დღეს, 13 მარტს, ევროპარლამენტარი ანა ფოგიტა მატროსოვის ციხეს ესტუმრა და იქ 2 საათზე მეტ ხანს იმყოფებოდა. მან, ის პატიმრები მოინახულა, რომლებსაც ადრე მაღალი თანამდებობები ეკავათ. გიგი უგულავასთან, ვანო მერაბიშვილთან და ბაჩო ახალაიასთან შეხვედრის შემდეგ ფოგიტამ მათი მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოთქვა. აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთოს დოკუმენტებში სასჯელაღსრულების სისტემის ხარვეზები ასახულია და ეს საქართველოში არსებულ საერთო ვითარებას არ წაადგება. აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნები ვერ ხვდებიან ოჯახის წევრებს და ვერ სარგებლობენ ჩვეულებრივი პატიმრების უფლებებით. „ეს ვითარება უნდა შეიცვალოს. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას დაგვეხმაროს. სხვანაირად, ჩვენ ვერ დავეხმარებით ქვეყანას დასავლეთისკენ სვლაში“, აღნიშნა მატროსოვის ციხიდან გამოსულმა ანა ფოგიტამ.