რომან გოცირიძე
დები, ძმები და მეგობრები!
როცა აფხაზებზე საუბრობენ და მათდამი განსაკუთრებული პოლიტიკური სიმპათიის გამოხატვა სურთ, მოიხსენიებენ როგორც "ჩვენს დებს და ძმებს" (ახლახანს, მიუნხენის კონფერენციაზეც...) ეს, არამარტო სიყალბეა, არამედ - ამ ერის დამცირებაც.
ასეთი სახის გამონათქვამები ან საბჭოთა კლიშეა, რომელსაც რუსი ერის, უფროსი ძმის პატარა ერებთან უპირატესობის ხაზგასამელად იყენებდნენ, ან აღმოსავლური, ფარისევლური დიპლომატიის მოძველებული ფრაზა, რომელიც მხოლო სადღეგრძელოს მსგავს ქათინაურად თუ აღითქმება (რომ არაფერი ვთქვათ ჯორჯ ორუელის "უფროს ძმაზე", რომელიც მუდმივად გითვალთვალებს). ასეთივეა, პოლიტიკოსების მიერ სხვა ქვეყნის ლიდერების მეგობრებად მოხსენიება. არავის მეგობარი არ არის არც ობამა, არც ბუში, არც მაკკეინი და მითუმეტეს, არც მერკელი. საუკეთესო შემთხვევაში ისინი მხოლოდ პარტნიორები შეიძლება იყვნენ.ჯერ კიდევ როდის ამბობდა ჩერჩილი, რომ პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და მტრები, არსებობენ მუდმივი ინტერესები.
მსგავსი ფრაზეოლოგია ჯერ კიდევ თუ იყიდება შიდა ბაზარზე, დიდი საგარეო ტრიბუნებიდან და ეკრანებიდან მაინც უნდა მოვერიდოთ მის ტირაჟირებას.