მდიდრებიც ოცნებობენ

მდიდრებიც ოცნებობენ

26.12.2014

ნანა ჯანაშია

ისე მოხდა, რომ ჩემი ცხოვრების განმავლობაში სულ 2 ხუბუტიას ვიცნობდი. ერთ-ერთი მათგანი ქალბატონი ლიანა ხუბუტია სოხუმში შრომას (საგანი იყო სავალდებულო) მასწავლიდა, მეორე ქალბატონი  ლანა კი -  მუსიკალურ სტუდიაში ფორტეპანოზე დაკვრას.  მათ,  დაფასებული შრომის და  გემოვნებიანი მუსიკის სიყვარული მასწავლეს. როგორც კი  ქართულ მედიასივრცეში ამ გვარის მესამე წარმომადგენელი გამოჩნდა, უნებურად ჩემი პედაგოგები გამახსენდა და გავიფიქრე: ღმერთი კია სამობით, მაგრამ, არ არსებობს ამ კაცმა პუტინის პოლიტიკის სიყვარული ან რაიმე მასწავლოსმეთქი! ამ წინასაახალწლოდ ჩამოვიდა და ატეხა ერთი ამბავი - რესტორანში ვიქეიფეო,  იქ  კი მე და პუტინს გვაგინეს და  მცემესო... არ ვიცი, სცემეს ეს კაცი, თუ  - არ  სცემეს, მაგრამ ის კი ნამდვილად მოხდა, რომ ქვეყნის მთავარ ნიუსად იქცა მისი ეს ამბავი. საზოგადოება იმდენად „მოიხიბლა“ ცემის ამ ფაქტით, რომ რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენ-პოლიტიკოსით  თვით „მძიმე კაციც“  დაინტერესდა. "ტაბულაზე" სტუმრად მიიწვეულმა ხუბუტიამ კი  ნინი ბადურაშვილის  რძლობაზე ვოცნებობო, გამოაცხადა.
ახლა უკვე საზოგადოება ხუბუტიას მიერ „მძიმე კაცთან“ პირდაპირ ეთერში გასაჯაროებულ  ოცნებაზე ალაპარაკდა. ლარის ვარდნაც დაავიწყდა ბევრს და კარზე მომდგარი ახლი წელიც... ოდნოს, ფეისბუკს და თურქულ სერიალებს ჯერ ჯვარი სწერიათ, ხუბუტია მათ ვერაფერს დააკლებს, მაგრამ ფიქრი კი ნამდვილად გვასწავლა - ფიქრი,  ქართველი მომღერლის მოსკოვში მეორედ გათხოვების შესაძლებლობაზე...
P.S. 48 წლის ბიზნესმენ-იურისტი მიხეილ ხუბუტია ზუგდიდელი ეკონომისტების სამშვილიან  ოჯახში გაიზარდა. ის მოსკოველი მილიონერია და "ედინაია როსიას“ პარტიის წევრი. ჰყავს რესტავრატორი მეუღლე, ეკა ჯანაშია. უფროსი ვაჟი ნიკოლოზი  მგიმოს სტუდენტია,  უმცროსი ილია კი სკოლის მოსწავლე.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge