როცა ძროხას სახრეს მოვუქნევთ, მაშინ ინდუისტების წმინდანს შეურაცხვყოფთ?!

როცა ძროხას სახრეს მოვუქნევთ, მაშინ ინდუისტების წმინდანს შეურაცხვყოფთ?!

11.01.2015

 პაატა შამუგია

აბსოლუტური ამ სამყაროში არაფერია, შესაბამისად ვერც სიტყვის თავისუფლება  იქნება აბსოლუტური.  პირადად „შარლი ებდოს“ თანამშრომლებს როგორც მედიის - არა,  როგორც სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს ისე უფრო განვიხილავ. ისინი ნიუსმეიკერები არ ყოფილან, კარიკატურებს, შარჟებს ქმნიდნენ და  შემოქმედებით სამუშაოს ასრულებდნენ. ნებისმიერი პოლიტიკური სატირის მიზანია დაარტყას გაბატონებულ პოლიტიკურ თუ რელიგიურ იდეოლოგიებს, სხვადასხვა პლატფორმებს. თუ პოლიტიკურ სატირას ამ ფუნქციებს წაართმევ, მისგან აღარაფერი დარჩება. ვის აქვს უფლება წაართვას კულტურას მისი ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი ნაწილი?! არავის,  მათ შორის - არც მორწმუნე ადამიანებს. რაც შეეხება რელიგიურ გრძნობებს, თუ მას რაღაც შინაარსს არ დავაშენებთ არის ცარიელი აბსტრაქცია, ისევე როგორც ფილოლოგიური გრძნობები. თავის დროზე, „ვეფხისტყაოსანი“ აიკრძალა იმიტომ, რომ  სასულიერო  პირებმა (კონკრეტულად კი ანტონ კათალიკოსმა, ტიმოთე გაბაშვილმა) თავიანთი რელიგიური გრძნობები შელახულად მიიჩნიეს. ივანე ჯავახიშვილი წერს ერთგან, რომ ამ  პიროვნებებს „ვეფხისტყაოსანი“ ქრისტიანობის გამრყვნელად მიაჩნდათ.  როგორ ფიქრობთ, გვაქვს კი  ჩვენ რამე  „ვეფხისტყაოსანზე“ ღირებული და შეგვიძლია ის შევწიროთ პოლიტკორექტულობის ხათრით რამეს? მე მგონი,  რომ არ გვაქვს. აი, ასე მარტივად დგას საკითხი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აბსოლუტური არაფერი არ არსებობს და ვერც სიტყვის თავისუფლება იარსებებს აბსოლუტური სახით. მაგრამ ის, რომ რელიგიური გრძნობები დგას უფრო მაღლა, ვიდრე სეკულარული გრძნობები ან სეკულარული მგრძნობელობა, ესეც ძალიან სადაო საკითხია. რატომ არის, რომ ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებაში ვცხოვრობთ და არ ვიმართებით რელიგიური დოგმატიკით?!  სამოქალაქო კანონები გვმართავს, ვემორჩილებით მათ და იმიტომ ვიზღუდავთ თავს, რომ უფრო დიდ შეზღუდვებს დავაღწიოთ თავი. თუ იქნება სოციალური თანხმობა იმაზე, რომ  დავივიწყოთ პოლიტიკური სატირა, ხელოვნება და ა.შ. მხოლოდ  აქ არის  გამოსავალი. უდიდეს თანამედროვე მწერალ სალმან რუშდს სისხლი გაუშრეს რელიგიურმა ფუნდმენტალისტებმა. აიათოვა ჰომეინმა მასზე ნადირობა გამოაცხადა. მისი წიგნის ფრანგულად მთარმგნელი მოკლეს, იაპონურად მთარგმნელს თავდასხმა მოუწყვეს და ა.შ. აი ეს არის  სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შედეგი.

 ნებისმიერი სახის დისკუსიას მივესალმები.  არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ განსხვაებული აზრები და დისკუსიას წინ არაფერი უდგას.  ჩვენ ყველამ უნდა მოვახერხოთ რაღაცაზე შეჯერება იმისათვის, რომ არ დავხოცოთ ერთმანეთი.  მიზეზი არ დაილევა არასდროს - ან სახელმწიფოს ექნება სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვინმეს შეზღუდვის  მიზეზი, ან რელიგიას ექნება რაღაც რელიგიური მოტივით შენი შეზღუდვის მიზეზი და ა.შ. ინდუიზმში  ძროხა არის წმინდანი და ამის ძალიან ბევრ ადამიანს სწამს.  და რა გამოდის, თუ ჩვენ  ძროხას სახრეს მოვუქნევთ, ამით ვიღაცის რელუგიურ გრძნობებს შევურაცხყოფთ? თუ ასე ვიფიქრებთ,  სრულ კოლაფსამდე მივალთ.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge