15 ოქტომბერს რუსებმა მარიუპოლთან ახლო სოფელში ხალხი დასაფლავებაზე ააფეთქეს

15 ოქტომბერს რუსებმა მარიუპოლთან ახლო სოფელში ხალხი დასაფლავებაზე ააფეთქეს

26.01.2015

ნანა ჯანაშია

მარიუპოლს 1948-1989 წწ ჟდანოვი ერქვა. ეს ქალაქი უკრაინის  სამხრეთ-აღმოსავლეთში, აზოვის ზღვის სანაპიროზე, დონეცკის ოლქში  მდებარეობს. მისი მოსახლეობა (ქალაქის შემადგენლობაში შემავალი სოფლების ჩათვლით) - 494,587 კაცს შეადგენს. მარიუპოლი მეტალურგიისა და მანქანათმშენებლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი და  უკრაინის უდიდესი საზღვაო პორტია. მარიუპოლი შედის უკრაინის უდიდესი ქალაქების ათეულში და  წარმოადგენს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სამრეწველო და ეკონომიკურ ცენტრს. მარიუპოლის რაიონში კომპაქტურად ცხოვრობენ ბერძნები.

უკრაინისთვის უმნიშვნელოვანესი ზღვისპირა ქალაქ  მარიუპოლის ხელში ჩასაგდებად  სეპარატისტები  2014 წლის 13 აპრილს გააქტიურდნენ.   მათ, ჯერ საკრებულოს შენობა დაიკავეს. 17 აპრილს კი  ღამით, 300-მდე პრორუსი აქტივისტი უკრაინულ სამხედრო ბაზასთან მივიდა  და ცეცხლსასროლი იარაღისა და მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებით ბაზის შტურმს შეეცადა. სამხედროებმა მათ საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს, შედეგად სამი თავდამსხმელი იქნა მოკლული. 7 მაისს უკრაინელმა ძალოვნებმა მარიუპოლზე  კონტროლი აღადგინეს,  ტერორისტების მიერ დაკავებული ქალაქის საბჭოს შენობა გაანთავისუფლეს.   მარიუპოლის გარშემო სამხედრო ტექნიკა განალაგეს. ე. წ. დონეცკის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი კი  დააპატიმრეს. 9 მაისს ტერორისტების 60-კაციანი დაჯგუფება ქალაქის მილიციის სამმართველოს შენობას თავს დაესხა. შენობაში მყოფი მილიციელების დასახმარებლად ქალაქში მძიმე ტექნიკა შევიდა. შეტაკების შედეგად 20-მდე ტერორისტი დაიღუპა, 4 კი დააკავეს. ამ ბრძოლაში დაიღუპა დნეპროპეტროვსკის ბრიგადის მეთაური და ქალაქის მილიციის უფროსი. შინაგან საქმეთა სამმართველოს შენობა კი მთლიანად დაიწვა. 25 აგვისტოს რუსეთიდან უკრაინის  ზღვისპირა ქალაქ ნოვოაზოვსკიდან მარიუპოლში სამხედრო კოლონა შეიჭრა.  უკრაინელმა მესაზღვრეებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. 4 სექტემბერს  რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ მარიუპოლთან უკრაინელი სამხედროების პოზიციებს ისევ  შეუტიეს. უკრაინის პრემიერ მინისტრი  არსენ იაცენიუკი პუტინის სამშვიდობო გეგმის წინააღმდეგ გამოვიდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუსეთს მისტრალის ტიპის სამხედრო ხომალდი არ მიაწოდოს. ეტყობა ამან დააჩქარა ის, რომ  5 სექტემბერს უკრაინის, პრორუს ინტერვენტებსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი  მინსკში მოეწერა.  6 ოქტომბერს უკრაინაში  რუსმა ინტერვენტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება სულ მცირე 50-ჯერ მაინც დაარღვიეს.  მათ ორჯერ მიიტანეს იერიში დონეცკის აეროპორტზეც, რომლის აღებას რამდენიმე თვეა უშედეგოდ ცდილობდნენ. ტერორისტების ყველა შეტევა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს. ეტყობა,  5 სექტემბერს, მინსკში ხელმოწერილი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, სეპარატისტებს 6 ოქტომბერს უკვე აღარ ახსოვდათ... 15 ოქტომბერს, ქალაქ მარიუპოლის მახლობლად სოფელი სარტანა პრორუსმა ტერორისტებმა ნაღმმტყორცნებითა და გრადებით იმ დროს დაბომბეს, როდესაც სოფლელები დასაფლავებაზე იმყოფებოდნენ. დაბომბვის შედეგად შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 16 კი დაშავდა. (გაიხსენეთ ვაზაგაშვილის საქმე, იქაც დასაფლავების დღეს მოხდა ტერორისტული აქტი!)

იმ ღამითვე  ტერორისტები დონეცკის აეროპორტის შტურმს  შეეცადნენ.  უკრაინამ ეს შეტევაც  მოიგერია.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მიუხედავად ასეთი ვითარებისა , უკრაინის პრეზიდენტმა შესძლო და  რუს კოლეგას ტელეფონით მაინც ესაუბრა. პოროშენკომ და პუტინმა 16-17 ოქტომბერს მილანში დაგეგმილი შეხვედრის შესაძლო ფორმატი და დღის წესრიგი განიხილეს...

 რუსეთი მაინც არ გაჩერდა.   2015 წლის 21 იანვარს, ადამიანური რესურსითა და  საბრძოლო ტექნიკით უფრო გაძლიერებულმა პრორუსმა ბოევიკებმა ქალაქ მარიუპოლის მისადგომებთან უკრაინელების პოზიციებზე იერიში კვლავ მიიტანეს. საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა დონეცკის აეროპორტშიც.  24 იანვრის შუადღეს კი  პრორუსმა ბოევიკებმა  მარიუპოლში  საცხოვრებელი სექტორი დაბომბეს.  გრადის ტიპის რაკეტები  ბაზარს  დაეცა და დაანგრია, სკოლა და საცხოვრებელი სახლები კი დააზიანა.  შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, 93 კი  დაშავდა. მარიუპოლის დაბომბვას უკრაინულმა მხარემ ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

ამჟამად, რუსების სამხედრო რეზერვი  ქალაქ მარიუპოლიდან 50 კილომეტრშია კონცენტრირებული.  სეპარატისტი  მებრძოლები დონეცკის ოლქის მთელი ტერიტორიის უკრაინული ძალებისგან გათავისუფლებას აპირებენ, პირველ რიგში კი სლავიანსკის და მარიუპოლის ხელში ჩაგდება უნდათ!  მარიუპოლი  ისევ უკრაინის მთავრობის კონტროლქვეშაა და იმედია, უკრაინა ამ ომში მალე  გაიმარჯვებას!

.

 ამბავი ხელით ამოთხრილ შავ ზღვაზე ანუ ხალხის ტვინის რეცხვის პროპაგანდისტული მეთოდი. იხ. ვიდეო:



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge