რუსული პროპაგანდასთან საბრძოლველად ევროკავშირი რუსულენოვან ტელეარხს ქმნის

რუსული პროპაგანდასთან საბრძოლველად ევროკავშირი რუსულენოვან ტელეარხს ქმნის

04.01.2015

ევროკავშირის ქვეყნების ნაწილი მხარს უჭერს ახალ რუსულენოვანი სატელევიზიო არხის შექმნას, რომლის ამოცანა რუსული პროპაგანდასთან ბრძოლა იქნება. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა BuzzFeed News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ახალი არხი ფაქტებს დაბალანსებულად გადმოსცემს და არავითარ შემთხვევაში არ გახდება პროპაგანდის საშუალება. იმ ქვეყენებს შორის, რომელიც ამ იდეას მხარს უჭერს, სკანდინავიის ქვეყნები, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთია.

„რუსული ტელევიზია, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან აგრესიულია, მისი პროდუქტი ვეღარ ჩაითვლება ნორმალურ ახალ ამბებად ან ნორმალურ ჟურნალისტიკად. ეს უფრო საინფორმაციო ომი და პროპაგანდაა", - განაცხადა რინკევიჩსმა.

მისი თქმით, პირველ რიგში ახალი ტელეარხის მაუწყებლობა ლატვიასა და ესტონეთში უდნა დაიწყოს, სადაც ევროკავშირის მასშტაბით ყველაზე მეტი რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს. tabula.ge

ნიკა რურუა: ჩემი და საზოგადოება "ივერიის" სხვა წევრთა მოთხოვნის მართებულობა საქართველოში რუსული სახელმწიფო არხების მაუწყებლობის აკრძალვის აუცილებლობის შესახებ (რადგანაც ეს არხები დეზინფორმაციისა და საინფორმაციო ომის იარაღს წარმოადგენენ) დღეს ევროკავშირმაც განამტკიცა საკუთარი გადაწყვეტილებით შექმნას საერთოევროპული ტელე-არხი, რომელიც რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტების, რუსული ტელეარხების გავრცელებულ სიცრუეს დაუპირისპირდება. ევროპელებიც კი, ვინც ჩვენთან შედარებით ძალიან დაცულები არიან, გრძნობენ აუცილებლობას, რომ საკუთარ ქვეყნებში წინ აღუდგნენ ძირგამომთხრელ რუსულ პროპაგანდას და საინფორმაციო ომს.

საზოგადოება "ივერიამ" რუსული არხების აკრძალვის თხოვნით პროკურატურას 2014 წლის 29 დეკემბერს ამ წერილით მიმართა:

"საქართველოს მთავარ პროკურორს ბატონ გიორგი ბადაშვილს

ბატონო გიორგი,

რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიას, რომელიც შეუწყვეტლად ხორციელდება საქართველოს წინააღმდეგ 1990 წლიდან, თან სდევს საინფორმაციო ომი, რომლის მიზანი არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხელყოფა.

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს საწინააღმდეგოდ დაწყებული საინფორმაციო ომი რეალური ომია, რომელიც ომისთვის დამახასიათებელი ყველა მეთოდის გამოყენებით მიმდინარეობს. ეს ომი ამავე დროს "ჰიბრიდული ომის" შემადგენელი ნაწილია სადაზვერვო და ტერორისტულ ოპერაციებთან, ენერგეტიკულ, ეკონომიკურ და ფინანსურ ომებთან ერთად. საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ამ ომის იდეოლოგიურ საფუძველს "პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების შეზღუდული სუვერენიტეტის" რუსული დოქტრინა წარმოადგენს.

მოსკოვი საინფორმაციო ომში აქტიურად იყენებს "Первый канал"-ს, «Russia Today»-ს, „НТВ’’-ს, „Россия-24’’-ს, ВГТРК-ს, «Голос России»-ს, "Звезда"-ს, "Планета"-ს და ა. შ. ხსენებული და სხვა ტელეარხების შემთხვევაში საქმე გვაქვს არა ტრადიციულ ჟურნალისტიკასთან, არამედ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებთან და სადაზვერვო ორგანოებთან მჭიდროდ ასოცირებულ სახელმწიფო ორგანიზაციებთან. დეზინფორმაცია, ინფორმაციული აგრესია, ინფორმაციული სპეცოპერაცია, ინფორმაციული ბლოკადა - ეს რუსული ტელეარხების არსენალის არასრული ჩამონათვალია. მათი მოქმედების შედეგია: საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური კონტროლის დაწესება, საზოგადოებრივი აზრის მართვა, საინფორმაციო ნაკადების სასურველი მიმართულებით წარმართვა, საზოგადოების მუდმივი დეზინფორმირება, რუსული ინტერესების ლობირება, დემოკრატიული სახელმწიფოების, მათი გაერთიანებების და საქართველოს დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესის დისკრედიტაცია, ეროვნულ პოზიციებზე მდგომი პოლიტიკური ძალების შანტაჟი, ერთა შორის შუღლის გაღვივება, ძალადობისკენ წაქეზება, ინფორმაციული ტერორიზმი და საზოგადოების მუდმივ ისტერიაში ყოფნა.

საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილის რუსული ოკუპაციის და მოსკოვის პერმანენტული სამხედრო-ტერორისტული აგრესიის საფრთხის პირობებში ჩვენი ხელისუფლება ვალდებულია მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო ინტერესის დაცვის, კერძოდ დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო უშიშროების, მათ შორის საინფორმაციო უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე სისხლის სამართლის კოდექსის XXXVII და XXXVII1 თავებით გათვალისწინებული რიგი დანაშაულების თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონილია საქართველოს კონსტიტუციის დასახელებული სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული ინფორმაციის გავრცელების შემზღუდავი ღონისძიების გამოყენებით წინასწარი გამოძიების დაწყება საქართველოს სსკ-ის 319, მუხლი 3221 და მუხლი 3222 მუხლებით.

გთხოვთ დაუყოვნებლივ მოახდინოთ სათანადო რეაგირება და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გვაცნობოთ კანონით დადგენილ ვადაში"

29 დეკემბერი, 2014 წელი

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge