სკოლის დირექტორის მოქმედების ბერკეტი მინიმუმამდეა დაყვანილი

სკოლის დირექტორის მოქმედების ბერკეტი მინიმუმამდეა დაყვანილი

06.01.2015

ავტორი ნინო თარხნიშვილი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების თანახმად, დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, მასწავლებელს შეიძლება დისციპლინური სახდელი დაეკისროს. დისციპლინური სახდელებია: შენიშვნა, საყვედური, სასტიკი საყვედური დასამსახურიდან გათავისუფლება. რა შემთხვევაში დაეკისრება პედაგოგს დისციპლინური სახდელი და როგორ აფასებენ მინისტრის ბრძანებას განათლების პროფკავშირის წარმომადგენლები და ექსპერტები განათლების საკითხებში?

"მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის" დარღვევა, საჯარო სკოლის შინაგანაწესის ანდა სკოლის წესდების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება, სამსახურში გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში - ეს საჯარო სკოლების მასწავლებელთა დისციპლინური გადაცდომებია, გადაცდომის შემთხვევაში კი მათ დისციპლინური სახდელი დაეკისრებათ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება "მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" გასული წლის ბოლო დღეს, 31 დეკემბერს, გამოქვეყნდა.

ნინო კვიტაიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსი, რადიო თავისუფლებასთან იმ სახდელებზე ლაპარაკობს, რომლებიც საჯარო სკოლის პედაგოგს შეიძლება დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში დაეკისროს. ესენია: საყვედური, სასტიკი საყვედური, სამსახურიდან გათავისუფლება. დისციპლინური სახდელის სხვა სახე კი შესაძლებელია განისაზღვროს სკოლის შინაგანაწესით. ნინო კვიტაიშვილის სიტყვებით, მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანება პედაგოგებს მეტ დაცულობას მიანიჭებს და იხსენებს იმ დროს, როდესაც მხოლოდ დირექტორების დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებით, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის დ პუნქტის საფუძველზე, ითხოვდნენ პედაგოგებს სამსახურიდან:

„რა თქმა უნდა, მაშინ დარღვევისა და სახდელის შესახებ არანაირი საუბარი არ იყო და პირდაპირ, კონკრეტული დირექტორების გადაწყვეტილებით, ხდებოდა პედაგოგების გათავისუფლება. შემდგომში, ძალიან ბევრ შემთხვევაში, დადგინდა, რომ პედაგოგები უკანონოდ იყვნენ სამსახურებიდან გათავისუფლებულნი. ჩვენ ამ წესის მიღებით შევეცადეთ, რომ უფრო დაცული გაგვეხადა პედაგოგი თავის საქმიანობაში. დირექტორს მოქმედების ბერკეტი და სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა აქვს მინიმუმამდე დაყვანილი. ის გადაწვეტილების მიღებას დამოუკიდებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ ორჯერ იქნება დისციპლინური კომიტეტი მოწვეული და არ შედგება კვორუმი. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია მას დამოუკიდებლად მიმართოს გარკვეულ ქმედებებს “.

ნინო კვიტაიშვილი დღეს არსებულ პრაქტიკაზე გვესაუბრება და ამბობს, რომ სკოლებში მოქმედ დისციპლინურ კომიტეტს, რომელიც ვალდებულია პედაგოგის დისციპლინური გადაცდომა განიხილოს, იშვიათ შემთხვევაში, მხოლოდ საგანგაშო სიტუაციისას იწვევდნენ, ბრძანების მიხედვით კი, დისციპლინური კომიტეტი ვალდებული ხდება იმსჯელოს ნებისმიერ დისციპლინურ საკითხზე და შემდეგ გადაწყვეტილება, როგორც რეკომენდაცია, მიაწოდოს სკოლის დირექტორს, რათა გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

იმაზე, რომ დისციპლინური წარმოების წესი მეტ დაცულობას უქმნის პედაგოგს, რადიო თავისუფლებასთან საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძეც ლაპარაკობს, თუმცა, მეორე მხრივ, ის სკოლებში მოქმედ შინაგანაწესებზე ამახვილებს ყურადღებას. მას მიაჩნია, რომ სკოლებში მოქმედი შინაგანაწესი, რომლის დარღვევაც შესაძლოა საფუძვლად დაედოს პედაგოგის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დაწესებას, კაბალურ პუნქტებს შეიცავს, მას დამატებული მინისტრის ბრძანება კი შესაძლოა პედაგოგების მიმართ სადამსჯელო ბერკეტად იქნეს გამოყენებული:

„მაგალითისთვის დავასახელებდი, რომ მასწავლებელს უნდა ეცვას ელეგანტურად და რა იგულისხმება ამ ელეგანტურ ჩაცმულობაში? ეს დამსაქმებელს აძლევს მეტ საშუალებას, რომ მასწავლებელს უთხრას, რომ მას არ მოსწონს მისი კაბის ფერი და ამის გამო საყვედური გამოუცხადოს. ასევე, განაწესებში წერია, რომ ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში საპატიო გაცდენად ჩაეთვლება მხოლოდ სამი დღე. აი, დღეს სკოლებში შინაგანაწესები ასეთი კაბალური პუნქტებით მოქმედებს. ასე რომ, აუცილებელია ძალიან დიდი ყურადღებით შემუშავდეს შინაგანაწესი, რათა დისციპლინური წარმოების წესი არ იქცეს პედაგოგის უფლებების დამრღვევად“.

მაია კობახიძის მტკიცებით, დღეს საჯარო სკოლებში მოქმედი შინაგანაწესი სკოლების სამეურვეო საბჭოებს რესურსცენტრების ხელმძღვანელებმა გადასცეს და კატეგორიულად მოითხოვეს მათგან მათ მიერ შემუშავებული კაბალური პუნქტების შემცველი შინაგანაწესების დამტკიცება. ამ ინფორმაციას უარყოფს რადიო თავისულებასთან საუბარში სამინისტროს წარმომადგენელი ნინო კვიტაიშვილი:

„მე გამოვრიცხავ ყოველგვარ შესაძლებლობას, რომ რესურსცენტრს თავად შეექმნა რაიმე შინაგანაწესი, თუმცა, ზოგადად, დირექტორები ხშირად უზიარებენ ერთმანეთს თავიანთ გამოცდილებას შინაგანაწესის თაობაზე“.

თამარ მოსიაშვილი, ექსპერტი განათლების საკითხებში, „მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების მნიშვნელობას ვერ ხედავს და ამბობს, რომ სკოლებში არსებული შინაგანაწესების პირობებში ის ერთგვარ ფარატინა ფურცლად შეიძლება იქცეს. თუმცა ის იმ ერთადერთ მესიჯზე მიუთითებს, რომელიც მან მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანებით მიიღო:

„არ მგონია, რომ ეს დოკუმენტი სკოლაში რაიმეს შეცვლის. მსგავსი ჩანაწერები არსებობდა სკოლის შინაგანაწესში. შესაბამისად, მზაობა, რომ სკოლებში მოხდეს დისციპლინური კომიტეტების ამოქმედება, რათა გარკვეული სახდელები დააკისროს პედაგოგებს, არ მგონია, რომ ეს ბრძანება ამის ინიციატორი გახდეს. ამ დოკუმენტით მე ერთადერთი მესიჯი მივიღე, რომ სკოლა შეიძლება დატოვოს მასწავლებელმა, რომელიც არღვევს დისციპლინას, და სკოლა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დატოვოს მასწავლებელმა, რომელსაც აქვს დაბალი კვალიფიკაცია“.

აღსანიშნავია ისიც, რომ, მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით, დისციპლინური სახდელის მოქმედების მაქსიმალური ვადაა ერთი წელი. ვადის გასვლის შემდეგ ან ვადაზე ადრე მოხსნის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ მასწავლებელს არ ჰქონია დაკისრებული დისციპლინური სახდელი. სამინისტროს წარმომადგენლის ნინო კვიტაიშვილის თქმით, არ შეიძლება, რომ პედაგოგს მთელი კარიერის მანძილზე პასუხი მოეთხოვებოდეს ერთ დისციპლინურ გადაცდომასა და სახდელზე. Via: radiotavisupleba

 

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge