გია ნოდია
1.აბსტრაქტული ზოგადი დებულებები ეშმაკისაა. ღმერთს უყვარს კონკრეტიკა.
ამიტომ ღმერთს უყვარს სიტყვა „მაგრამ“, რადგან ამ სიტყვის გამოუყენებლად კონკრეტულად ვერ იაზროვნებ. ოღონდ ეშმაკმაც იცის ეს და ცდილობს, იგივე სიტყვა ხანდახან მის ინტერესებში გამოგვაყენებინოს. ან - ეს ალტერნატული ვარაუდია - არასწორი ხმარებით მისი დისკრედიტაცია მოახდინოს, რათა კარგმა ადამიანებმა საერთოდ უარი თქვან ამ სიტყვის, „მაგრამის“, - ხმარებაზე. ესეც ეშმაკის გამარჯვება იქნება.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად ვიხმაროთ ეს სიტყვა. სწორი ხმარების მაგალითებია:
„მარია მაგდალინელი ბოზია, მაგრამ ამის გამო ქვა არ უნდა ვესროლოთ.“
ან:
„ვგმობ ძალადობას, მაგრამ თუ ჩემს ქვეყანას მტერი შემოესევა, მზად ვარ იარაღი ავიღო და დავიცვა“.
2. ამ სფეროს მცოდნე ხალხისგან გამიგია (არა მხოლოდ ქართველებისგან), რომ მხილებული კრიმინალების ჩვეული სტრატეგიაა, ბოლომდე ჯიუტად უარყონ ყველაფერი, რაც გინდა საბუთი დაუდო. მხოლოდ მაშინ აღიარებენ, თუ კონკრეტულ და მათთვის სასარგებლო გარიგებას შესთავაზებ.
ჩვენი ხელისუფლების პიარ-სტრატეგიაც ესაა: რაშიც გინდა ამხილო და რაც გინდა საბუთი დაუდო, უბრალოდ უარყოფენ. თეთრზე შავის და პირიქით თქმა მოსულა, არ არის პრობლემა. ყოველ ახალ სკანდალზე ასე იქცევიან: ყველაფერი უარყავი, ბუნდოვნად თქვი, რომ „მატყუარები მალე მხილებულები იქნებიან“ ან რამე აგვარი, ხალხი ფეისბუქზე ორი დღე იჩხუბებს და მოსწყინდება. მით უმეტეს, რომ იმ ორ დღეში რამე კიდევ მოხდება (თუნდაც ახალი სკანდალი) და გადაფარავს.
ჯერჯერობით მუშაობს, რას ერჩი.
3.დღეს ერთ ევროპელ კონსულტანტს ველაპარაკე ჩვენს სიტუაციაზე (მანამდე მხოლოდ ენჯიოებთან ჰქონდა კონტაქტი, პოლიტიკოსებს არ შეხვედრია და არც უნდა). მთავრობის მიმართ საკმაოდ კრიტიკული ვიყავი (როგორც ზოგადად ვარ), თუმცა თუ რამე პოზიტიური გამახსენდა, ისიც ვთქვი. რომ ვშორდებოდით, ბოლოს ეს მითხრა: ამ მთავრობაზე ყველაზე მეტი პოზიტიური შენგან გავიგეო.
გესმით, ბატონო ბიძინა?კიდევ ჩემით ხართ უკმაყოფილო!
4. …სრულიად ვეთანხმები ბატონ მიდს (“PUTIN'S WORLD In It To Win It” WALTER RUSSELL MEAD http://www.the-american-interest.com/2015/01/27/in-it-to-win-it/ ): დასავლეთის მიერ სისუსტის გამოჩენა არის რუსეთის აგრესიის მთავარი მაპროვოცირებელი ფაქტორი. დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია. ასე რომ დასავლეთის პასუხი მიმართული უნდა იყოს არა რუსეთის დასუსტებაზე, არამედ საკუთარ გაძლიერებაზე.
"The key to Putin’s thinking is that he is betting less on Russian strength than on German and therefore Western weakness."
5. იური ვაზაგაშვილის მკვლელობის მიზეზებზე მარჩიელობა არის სისულელე. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ერთადერთმა ამ შემთხვევაში სწორმა ფრაზამ: „გამოძიებას დაველოდოთო“ - აზრი დაკარგა, იმიტომ რომ ამათი გამოძიებული და გახსნილი ჯერ არაფერი გვინახავს. ერთადერთი, რაც გახმაურებული საქმეების გამოძიებისას ამოძრავებთ, პოლიტიკური ინტერესია, მაგრამ ესეც არ არის ხოლმე საკმარისი საქმის ბოლომდე მისაყვანად.