მიუნჰაუზენიადა

მიუნჰაუზენიადა

18.02.2015

მიუნჰაუზენი ანუ  ფანტაზიორი,  ჯადოსნური და მომხიბვლელი  მეზღაპრე...  გერმანელი მწერლის რუდოლფ ერიხ რასპეს მიერ მარტივი ენით მოთხრობილი ბარონ მიუნჰაუზენის  თავგადასავლები მე-18 საუკუნიდან მოყოლებული თაობებს  იუმორითა  და ხალისით ავსებს.  სინამდვილეში  ბარონ  მიუნჰაუზენი  რეალური პიროვნება გახლდათ და  მას კარლ ფრიდრიხ იერონიმ  ბარონ ფონ მიუნჰაუზენი ერქვა. ის გერმანელი პოლკოვნიკის შვილი იყო.  თავადაც სამხედრო  ჩინი ჰქონდა. მუშაობდა რუსეთში, თურქეთში და  ლატვიაში და უკვე ასაკში შესული   ხალხს  ფანტაზიით შეზავებულ საკუთარ თავგადასავლებს უყვებოდა. მისი მონაყოლის მიხედვით  ვიღაც უცნობმა წიგნიც კი  გამოსცა  ბერლინში, 1781 წელს. და როცა ბარონმა მასში  საკუთარი თავი ამოიცნო, განაწყენდა, მოინდომა რომ თავად დაეწერა  წიგნი. მიზეზთა გამო ავტორი ვერ გახდა. სამაგიეროდ დიდმა მწერალმა რასპემ ის უკვდავყო. ახლა, ალბათ   საფლავში წრიალებს მიუნჰაუზენი. ნამდვილად არ გაუხარდება ის რასაც ახლა  მისი სული ამ ვიდეოში ნახავს და მოუსმენს.   კონკურენტი გამოუჩნდა, თან  „ძებნილი“ ...

გთავაზობთ მიუნჰაუზენის ერთ თავგადასავალს:

დათვთან შებმა

...ამდენმა ფათერაკმა საკმაოდ დამქანცა, გადავწყვიტე ამიერიდან მშვიდად მეცხოვრა. მაგრამ როგორც კი გადმოვედი ნავიდან, ვეება დათვი მეკვეთა.

რაღაც უზარმაზარი მხეცი იყო.

ერთ წუთში დამგლეჯდა, მაგრამ წინა თათებში ვტაცე ხელი და ისე მაგრად მოვუჭირე, ტკივილისაგან აღმუვლდა.

რომ გამეშვა, მაშინვე დამგლეჯდა, ამიტომ მისი თათები სამი დღე და ღამე მეჭირა, სანამ შიმშილით სული არ ამოხდა. დიახ, შიმშილით მოკვდა, რადგან დათვები თათების ლოკვით იკვებებიან, ამ დათვს კი თათების მოლოკვა არასგზით არ შეეძლო. ამიტომაც შიმშილისაგან დაიღუპა.

მას შემდეგ ვერც ერთი დათვი ვერ ბედავს ჩემზე თავდასხმას.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge