ეთნიკური ოსების მოქალაქეობის, განათლების, კულტურული მემკვიდრეობის, რეისტიტუციისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობდნენ დღეს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე, რომლის მუშაობაშიც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებიც მონაწილეობდნენ. სახალხო დამცველის პირველმა მოაგილემ, პაატა ბელთაძემ თავის მოხსენებაში ისაუბრა სახალხო დამცველის ოფისთან არსებული საკონსულტაციო სამუშაო ჯგუფის „ოსური ფორუმის“ არსებობის ერთი წლის მანძილზე გაწეული საქმიანობისა და სამოქმედო გეგმების შესახებ.
„როგორც პაატა ბელთაძემ განაცხადა, „ოსური ფორუმის მიზანია, ეთნიკური იდენტობის ხელშეწყობა და მისი საქმიანობა მიმართულია ოსური კულტურის, ენის, თბილისის ეთნიკურ მუზეუმში არსებული ოსური სახლის აღდგენა-რეაბილიტაციისკენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პარლამენტთან თანამშრომლობა ამ ფორმატში არის ძალიან მნიშვნელოვანი ხალხთა შორის ურთიერთობის აღდგენისა და დაახლოების თვალსაზრისით“.
სხდომაზე „ოსური ფორუმის“ წევრებმა ოსი მოსახლეობის კონკრეტულ პროებლემებთან დაკავშირებით ისაუბრეს და პარლამენტის წევრებთან ერთად იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წამოჭრილ საკითხთა შორის ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების საკითხია, რომლის შესახებაც, დეპუტატების მოსაზრებით, დახურულ სხდომაზე განსაკუთრებული მსჯელობაა საჭირო, რომ კონკრეტულად განისაზღვროს რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ორმაგი მოქალაქეობის ან თანამოქალაქის სტატუსის მინიჭება.
სხდომაზე ასევე მოწვეულნი იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროების, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.
via: parliament.ge
ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი