საქართველო სამარხვო ბენზინით, შნობელის ლაურეატებით და მონტე - კარლოს მომავლით

საქართველო სამარხვო ბენზინით, შნობელის ლაურეატებით და მონტე - კარლოს მომავლით

07.03.2015

რომან გოცირიძე

საქართველო მონტე-კარლოა თუ რა?!

საქართველოში უცხოელს თუ უნდა დიდი ხნით შემოსვლა, არანაკლებ 35 ათასდოლარიანი ბინა უნდა იყიდოსო. და მერე, რამდენი იქნება ამის მსურველი? რატომ უნდა მოუნდეს? მონტე-კარლოა თუ რა?

„ოცნების“ პლიუსების ორი „ზაგატოვკა“

პლიუსებს რას ხედავთ ოცნების საქმიანობაშიო, მეკითხება გუშინ ერთი უცხოელი ჟურნალისტი. კარგა ხანს დავფიქრდი. ობიექტურობისათვის ერთი- ორი "ზაგატოვკა" არ უნდა გქონდეს კაცს? რაღაცები მივკიბ-მოვკიბე. ჩემი გულწრფელი პასუხი კი ასეთია: იმაში ვხედავ, რომ წინა ხელისუფლება შეცვალა, რათა ყველა მიხვდეს, რომ შეუცვლელი არავინაა. 
დანარჩენ პლიუსებს თუ ვინმე ჩამოთვლის, გამიხარდება. უფრო მომზადებული შევხვდები მომავალში.

 ვისოლი - სამარხვო დონატებიდან  სამარხვო ბენზინამდე

სენსაციური ინფორმაცია მოვისმინე ამ წუთას ტელეარხებიდან. როგორ არ გამოვეხმაურო ამას. საერთაშორისო ქსელი, დანკინ დონათსი მსოფლიოში პირველად, თბილისში, სამარხვო დონატებს გამოუშვებს.
ამ კვირაში ეს მეორე მსოფლიო დონის მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის. პირველი, რა თქმა უნდა ტუტანჰამონის ქართველობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციაა.
უფრო დიდი საოცრების მომსწრენიც შეიძლება გავხდეთ: თურმე, ვისოლის ხელმძღვანელობა სამარხვო დონატების შემდეგ სამარხვო ბენზინის წარმოების ტექნოლოგიაზე მუშაობს!

შნობელის პრემია

თუ ხანდახან არ გაართე, სტუდენტებს ჩაეძინებათ ხოლმე. განსაკუთრებით,  მესამე ლექციაზე. 
საკმაოდ სახალისო გამოდგა თემის განხილვა: ვის მიანიჭებდით ნობელის პრემიას ძველ დროში. 
მივანიჭეთ: ბორბლის გამომგონებელს (ისე გადაშენდა ინკებისა და აცტეკების ცივილიზაცია, რომ არ იცოდნენ ბორბალი რა იყო);

 იმას, ვინც პირველმა სტყორცნა ისარი;

 ვინც გამოიგონა ფული და ასე შემდეგ. 
ნეტავ, რამდენი მილიონი წელიწადი ედო თავი ქვაზე ან კუნძზე ადამიანს, რომ მიმხვდარიყო ბალიშის სიკეთეს? 
მე, ნობელის პრემიას,  ბალიშის გამომგონებელსაც მივანიჭებდი... 
ქვეყნის სავალუტო რეზერვებიც ბალიშია. დაცემისას რომ გიცავს დარტყმისაგან. 
ერთ თვეში გაანიავეთ!
არა, არ იმსახურებთ პრემიებს! ( შნობელსაც კი).



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge