რობერტ მესხი
თვალსაჩინო მაგალითია საფრანგეთი - დემოკრატიის, თავისუფლების, ტოლერანტობის, იუმორის, სატირის ქვეყანა.
ამ დღეებში პარიზში განვითარებული მოვლენებიც დიდი გაკვეთილია ჩვენთვის, ქართველებისთვის - არც ჩვენ გვესწავლება ზემოთ ჩამოთვლილი ზოგადსაკაცობრიო პოსტულატები და, რაც თავი გვახსოვს, იმავე ევროპისკენ მივისწრაფვით! (ცხადია, საფრანგეთსა და საქართველოს ერთმანეთს არ ვადარებ - ეს შეუძლებელია!)
ზომიერების დაცვაა საჭირო, მათ შორის, მიგრაციის პოლიტიკაში (ზოგიერთმა შეიძლება თქვას, ეს რომელი დემოკრატიისა და ევროპის პარამეტრებში ჯდებაო!). ასე ვუპასუხებდი: ჩვენ სავალალო შედეგები გვაქვს ამ მხრივ... საკმარისია ბოლო ათწლეულებს გადავხედოთ! დღეს ქართველს არ ჩაესვლება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დიდწილად სწორედ საკუთარი ტოლერანტობისა და ხელგაშლილობის წყალობით! ჩვენ ერთნაირად დავურიგეთ მტერსა თუ მოყვარეს მიწა და წყალი, სახელი და გვარი, ღვინო და პური... მერე ეს ყველაფერი ძმრად ამოგვადინეს "ძმებმა" თუ "ძმადნაფიცებმა"!..
საფრანგეთს საკუთარი ნაღმი აუფეთქდა, საფრანგეთმა ვერ მოახერხა და ვერაფრით გააერთიანა მოქალაქეები, რომლებიც დღეს, საუბედუროდ, ერთმანეთს ხოცავენ... ევროპის შუაგულში მყოფმა, ყოველმხრივ განვითარებულმა, სამოცდახუთმილიონიანმა, ტოლერანტობის ნიმუშმა (!) საფრანგეთმა ჩათვალა, რომ ტერორიზმთან ბრძოლა (თუ ამას ტერორიზმთან ბრძოლა ჰქვია!) ქვეყნის შიგნით მუჰამედის და სხვა წინასწარმეტყველების კარიკატურების ბეჭდვით და ფრიალით არის შესაძლებელი!.. 21-ე საუკუნის დასაწყისში სატირამ საკუთარ ობიექტად ადამიანის რწმენა და მისი უფლისადმი დამოკიდებულება აქცია!.. შედეგი: სისხლისა და ცრემლის ნიაღვარი პარიზის შუაგულში... სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის ხელყოფა, ჯაჭვური რეაქციები პარიზის უბნებსა და საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში... ცხადია, სატირა თავისუფალია, მსგავსად საფრანგეთისა და საფრანგეთის მოქალაქეებისა, მაგრამ იგი სატირლად არ უნდა იქცეს! სხვაფრივ კი, რითი ვართ ერთმანეთზე უარესები ან უკეთსები? - არაფრით!..
P.S. ერთი ფაქტიც მახსენდება უახლესი ისტორიიდან, როცა 2009 წელს კონკურსმა "ევროვიზიამ" (ევროპამ) დაბლოკა ჯგუფ "სტეფანესა და 3G"-ს სატირული სიმღერა "We Don't Wanna Put In", რომელიც, ჩემი აზრით, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტერორისტს პუტინს აშარჟებდა!..
სამწუხაროა ორმაგი სტანდარტები! ისინი ერთმანეთს უპირისპირებენ ადამიანებს და უნდობლობას წარმოშობენ! შეუძლებელია ცხოვრება იმ ქვეყანაში, იმ საზოგადოებაში, სადაც ადამიანები ერთმანეთს არ ენდობიან!