გუშინ, სასტუმრო „სიმპატიაში“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა და აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების მიერ დამზადებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა მოეწყო. აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროცესებში აფხაზეთიდან დევნილი მოსალხეობის ჩართულობაზე ისაუბრა აფხაზეთის ა/რ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარიამ. დისკუსიის შემდეგ დევნილთა დასაქმების საკითხის გადასაწყვეტად დაიგეგმა შეხვედრები და კოორდინირებული მუშაობა ცენტრალურ სტრუქტურებთან და არასამთავრობო სექტორთან. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემრულებლის ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით, დევნილთა დასაქმების მიმართულებით, აფხაზეთის მთავრობამუშაობას ააქტიურებს და სულ მალე ამ მხრივ კონკრეტული შედეგებიც იქნება. მისივე თქმით, აფხაზეთის მთავრობა მზადაა ყველა დაინტერესებულ უწყებასთან შექმნას შესაბამისი სამუშაო ჯგუფი. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვითა მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის, საქართველოს პარლამენტის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, აფხაზეთის მთავრობის წევრები და დევნილთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მომზადებულია“Abkhazia News”-ის მიხედვით.