ლევან ღვინჯილია
"ამ დღეს ველოდი, მოვესწარ..."
~ ამ ბინაში გავატარეთ მე და ჩემმა ოჯახმა ბოლო 19 წელი.
~ წუხანდელი ღამეც აქ გავათენეთ, მაგრამ ამჯერად უკვე - სხვის ბინაში.
~დიახ! გუშინდლიდან შევჩენკოს 12-ში მედებარე ეს ხუთოთახიანი ბინა ჩვენი აღარაა: იგი ჩემი ოჯახის საბანკო და სხვა ვალების ერთმა ნაწილმა მშვიდად და უხმაუროდ შეიწირა.
- აი, ასე "წვერდამშვენებული" ვაცილებ ჩემს 65-ე ზამთარს და 165.000 $-%-იანი ვალით ვეგებები 66-ეს!
- მინდა ვისარგებლო შემთხვევით და "უღრმესი მადლობა" მოვახსენო, ჩემდამი გამოჩენილი "გულისხმიერებისათვის", "პროკრედიტბანკსა და "ქართუს" ყოფილ პრეზიდენტს, ბატონ ნოდარ ჯავახიშვილს, ვისი "პრინციპულობის" წყალობით იძულებული გავხდი სხვა ბანკიდან ამეღო კბალური (წლიურ 36%-იანი) სესხი და... ცხადია დეტალებს აქ აღარ ჩავუღრმავდები.
- იმედია, აწი მაინც არ მკითხავთ, რით ვარსებობდით ბოლო 11 წლის განმავლობაში, როცა ოჯახის არც ერთი წევრი არ იყო დასაქმებული....
~კარგად მესმის, რომ სამშობლოზე გაბრაზება ყოვლად დაუშვებელია, მაგრამ არც იმის შეგრძნებაა ადვილად ასატანი, რომ შენს ქვეყანას არაფერში არ სჭირდები.
~ხელისუფლებაზე ხომ ლაპარაკიც კი არ ღირს : "მე ვიყო კარგად და შენ, თუ გინდა, კისერი გიტეხია" - აი, მისი პრინციპი.
~ ნუგეშად კი ჯერჯერობით მხოლოდ ის მრჩება, რომ, ახალი მეპატრონის კეთილი ნებით, შეგვიძლია აქ დავრჩეთ გაზაფხულამდე.
~ მერე?
~მერე რა იქნება? - ეს ჯერ არ ვიცით!!!
~ "საქართველოო, ლამაზო! სხვა საქართველო სად არი?"...
საგანგებო კომენტარი
ჩვენი ოჯახისთვის მსგავსი განსაცდელი არახალია: 1991 წელს თბილისის ცენტრი რომ გადაიბუგა, მაშინ მთელი ჩვენი წარსული ფერფლად იქცა. ფოტოსურათებიც კი არ დაგვრჩა... სანამ ამ სახლში გადმოვიდოდით, 5 წელი სასტუმრო "ივერიაში" გავატარეთ და ლუკაც იქ დაიბადა(ამ ზაფხულს ოცისა გახდება).
მაშინ სოციალური ქსელები კი არა, თბილისში სულ რამდენიმე კომპიუტერი იდგა, თანაც იმხელები, რომ ოთახში ძლივს ეტეოდა.
კეთილშობილ ადამიანთა თანაგრძნობის ჯადო პირველად მაშინ შევიგრძენი.
თუმცა, მასოვბრიობის თვალსაზრისით დღევანდელი გამოხმაურებები იმას, ცხადია, ასგზის აჭარბებს....
კომენტარების კითხვისას არაერთხელ ყელში ბურთი მომაწვა...
და მაინც: უმორჩილესად გთხოვთ, არანაირ ფინანსურ დახმარებასა და თანხის შეგროვებაზე საუბარი არ იყოს, თორემ იძულებული ვიქნები, ყველა პოსტი წავშალო.... იმას, როგორაც მე თქვენ მამხნევებთ, ვერანაირი ფულადი სიდიდე ვერ დაეტოლება.... ვგრძნობთ, რომ მარტონი არა ვართ. ეს კი ყველაფერია!