ვახტანგ მაღრაძე
ტავტოლოგიური დარღვევები
ტავტოლოგია, ანუ გამეორება არის წინადადებაში ერთი და იმავე სახელის, განსაზღვრების, ან თქმის რამდენიმეჯერ გამეორება სხვა, აზრობრივად ახლო მდგომი სიტყვით.
ტავტოლოგიური გამოთქმები შეიძლება გავმიჯნოთ და რამდენიმე რიგად დავალაგოთ. რა თქმა უნდა, დიდი გალაკტიონის „ქარი ჰქრის...“ უმართებულო ტავტოლოგიის ნიმუშად ვერ ჩაითვლება, პირიქით, ეს შედევრია:
„ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, / ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ... /
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის, / ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?... /
როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს, / ვერ გპოვებ ვერასდროს... ვერასდროს! /
შენი მე სახება დამდევს თან / ყოველ დროს, ყოვეელთვის, ყოველგან!.. /
შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის... / ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის!..
მაგრამ, ძირითადად, ქართული მედიის ფურცლებზე ვაწყდებით ყოვლად გაუმართავ და გაუმართლებელ გამოთქმებსაც. ზოგი მათგანი სხვადასხვა ენობრივ შრეს წარმოადგენს, ზოგი კი, თავად ქართული წიაღიდანაა აღმოცენებული.
ჯერ ქართული და უცხოური სიტყვების უმართებულო დაწყვილების ნიმუშები ვნახოთ:
ამ ქვეყანაში ყველა პოტენციური შპიონი და ჯაშუშია („სარკე“, 34.2011, 17.2).
ვნახოთ ფრანგულ-გერმანული წარმოშობის სიტყვა შპიონი. იგი მ.ჭაბაშვილის უცხო სიტყვათა ლექსიკონში ჯაშუშს ნიშნავს.
იმავე რიგის დარღვევაა:
ყველა ქვეყანას თავისი შარმი აქვს, თავისი ამოუცნობი ხიბლი და ისტორია აქვს („სარკე“, 38. 2012, 51.3). ქალურ ხიბლს დოგმა და ჩარჩო არ მოეძებნება. [ზოგი ქალი] არცთუ ისე ლამაზია, მაგრამ მას რაღაც შარმი, ხიბლი აქვს... (იქვე, 39.2009, 49.1) ლამაზი, სექსუალური, გამომწვევი, შარმიანი, ეშხიანი - აი, ასეთი ქალი იმსახურებს ჩემთვის ამ ტიტულს („სარკე“, 31.2009, 42.1).
ფრანგული სიტყვა შარმი რუსული უცხო სიტყვათა ლექსიკონის მიხედვით ხიბლს შეესაბამება. ორივე შემთხვევაში ფაქტიურად ერთი და იგივე სიტყვაა უმართებულოდ დაწყვილებული: ჯაშუში = შპიონი, ხიბლი = შარმი. ოღონდ ისინი სხვადასხვა ენობრივი წარმონაქმნია. შარმიანი - უკვე უცხოური სიტყვა გაფორმებულია -იან ყოლა-ქონის ზედსართავის მაწარმოებლით. ხიბლი ჯერ კიდევ სულხან-საბას ლექსიკონში გვხვდება. იგი საფუძვლიანადაა დამკვიდრებული ქართულ ლექსიკაში: ხიბლი - არსებითი სახელი, ხიბლიანი - ზედსართავი სახელი, მოხიბლა, ხიბლავს - ზმნა, მომხიბლავი, მოხიბლული - მიმღეობა....
დასახელებული მაგალითები ისეა გაგებული, თითქოს ისინი ტავტოლოგიური გამოთქმები კი არა, სინონიმებია და ერთმანეთის გასაძლიერებლადაა გამოყენებული. ჟურნალისტს რომ მხოლოდ უცხოური სიტყვა ეხმარა, შეიძლება რაღაც გასამართლებლი მიზეზის ძებნა დაგვეწყო, მაგრამ სრულიად გაუგებარია ქართულში დამკვიდრებულ სიტყვებთან აბსოლუტურად იმავე შინაარსის ბარბარიზმების დაწყვილება.
2. შემდეგი მაგალითები ქართული ლექსიკის კუთვნილებაა. საინტერესოა, რომ ამ შემთხვევაში პირველი სიტყვა ფარავს და მეორეს ავტომატურად შეიცავს:
ლუარსაბ მეფეს დღეს უკვე ცნობილი ექიმი და ქირურგი ზაზა კახიანი თამაშობდა („სარკე“, 3.2002, 30). ...მამა... ერთ-ერთი ცნობილი ექიმი-ექოსკოპისტი გახლდათ (იქვე, 40, 2011, 14). დედაჩემი... ექიმი-ალერგოლოგია (იქვე, 44, 2011, 33). იგი საჭიროებს პროცედურამდე დიაგნოსტირებას და ტარდება ექიმ-ანგიოლოგის მიერ („თბ.-ები“, 42. 2011, 19.2). დაავადების შესახებ ექიმი-დერმატოლოგი... გვესაუბრება (იქვე, 24.2011, 21.1).
აქ სრულებით არაა საჭირო ლექსიკონის დამოწმება, ისედაც ნათელია, რომ ექიმი ფართო ცნებაა და სამედიცინო სფეროს მრავალ სპექტრს მოიცავს: ექიმი შეიძლება იყოს ქირურგი, თერაპევტი, პედიატრი, სტომატოლოგი, ოფთალმოლოგი, ანგიოლოგი, დერმატოლოგი, ექოსკოპისტი... და პირიქით - ანგიოლოგი, დერმატოლოგი, ალერგო-ლოგი, თერაპევტი თუ სხვა მხოლოდ ექიმის ვიწრო სპეციალობებია. გამართლებული იქნებოდა ექიმი - პარალელურად თუ იქნებოდა მსახიობიც ან მომღერალიც, სპორტსმენიც... იმავდროულად ან ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში და არა თითქმის ტოლფასი, ერთმანეთის მომცველი -- ქირურგისა და ექიმის დაწყვილება. მსგავსად: ...იდეის ავტორიც ფსიქოლოგი და ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძეა („თბ.-ები, 42. 2011, 87.10).
ამ მაგალითში სრულიად სხვადასხვა პროფესიიაა გვერდიგვერდ დაყენებული და მათი შეწყვილება ბუნებრივია. რაც შეეხება ექიმ-ანგიოლოგს, ექიმ-დერმატოლოგს, ექიმ-ექოსკოპისტს და ექიმ-ალერგოლოგს, ისინი ტოლად შერწყმული კომპოზიტებია, თუ მართლწერის წესებს დავიცავთ, დეფისით უნდა დაიწეროს და პირველი ნაწილი ფუძის სახით უნდა იყოს წარმოდგენილი (თსენ, 158-160)..
იგივე სიტუაციაა სამხედრო ჰოსპიტალსა და სამხედრო პარადთან მიმართებით.
ტრადიციულად დამკვიდრებულია, რომ, სამხედრო ომთან, არმიასთან, ჯართან დაკავშირებული, მისთვის განკუთვნილი რამეა (უსლ). ამისდა მიუხედავად, მაინც ახერხებენ გამჭვირვალე სინტაგმაში მეორე სინონიმური სიტყვის შემოტანას: კარლო გადარჩა... მაშინაც... როცა სამხედრო ჰოსპიტალს ბომბი დაეცა... (მ.ბურჭ., „დაუწ“., 73). მან მნიშვნელოვანი კვალი დატოვა მედიცინის ისტორიაში, როგორც სამხედრო ჰოსპიტალების რეფორმების ინიციატორმა... („რეიტ.“, 11.2008, 46.3) თავდაცვის სტრუქტურაში სამი წლის წინ მივიდა, სამხედრო ჰოსპიტალში დაიწყო მუშაობა... („სარკე“, 31. 2007, 32.2). ...გადამიყვანეს ვაშინგტონში, სამხედრო ჰოსპიტალში... (იქვე, 22, 2007, 20). ის სასწრაფოდ გადააგზავნეს სამხედრო ჰოსპიტალში („იდ. სამყ.“, 22.2007, 20.2). დაჭრილი სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს („იბერია“). ...აფეთქების შედეგად დაჭრილი რუსი ჯარისსკაცები სოხუმის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებიან („დასტა“, 3.2007, 6.3). ...ცოლად მოიყვანა სამხედრო ჰოსპიტლის მედდა... (იქვე, 19.2011, 6.3).
უპრიანი იქნებოდა ეხმარათ ჰოსპიტალი დამოუკიდებლად, ან სამხედრო საავადმყოფო. მართებული ფორმებიც შეიძლება მოვიძიოთ:
...მასზე დაქვემდებარებული ჰოსპიტალების მუშაობას უფრო თანამედროვე მიღწევებით ცვლიდა „(რეიტ.“, 11.2008, 46.3). გავითიშე. როგორ წამიყვანეს ერაყის ჰოსპიტალში... არ მახსოვს („სარკე", 22.2007, 20.2). ...მძიმედ დაჭრილი ინსპექტორი კი სასწრაფოდ ჰოსპიტალში გადაიყვანეს (იქვე, 11.2008, 37.1) ...მამაჩემი სამხედრო კომისარი გახლდათ და ჩემთვის ჰოსპიტლის კარი ყოველთვის ღია (იქვე, 7, 2010,36.1).
3. ლათინური წარმოშობის სიტყვა ჰოსპიტალი ინგლისურ ლექსიკონში ახსნილია, როგორც დაწესებულება, სადაც ავადმყოფები ან დაშავებულები ღებულობენ სამედიცინო ან ქირურგიულ დახმარებას (დ. გიურ.), ხოლო მ. ჭაბაშვილის მიერ შედგენილ და რუსულ უცხო სიტყვათა ლექსიკონებში განმარტებულია ერთმნიშვნელოვნად - ჰოსპიტალი [გერმან. ჰოსპიტალი < ლათ.] - საბჭოთა კავშირში: საავადმყოფო სამხედრო მოსამსახურეებისათვის. სხვა ქვეეყნებში აგრეთვე სამოქალაქო სამკურნალო დაწესებულება (უსლ).
სწორედ რუსული ენის გავლენით გაიმიჯნა საავადმყოფო და ჰოსპიტალი: პირველი სამოქალაქო, მეორე კი - სამკურნალო დაწესებულებების სახელწოდებებად. თუმცა, ჰოსპიტალი შეიძლება იყოს საველეც. მაგალითად:
... ფრანგული სიტყვა ლაზარეთი... ლექსიკონში საველე ჰოსპიტლად არის განმარტებული („გუმბ.“, 21.208, 19.1).
ვინაიდან, ქართულში ეს სიტყვები ორი სხვადასხვა მნიშვნელობითაა დამკვიდრებული, ნუღარ „გავრევთ ერთმანეთში“ და ვიხმაროთ თავთავის ადგილზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ -ალ ფუძეზე დაბოლოებული საზოგადო სახელები იკუმშება. თავისთავად ჰოსპიტალიც კუმშვადია და არა უკუმშველი, როგორც ზოგიერთ მაგალითშია წარმოდგენილი.
სამხედრო ჰოსპიტლის მსგავსად ტავტოლოგიური შესიტყვებაა სამხედრო პარადი//აღლუმი.
მაისის სამხედრო პარადის გარდა... მიმდინარე წელს „ჩატარდა“ კიდევ ერთი... („თბ.-ები“, 33.2005, 74.2). დღევანდელი მთავარი ელემენტი მაინც სამხედრო აღლუმი... გახლდათ... (იქვე, 23.2008, 6.1). ბიბლიაზე დაფიცება... სამხედრო აღლუმი... ასე ხდებოდა ყოველთვის...(„რეიტ.“ ,14.2008, 69.1). მთელი დღის განმავლობაში აქ სამხედრო აღლუმი, სხვადასხვა სანახაობა და სეირნობა გაიმართა („სარკე“, 22.2005, 46.1).
განმარტებით ლექსიკონში აღლუმი სინონიმადაა გაიგივებული პარადთან, ხოლო სიტყვა პარადი -- ჯარების, სპორტსმენების საზეიმო დათვალიერებაა. ზედმეტია აღლუმთან ან პარადთან სამხედროს დაწყვილება. სავსებით საკმარისია ამ სიტყვების დამოუკიდებლად ხმარება, ვინაიდან მის შესატყვისად ლათინური დემონსტრაცია გამოიყენება მასობრივი მსვლელობის საზოგადოებრივ-პოლიტიკური განწყობილების გამოსახატავად. აღლუმსა და პარადს შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ პარადი უცხოური სიტყვაა და, სასურველია, ქართულით დავკმაყოფილდეთ. გვხვდება მართებული ფორმებიც:
სიტყვა „მასა“ ყურს ჭრიდა და საბჭოთა აღლუმებს ახსენებდა...(„სარკე“, 33.2007, 76.1). პუტინმა... ჯოზეფ ბაიდენი წითელ მოედანზე აღლუმზე დასასწრებად არ მიიპატიჟა („გზა“). აღლუმზე სტალინმა პირდაპირ ფრონტის ხაზზე მიმავალ მებრძოლებს განუცხადა... („თბ-ები“, 23.2008, 58.3). სიდნეიში საცურაო კოსტიუმების აღლუმი გაიმართა („სარკე“, 47.2009, 56.3). ლუი ხშირად დაყვებოდა ქალაქის სასულე ორკესტრს აღლუმების დროს და შანსს არ უშვებდა.. მოესმინა (იქვე, 19.2008, 62.2). არ ვყოფილვარ ისეთ ადგილას, სადაც ეგენი აწყობდნენ აღლუმს („თბ.-ები“, 25.2004, 23.3). აბა, ერთი ჰიტაღლუმებს შეხედე („რეიტ.“ 10.2010, 33.1). ...გაჭიმულები, თითქოს საზღვაო აღლუმს იღებდნენ ჩვენგან, ისე გვაცილებდნენ (ბ.სულაკ., 59).
4. აქვე შეიძლება პარადისა და აღლუმის უმართებულო, შეუსაბამო მაგალითების დასახელებაც:
ლონდონში გამართულ გეი-აღლუმზე... სარა სიტყვით გამოვიდა … („თბ.-ები“, 10.2010). ...მარიელა კასტრო კუბაში... მოწყობილ ყოველდღიურ გეი-აღლუმზე ბოლო წლების მთავარ მედროშედაა ცნობილი (იქვე, 27.2010, 13.2). ...თბილისში გეების აღლუმის ჩატარებას აპირებდნენ (`სარკე~, 31.2007, 8.1).
მეორე დარღვევაა პარადის გამოყენება, რომელიც ამავდროულად ბარბარიზმსაც წარმოადგენს ენაში:
...ზოგან გეების „პარადები“ იმართება („თბ-ები“, 25.2004, 23.3~). ნორვეგიაში ჩატარდა მსოფლიო გეი პარადი... („სარკე“, 46.2009, 42,3). ...მოსახლეობის 80 პროცენტი სიღატაკეშია და რა დროს გეების პარადია?! (იქვე, 31.2007, 8.3).). ახალ ორლეანში... ვნახე გეებისა და ლესბოსელების პარადი” (იქვე, 23.2007, 51.2).
უნდა დაეწერათ დემონსტრაცია, ანდა ფესტივალი. როგორც მართებულადაა ერთ შემთხვევაში გამოყენებული:
ახალ ორლეანში იყო სამდღიანი გეი ფესტივალი („სარკე“, 23.2007, 51.2).
საინტერესოა, რომ ბოლო ორი ილუსტრაცია ერთსა და იმავე სტატიაშია წარმოდგენილი.
რაც შეეხება დაწერილობას, ქართულში იქნება გეიაღლუმი, გეიპარადი თუ გეიფესტივალი, ერთ სიტყვად უნდა დაიწეროს და არა დეფისით.
ბოლო ხანებში ენაში მრეწველები ძალიან აქტიურად იყენებენ შესიტყვებას -- „ღვინის მარანი“, რასაც რეკლამებსა თუ აბრებზეც ათავსებენ. ჟურნალისტები კი, ავტომატურად იმეორებენ ყოველგვარი შეწინააღმდეგების გარეშე. აქაც თითქოს სადავო და გასარკვევი არაფერია -- ნებისმიერი ქართველი ან ქართულის მცოდნე გეტყვით, რომ მარანი არა მინერალური ან ტკბილი წყლების დასამზადებელი თუ დასაწყობი სათავსია, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ღვინისათვისაა განკუთვნილი. სწორედ ასეა განმარტებული სულხან-საბასთან: მარანი - საღვინე სახლი; განმარტებით ლექსიკონში კი - ღვინის დასაყენებელი და შესანახი ადგილი. ამისდა მიუხედავად, ხშირად ვხვდებით უმართებულო სინტაგმებს:
ასევე აქვს საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის მარანი („სარკე“, 41,2011, 17,4). საკონ-დიტროს, ღვინის მარნისა და საყასბოს განკარგულებაში ცალკე საამქრო იყო („იდ. სამყ.“, 29, 2007, 1,4). „თელავის ღვინის მარანი“ წარმოგიდგენთ... („თბ.-ები“, 14.2005. 11.1). „თელავის ღვინის მარნის“ ღვინოები ლონდონის პრესტიჟული გამოფენიდან 19 მედლით
დაბრუნდა (იქვე, 24.2008, 17.2). კონკურსის ბრინჯაოს მედალი ერგო „თელავის ღვინის მარნის“ „გვიანს“ და „მუკუზანს“ ((იქვე).
ქართველმა ხალხმა, როგორც ღვინის უძველესმა გამომგონებელმა და გამომყე-ნებელმა, მისი კულტურის საფუძვლის დამდებმა და ჩამომყალიბებელმა ერთი სიტყვით ძალიან მარტივად და სხარტად გამოხატა დღევანდელი ახლად გამოგონილი სინტაგმა ღვინის მარანი. ეს ხომ უკან გადადგმული ნაბიჯია, ენის დანაგვიანება და არა რაიმეს შემატება. დავასახელებთ ფრიად საინტერესო და სამწუხარო არა მხოლოდ ტავტოლოგიური დარღვევის, არამედ პოლიტიკური სიბეცის მაგალითებს:
5. „საუკეთესო მზარეული ქართულ და აჭარულ ტრადიციულ აჭარულ კერძებს წარმოგიდგენთ.“
ნუთუ ქართული და აჭარული ერთი დონეა ენობრივი თვალსაზრისით?! განა ქართულში ორგანულად არ მოიაზრება აჭარული და ცალკე გამოყოფა უნდა? როდის აქეთია აჭარული ისევ არ შეადგენს ქართული სპექტრის ერთ-ერთ ძლიერ და ძარღვიან კოლორიტულ სიმთაგანს?! აღარ არის ისეთივე შემადგენელი ნაწილი საქართველოსი როგორც იმერეთი, გურია, თუშეთი, ხევსურეთი, კახეთი?.. მისაღები იქნებოდა დაეწერათ: მზარეული წარმოგიდგენთ აჭარულ და სვანურ, აჭარულ და მესხურ, აჭარულ და რაჭულ კერძებს... ან ქართულის გვერდით დაეწრათ რომელიმე უცხო, სხვა ქვეყანა და ერთ სიბრტყეზე არ მოეთავსებინათ, არ შეეწყვილებინათ, საქართველოსათვის მისი ძირძველი კუთხე... ეს შეიძლება შემთხვევითობად მოგვჩვენებოდა, რომ არა შემდეგი მაგალითი:
„...ჩემი საცოლე ფოთელია და არანაირი შეხება არ აქვს შოუბიზნესთან. ოქტომბერში ლამაზი, ქართულ-მეგრული ოჯახი შეიქმნება“.
არცერთგან შეგნებულად არც რესპოდენტის, არც ჟურნალისტისა და არც პრესის ორგანოს არ დავასახელებთ. მეფის რუსეთი აღწერის ჩატარებისას მეგრელს, იმერელს, სვანს, მთიულს, ხევსურს, კახელს და საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმო-მადგენელს ცალკე ეროვნებებად წერდა და არა ქართველად (ეგ კი არა, საბჭოთა კავშირის დროს ცნობილი ქართველი პოეტის, ფრიდონ ხალვაშის ლექსების კრებულის რუსულ თარგმანს ეწერა: перевод с аджарского?!. თარგმანი აჭარულიდან?!.). მათი იმპერიალისტური პოლიტიკა სავსებით გასაგები იყო: „გათიშე და იბატონე“. დღეს რა გვემართება? ნუთუ ჟურნალის ვერც ერთმა თანამშრომელმა ვერ გაიაზრა, რომ მეგრელიც ისეთივე ქართველია, როგორიც ქართლელი, მოხევე, თუში, რაჭ-ველი, აჭარელი...? გასაგებია მეგრულ-იმერული, ხევსურულ-თუშური, გურულ-კახური, სვანურ-ქიზიყური... თუ საქართველოს სხვადასხვა კუთხის მაცხოვრებელთა მიერ ქართული ოჯახების შექმნა, მაგრამ ქართულ-მეგრული? არ მინდა ზედმეტად მკაცრი ნათქვამი გამომივიდეს: ამის მთქმელი, დამწერი და გამშვები, დავესესხები მურმან ლებანიძის გულიდან ტკივილიან ამოძახილს:
„ვისაც ჩვენი გაყოფა... და გათიშვა სწყურია, ან ჭკვიანი მტერი არის, ან უგნური მოყვარე...“
მაგრამ ორივე შემთხვევაში, დამეთანხმებით, გამიზნულად მტრის წისქვილზე წყლის დასხმაა!
შემდეგ მაგალითებზე კომენტარისაგან თავს შევიკავებდით:
ტექსტი მხოლოდ ალქიმიკოსებისათვის ცნობილის შიფრითაა დაშიფრული („იდუმ. სამყ.“ 19.2007, 18.2). ...ქვებს ცხოველმოქმედების გარკვეული ნიშნები შეენიშნებათ (იქვე,22. 2007, 2.2). იგი მოუწოდებდა ყველას ყოველი ღონე ეღონათ („რეიტ.“, 24. 20011, 74. 2). ...მაგრამ მერე ისეთი ფასი დაგვიფასეს, რომლის გადახდა შეუძლებელი იყო („სარკე“, 16. 2009, 16.4). აღიარეთ, რომ მიშა სააკაშვილის თამაშით გაათამაშეთ (იქვე, 23.2010, 16.2). თუ ბავშვს ძუძუს აწოვებთ, დამაწყნარებლის მიღება მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით უნდა მიიღოთ (იქვე, 49.2007, 78.1). მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, ექიმები მისი ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმებას აპირებენ (იქვე, 47.2009, 56.2). როდესაც ლეტიციას ჰკითხეს, რატომ გადაწყვიტა თეატრში მოღვაწეობა, როდესაც ტელევიზიაში და დიდ ეკრან ზე ნაყოფიერად მუშაობდა, მან უპასუხა... („ელიტ. ქრონ“, 9.2005,55.1). მან განაცხადა, რომ დაკარგული ნივთები მისი საჩუქრები გახლდათ და ძალიან გული წყდება, რომ ყველაფერი დაკარგა (იქვე, 9, 2008, 52).
6. თუ ჩვენს ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ რაც დიდი პოეტისათვის დასაშვებია, მათაც ეპატიებათ... მაგალითად: „ზოგი ყურს უგდებს, / სხვა ჰხუჭავს თვალსა.? / ყურსაც იყრუებს, / მას ასუსუებს.“ ვაჟა.
„მიდიხარ... ისე მიგაქვს წვალება, / თითქოს ზღვის კარად თივას თიბავდე. „ვინა თქვა შენი გარდაცვალება? არა, სწორედ დღეს შენ დაიბადე.“ გალაკტიონი.
ის, რაც პოეტური ნაწარმოებისათვის გამართლებულია, პუბლიცისტიკისათვის შეცდომად შეიძლება ჩაითვალოს. ბუნებრივია, ყველა აღნიშნული ტავტოლოგიური სინტაგმა ენისათვის მიუღებელია და დაუშვებელია მათი გამოყენება. რედაქციები ხშირად აქვეყნებენ, რომ რესპოდენტის მოსაზრებებზე პასუხს არ აგებენ. შესაძლებელია, ჟურნალისტისა და რედაქციის აზრი არ ემთხვეოდეს ავტორის შეხედულებებს რელიგიური, პოლიტიკური, ეთიკური... ან სხვა სახის მოსაზრების შესახებ, მაგრამ ვალდებულნი არიან სალიტერატურო ენის ნორმების დასაცავად, სტილისტური ხარვეზების ასაცილებლად თავი არ შეიკავონ. და მით უმეტეს, ეროვნული თვითშეგნებიდან გამომდინარე, უზუსტობებში კორექტივები შეიტანონ.
დასახელებული ლიტერატურა:
გალაკტიონი - რჩეული, „ქარი ჰქრის“, თბილისი, 1973;
გალაკტიონი - ლექსები, („მიდიხარ...“), თბილისი, 1992;
„ელიტ. ქრონ.“ - ჟურნ. `ელიტარული ქრონიკა~, N9, 2005, N9, 2008 ;
ვაჟა -ვაჟა ფშაველა, თხზულებანი, ტ. 3, „სვინდისი“, თბილისი, 1993; `
„თბ-ები“ - ჟურნ. „თბილისელები“, N25, 2004; N33, 2005; N18, 2006; N23, 2008; N10, N27, 2010;
N19, N24, N42, 2011;
თქსენ - თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები, ნაწ. I, თბილისი, 1770;
„იბერია“ - ტელევიზია „იბერია“;
„იდ. სამყ“. - გაზ. „იდუმალების სამყaრო“, N3, 2004; N19, N22, 2007;
„დასტა“ - გაზ. „დასტა“;
მურმან ლებანიძე - „ყველას“, თბილისი, 1971;
„რეიტ.“ - ჟურნ. „რეიტინგი“ N19, N11, 2008; N10, 2010; N24, 2011;
„სარკე“ - ჟურნ. „სარკე“, N22, 2005; N17, N22, N23, N31, N33, N47, N48, N49, 2007; N19, N22, 2008;
N16, N6, N47, 2009; N7, N23, 2010; N40; N41, N44, 2011; N38, 2012;
სიტყვის კონა - სულხან-საბა ორბელიანი, სიტყვის კონა, თბილისი, 1993;
სულაკ. - ბ.სულაკაური, თ.ქიტოშვილი, ქართული, მე-8 კლასის სახელმძღვანელო, თბილისი, 2007;
უსლ - მ. ჭაბაშვილი, უცხო სიტყვათა ლექსიკონი, თბილისი, 1986;
უცხო სიტყვათა ლექსიკონი (რუს.) - словарь иностранных слов, москва, “русский язык“, 1988;
ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი, ერეთტომეული, თბილისი, 1986.