილიარდის დამტვრეული მაგიდა და ათასი ხარახურა ეყარა, სავარაუდოდ, ეს მეთაურის კაბინეტი უნდა ყოფილიყო.

მიწისქვეშა ნაგებობაში ამჟამად მხოლოდ ფუმფულა სინდიოფალა ბინადრობს, რომელიც ფარნის შუქსა და ხმაურზე დაფრთხა და ორმოში ჩაძვრა. 
ლამისყანის სამხედრო ნაწილს ადრე ტყე ჰქონდა შემორტყმული, რომელიც მთლიანად გაჩეხა მოსახლეობამ. იქ 40 მეტრი სიმაღლისა და 20 სმ დიამეტრის ანტენები იყო აღმართული. კავშირგაბმულობის კაბელები მიწაში 80 სმ სიღრმეზე იყო განთავსებული და გარედან ტყვიის საფარი ჰქონდა, რათა წყალს არ დაეზიანებინა. ნაწილში დაახლოებით 60-მდე სხვადასხვა ეროვნების სამხედრო მოსამსახურე მსახურობდა. 
საიდუმლო სამხედრო ნაწილებში სასტიკად იყო აკრძალული ფოტოების გადაღება, მიუხედავად აკრძალვისა, ზოგიერთი ოფიცერი მაინც ახერხებდა მალულად ფოტოგრაფირებას. 
1991 წელს "ზვეზდას" სამივე ობიექტი თითქმის ერთდროულად დაიცალა.  ნაწილის დაფინანსება შეწყდა, რუსებმა საქართველო დატოვეს.  ლამისყანის ბაზაში "მხედრიონი" შევიდა. უყურადღებოდ დარჩენილი ნაწილი 28661 წლების მანძილზე იძარცვებოდა. ჯართში წასაღები რომ აღარაფერი დარჩა, კედლების დაშლაზე გადავიდნენ. წასაღებად გამზადებული აგურები ახლაც აწყვია. მალე მიწისქვეშა ნაგებობისაგან კედლებიც აღარ დარჩება... 
ეშელონი
სპეციალისტები კამათობენ, რომელი ობიექტი იმსახურებს მსოფლიოში ყველაზე საიდუმლო ადგილის ტიტულს - ამერიკული "ზონა 51", თუ ბრიტანული "რაფ მენვიტ ჰილის" ბაზა. უცხოელი ექსპერტების დიდი ნაწილი უპირატესობას ბრიტანულ ბაზას ანიჭებს. გასული საუკუნის 60-იან წლებში აშენებული ბაზა მსოფლიო რადიოელექტრონული დაზვერვის ქსელ "ეშელონის" ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. "ცივი ომის" პერიოდში მას საბჭოთა მუქარის განეიტრალებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი უნდა შეესრულებინა. დღეს  ობიექტის პერსონალის მთავარი ამოცანა ტერორიზმისა და ნარკოტრეფიკის ქსელების გაშიფვრაა. via:kvirispalitra
თეა ინასარიძე 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge