ქართული ზეთისხილი

ქართული ზეთისხილი

15.02.2015

ნანა ჯანაშია

ძველ ელადაში, ოლიმპიურ შეჯიბრში გამარჯვებული ჯილდოდ ოქროს დანით მოჭრილი გარეული ზეთისხილის ტოტებისაგან გაკეთებულ გვირგვინს ღებულობდა. დღეს, საქართველოში,  ზეთისხილის ტოტები, როგორც სიბრძნისა და განახლების სიმბოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გერბს ამშვენებს. მაგრამ, უფრო სასიამოვნო ის ფაქტია, რომ  ზეთისხილი საქართველოში, როგორც აგროკულტურა ისე შემოვიდა და არაა გამორიცხული ამან აგროტურიზმის განვითარებასაც შეუწყოს ხელი. აგროტურიზმი,  როგორც ტურიზმის დამოუკიდებელი მიმართულება XX საუკუნის მეორე ნახევარში ევროპის კონტინენტზე ჩამოყალიბდა. აგროტურისტებს კი განსაკუთრებით  ზეთისხილის პლანტაციებში ყოფნა და ამ ხილის კრეფის პროცესი მოსწონთ. შესაბამისად, საკმაოდ სერიოზულ თანხებს იხდიან ამ სიამოვნებაში. აფხაზეთში, სხვა ძვირფას სუბტროპიკულ მცენარეებთან ერთად ზეთისხილიც იზრდება... მაგრამ, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ აფხაზეთში, ევროპის კონტინენტიდან კი ჯერ კიდევ არავის გავუყრივართ... ეს მცენარე საქართველოს სხვა მხარეში შემოვიდა. კონკრეტულად კი ზეთისხილის პლანტაციების მოშენება კახეთში დაიწყეს. თავდაპირველად 10 ჰექტარზე გაშენდა. ზეთისხილის სანერგე მეურნეობებმა საქართველოში 2009 წლიდან დაიწყეს განვითარება. ზეთისხილის ნერგი მოსავალს 5 წელიწადში იძლევა. შესაბამისად,  საქართველოც პირველად 2014 წელს წარსდგა მსოფლიო რუკაზე, როგორც ზეთისხილის მწარმოებელი ქვეყანა. ზეთისხილს, გადამამუშავებელი ქარხანაც დასჭირდა და ისიც კახეთში, თურქული ინვესტიციებით შენდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ადგილობრივი პროდუქცია იმპორტს, 2015 წლიდან დაუპირისპირდება.  სასიამოვნო ფაქტია ისიც, რომ ამ საქმით რელიგიის მესვეურნიც დაინტერესდნენ და 2014 წლის მარტში,  მახათას მთაზე ზეთისხილის ბაღების გაშენება დაიწყეს.  პირველი ხე სიმბოლურად კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დარგო.

ახლა კი, იმას შეგახსენებთ, თუ რა სარგებლობა მოაქვს ზეთისხილს:

1.ასთმიანებმა ყოველდრიურად უნდა მიირთვან;  

2.ჭამის დაწყებამდე  რამდენიმე ცალის მირთმევით, გაგვიუმჯობესდება საჭმლის მონელება და წონაშიც უპრობლემოდ დავიკლებთ;

3.გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება;

 4.ზეთისხილის ახალი ფოთლების ღეჭვა პირიდან სუნს აქრობს;

5.კბილის ტკივილისას ზეთისხილის  ფოთლების ნახარში უნდა  გამოვივლოთ...

 სხვა მრავალი კეთილი თვისებაც გააჩნია ზეთისხილს...  

ფოტო გადაღებულია კახეთში და მასზე ზეთისხილის წარმოების მესვეურთა თურქული მხარეა  წარმოდგენილი.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge