შვედური ლექსი ქართულად

შვედური ლექსი ქართულად

11.02.2015

ევა ეკბერი შვედეთში დაიბადა. დედით არგენტინელია. მისი ლექსები ხშირად იბეჭდება შვედურ პერიოდულ გამოცემებში. არის ორი კრებულის ავტორი. მისი და სხვა შვედი ავტორების ლექსები ქართულად თარგმნა შვედეთში მოღვაწე ქართველმა  ქალბატონმა მანანა კობაიძემ, რომელიც  ასწავლის ქართულ ენას ონლაინ კურსებზე. გთავაზობთ ევა ეკბერის ლექსის  „დედის სამშობლო“  ქართულ თარგმანს:

დედის სამშობლო

არ მინახავს დედაჩემის სამშობლო.
სხვა კონტინენტზე დარჩნენ ბებიაჩემის სიზმრები და დედაჩემის ახალგაზრდობა.
თეთრი კაბიდან მატარებლის რელსებამდე
ხმელი ბალახის ღერები
მეხება წვივებზე.
- იქ მეყოლე, ორი თვისა იყავი, როცა წამოგიყვანე - ამბობს დედა.
მე არ მახსოვს.
- სადაც ვცხოვრობ, იქნებ აქ არის ჩემი სამშობლო - ვეუბნები დედას.
დედა სხვა ენაზე ლაპარაკობს.
მე სამზარეულოში ვუყურებ ტელევიზორს.
ჩემი კატა სხვა კონტინენტზე არ ყოფილა.
როცა დიდი იქნები, არგენტინაში წაგიყვან -ამბობდა დედა
და სიტყვა არგენტინას რატომღაც ჰქონდა ვერცხლისფერი ჩაიდნის ფორმა.
არგენტინაში დარჩნენ დედაჩემის სიზმრები და ახალგაზრდობის მეგობრები -
მიცნობენ ისინი, როცა იქ ჩავალ?
დედას უნდა, რომ აქაც ვიყო და იქაც.
ფანჯრებიდან მოწყენილი ნისლები ამოდიან ,
მემშვიდობებიან - სანამ ცისკენ გასწევენ,
მომხედავენ და სველი ენებით სისინებენ -
არასოდეს.
არასოდეს.
შენ არ მიგიღებს არგენტინის მზე, როგორც თავის შვილს ან შვილიშვილს.
მარტო ისე მოგეფერება, როგორც მოხეტიალე ტურისტს.
შენი ყავის ჭიქაშიც ისე გაიელევებს - გავლით, სხვათა შორის, 
როცა სასტუმროს ფანჯარაში შემოიხედავს ჩასვლის წინ.
აქაური ბაბუაწვერა
გერჩიოს იქაურ ოლეანდრებს.

დედას -
ვიცი, საფლავიც იქ უნდა.
დედაჩემს ალბათ
დედაჩემის სამშობლო 
დამაშორებს.

არ მინდა წასვლა. მეშინია, არგენტინამ არ შეიცვალოს
ვერცხლისფერი ჩაიდნის ფორმა.
მეშინია, იქნებ მართლა სამშობლოც არის
და
სასაფლაოც.
ვერცხლი - არგენტუმ. არგენტინა.

თარგმნა მანანა კობაიძემ

P.S. ფოტოზე: მანანა კობაიძე

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge