ნეტა, შენი ქმარი მანახაო...

ნეტა, შენი ქმარი მანახაო...

12.03.2015

ბელა ალანია

როგორ ძნელია საჩუქრის შერჩევა. პირველ რიგში, თვითონ უნდა მოგეწონოს ძალიან, თან ვისთვისაც ყიდულობ მისი გემოვნება, ასაკი და სხვა ფაქტორებიც უნდა გაითვალისწინო. მეგობრისთვის უნდა შემეძინა რამე ისეთი, რასაც სიამოვნებით ატარებდა და როცა დახედავდა, გავახსენდებოდი. მაღაზიაში გულქანდას დავუწყე თვალიერება. გადმოვიღე წითელკოპლებიანი ჭიამაია, გულმოდგინედ დავაცქერდი, ვიფიქრე, ძალიან ბავშვურად არ ჩათვალოს-მეთქი, ჩემი საჩუქარი. ახლა, მეორე გადმოვიღე, ბალერინა ცერებზე შემდგარიყო, მომეწონა, მაგრამ ასეთი მასშტაბური ქალისთვის, როგორიც ჩემი მეგობარია, ალბათ არ გამოდგებოდა, უფრო კაფანდარა გოგონას შეეფერებოდა. მესამეზე, ყვავილების თაიგული იყო გამოსახული, უამრავი ფერით. გამახსენდა, რომ არ უყვარს ჭრელი რაღაცეები და დავდე. მოკლედ, ასე ვარჩიე, ვარჩიე კარგა ხანს. 
გამყიდველი ფამილარული იყო, ნებისყოფა დაელია ან იქნებ, სულაც მეხუმრა, ამდენ ხანს რას არჩევ, ქალბატონო, ოცლარიანი „ბროშკებია“, გეგონება, მილიონი გაქვს გადასახდელი, ნეტა, ერთი, შენი ქმარი მანახა, ვინ იცის რამდენ ხანს არჩევდი და ბოლოს, საინტერესოა ვინ ამოარჩიეო. ვიფიქრე, რა სიურპრიზი იქნება, ახლა, ამას რომ ვუთხრა, ვინაა ჩემი მეუღლე და საინტერესოა, რა რეაქცია ექნება როცა გაიგებს? კი ვიფიქრე, მაგრამ არაფერი ვუპასუხე, გავუცინე და მივადექი, ახლა უკვე „ბრელოკებს“ ჩემი მეგობარი მანქანას ატარებს და უეჭველი გამოადგებოდა. სხვადასხვანაირი იყო. ისინიც კარგა ხანს ვარჩიე. თან მეშინოდა, ახლა სულ არ გამაგდოს აქედან ამ ქალმა,მოკვდა ჩემი თვალყურის დევნებით, არადა, კარგი არჩევანი იყო იმ მაღაზიაში. ზოდიაქოს ნიშანი არ ვიცოდი რომელი იყო მაიკოსი, ამიტომაც გამოვრიცხე. ვხედავ, პატარა სპილუკა დევს, მუქი მწვანე ფერის. რა კარგია?! აი, ამას ვიყუდი! ხმამაღლა ვთქვი და გამყიდველმაც ამოისუნთქა. 
მივუტანე საჩუქარი მეგობარს და ვეკითხები: „აბა გამოიცანი, რისი ბრელოკი გიყიდე“ 
_ ბრელოკი? რა კარგია, ალბათ სპილოსი, _ გაუბედავად თქვა, უფრო სწორად იხუმრა. 
არადა, სულ სპილუკას ვეძახი მოფერებით, ფულფულა რომაა იმიტომ და კეთილი, უსაშველოდ კეთილი, გულუბრყვილო, მშვიდობისმოყვარე, უკომფლიქტო, მორჩილი, ძალიან არაამქვეყნიური მგონია ხანდახან. 
იმ წუთას, როგორ მინდოდა გამყიდველი გვერდით მყოლოდა და მაიკოს რეაქცია ენახა საჩუქარზე. სახეში სიამოვნებით ჩავხედავდი, კიდევ თუ იკითხავდა: ნეტა, ერთი, შენი ქმარი მანახა, რამდენ ხანს არჩევდი და ბოლოს ვინ ამოარჩიეო. 
ასე უნდა ცხრიანში გარტყმა- მეთქი, ვეტყოდი, დიდი სიამოვნებით.
ჩემი დიდი სპილუკა მეგობარი კი, ფრიად ნასიამოვნები ჩანდა საჩუქრით.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge