რომან გოცირიძის ეკონომიკური სიბრძნეები

რომან გოცირიძის ეკონომიკური სიბრძნეები

22.01.2015

1.რა არის ეკონომიკაში მიმდინარე უარყოფითი მოვლენების ძირითადი, ფუნდამენტური მიზეზი? ესაა " ნეპი"! NEP!
ახალი ეკონომიკური პოლიტიკა. 
რა არის ნეპი? ჩამოთვალეთ ყველა ის მიღწევა, რითაც მთავრობა ამაყობს. ცოტა აღშფოთდით კიდევაც ჩემს ამ თეზისზე. გაიკვირეთ, როგორ, ესა და ეს ხომ ძალიან კარგიათქო? მერე ამ კარგს გამოაკელით, ის, რასაც ხედავთ, რომ ასევე ძალიან ცუდია და მიიღებთ ეკონომიკური პოლიტიკის ობიექტურ სურათს. 
ბალანსში მთავარი ორმხრივობის პრინციპია.

2.ლარის ვარდნის ახალ მიზეზს ეძებენ. მთავრობის წინა ვერსიები არ გამოდგა დამაჯერებელი. ახლა ფულად გზავნილებებს მიადგნენ.
მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ბოლო თვეებში იკლო უცხოეთიდან გადმორიცხვების მოცულობამ 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფაქტობრივად იგი უმნიშვნელოდ შემცირდა წლის განმავლობაში. 2014 წელს სწრაფი ფულადი გზავნილების არხებით გადმოირიცხა 1, 441 მილიარდი დოლარი, ხოლო 2013 წელს-1,477. ეს ორივე მაჩვენებელი საკმაოდ აღემატება 2012 წლის(1, 334 მილიარდი) და 2011 წლის(1,268 მილიარდი) ოდენობას.
კი, რუსეთიდან იკლებს, ევროპიდან და ამერიკიდან მოიმატებს. კლება არ იქნება იმდენი, რომ 2012 წლის მაჩვენებელს ჩამოცდეს.
ნავთობზე ფასების კლებით წარმოქმნილი ვალუტის გადინების ეკონომია წლის განმავლობაში თითქმის სამჯერ მეტი იქნება, ვიდრე გადმორიცხვების შემცირებით წარმოქმნილი დეფიციტი.
ლართან დაკავშირებული მთავარი მიზეზი ქვეყნის ეკონომიკაში არსებული პრობლემებია, რომელსაც აძლიერებს არაჯანსაღი ბიუჯეტი და რომელზეც გავლენას ( არაარსებითს) ახდენს საგარეო ფაქტორებიც. ესაა და ეს.
არ გამოვა განტევების ციკნის ძებნა!

3. სომხეთში შარშან ავიაციით ორი აეროპორტის მიერ გადაყვანილი იქნა 2,044 მილიონი მგაზავრი, რაც 20,8 პროცენტით (350 ათასი კაცით) მეტია 2013 წელთან შედარებით. 
სომხეთის ხელისუფლების განცხადებით, ეს არის ღია ცის პოლიტიკაზე გადასვლის შედეგი, რომელსაც მოჰყვა ერთადერთი სომხური კომპანიის, "არმავიას" გაკოტრება. 
ამ პოლიტიკის წყალობით შარშან სომხეთში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა 35 პროცენტით. 
როცა ხელისუფლება სწორს აკეთებს, კრიტიკა კი არ არის საჭირო, არამედ მხარდაჭერა. 
საკრიტიკო ისედაც ბევრი აქვს და სჯობია იქ დავხარჯოთ ენერგია. 
არც რუსეთის ფაქტორის გამოყენებაა საჭირო მუდმივ საფრთხობელად. ისედაც ბევრია მათგან საფრთხეები და სჯობია რეალურ პრობლემებზე გავამახვილოთ ყურადღება.

4. ტერმინებით ამაღლებული ავტორიტეტი თუ ტერმინებით შენიღბული უცოდინარობა?!
ერთ ქართველ ფინანსთა მინისტრს შევარდნაძის პერიოდში ძალიან მოსწონდა გამოთქმა: ჩვენი ბიუჯეტი ყველაზე ტრანსფარენტული და გამჭვირვალეაო. ხშირად იყენებდა ამას მაღალი ტრიბუნიდან.
ახლა მოდური გახდა მაღალ მოხელეთა მხრიდან "ვიზა ლიბერალიზაციის" ხმარება.
ეს იგივეა რომ თქვა "ჩოხა მორგება" ან "ლინზა გაკეთება"!
თქვი რა, ვიზების ლიბერალიზაცია. ვიცით, რომ ინგლისური იცით და ცოტა ჭკუაც რომ მოგეკითხებათ!
ეს ჟურნალისტებიც რომ გათუთიყუშდებიან ხოლმე?
( პირველი კრიტიკა ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ჟურნალისტების მისამართით).



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge