ნაციონალური მოძრაობის ანტისამთავრობო აქცია

ნაციონალური მოძრაობის ანტისამთავრობო აქცია

21.03.2015

ნანა ჯანაშია

21 მარტს, მზის დაბნელების მეორე დღეს და  იმ დღეს, რომელიც ზამთრის შემდეგ  პირველადაა  ღამეზე დიდი,  ნაციონალურმა მოძრაობამ , თავისუფლების მოედანზე ანტისამთავრობო აქცია გამართა. საპროტესტო პლაკატების, დროშებისა და წითელი ბარათების თანხლებით  შეკრებილთა „წადის“  ძახილს „ ქართული ოცნება“  აივნებიდან აკვირდებოდა.   „არცერთი დაპირება არ შეუსრულებიათ, უნიათო მთავრობაა, გადადგნენ“!  ისმოდა მომიტინგეთა შეძახილები.

 აქცია  ნიკა მელიამ გახსნა და წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ  მარნეულში ჩასულმა ქვეყნის პირველმა პირებმა   გაზაფხულის დღესასწაულის მილოცვასთან ერთად  აქციაზე  მყოფი 3000-მდე აზერბაიჯანელი გალანძღეს და მათ, თბილისში, ფულის გამო ჩასულები უწოდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით,  აზერ სულეიმანოვსაც საკმაოდ  ემოციური გამოსვლა  ჰქონდა. მან აღნიშნა, რომ ის,  ქართველი აზერბაიჯანელია. ოპოზიციაში  კი იმიტომ არის, რომ  ქმედითი და უნარიანი მთავრობა სურს ჰყავდეს..  მან აზერბაიჯანელი ხალხის სახელით მიულოცა აქციის მონაწილეებს გაზაფხულის დღესასწაული ნოვრუზ ბაირამი, რომელიც სააკაშვილიმა, თავისი პრეზიდენტობისას სახელმწიფო დღესასწაულად გამოაცხადა. 

 ირმა ნადირაშვილმა ყოფილ კოლეგებს ჟურნალისტის დღე მიულოცა და თქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ"  საქართველო გააცურა.  გააუფასურა ლარი, ჩამოუშალა ეკონომიკა. ციხეებში ჩაყარა პოლიტიკური ოპონენტები, გაურიგდა კანონიერ ქურდებს,  პოლიციას შეურყია იმიჯი, დანერგა ნეპოტიზმი  და ხალხიც სამსახურებიდან საკუთარი ნათესავების დასაქმების  მიზნით გაყარა.  მან მოუწოდა ხელისუფლებას, შეეშვას იმ საქმეს, რომელიც არ გამოსდის და წავიდეს.

ნაცონალური მოძრაობის ახალმა წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა აღნიშნა, რომ  ქვეყანა ისეთი საცოდავი და სამარცხვინო გახდა,  როგორიც იყო 2003 წლამდე, მაგრამ, ამას ხალხი არ შეეგუება და   არ დაუბრუნდება  ბნელ საბჭოთა რეალობას და  მეტს  აღარ მოითმენს  უსამართლობისთვის  სამართლიანობის დარქმევას,  თავისუფლებისათვის მებრძოლების ციხეებში გამომწყვდევას,  ჯაშუშებისა და ექსტრენისტების გარეთ ნავარდს....

 გიორგი გაბაშვილმა ნაციონალური მოძრაობის სამოქმედო გეგმა გააცნო ხალხს. თქვა, რომ მალე, საპარლამენტო უმცირესობა  მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს.  საჭიროების შემთხვევაში, ისინი, პერმანენტულ აქციებს და პიკეტირებებს დაიწყებენ. ასევე, მთავრობის გაშვების პროცედურის დასაწყებად  საქართველოს პარლამენტში  დეპუტატების საჭირო ხმების რაოდენობის  მოგროვებას შეუდგებიან.  მას მიაჩნია, რომ უნდა გადადგეს საქართველოს მთავრობა სრული შემადგენლობით, უნდა დაკომპლექტდეს ტექნიკური მთავრობა, რომელიც დაიწყებს ანტიკრიზისული პროგრამის განხორციელებას. სასწრაფოდ უნდა ჩატარდეს საარჩევნო პროგრამის რეფორმა და რიგგარეშე არჩევნებზე ან რიგით არჩევნებზე გამარჯვების შემდეგ  სახლში  უნდა  გაუშვან „ქართული ოცნების „ ხელისუფლება. მთავრობაში დაბრუნების შემთხვევაში კი ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური შერიგების პირობას დებს. 

დავით ბაქრაძემ გამოსვლისას აღნიშნა, რომ თავისი  საპრეზიდენტო კომპანიის პერიოდში, ხალხს ეუბნებოდა, რომ  არ მოსწონს ეს მთავრობა, მაგრამ პატივს სცემდა ხალხის არჩევანს, მოუწოდებდა ყველას: ვაკონტროლოთ  და ვაიძულოთ  საქმის კეთებაო! ორწელიწადნახევრის შემდეგ კი, მისთვის  აბსოლუტურად ნათელი გახდა, რომ ამ მთავრობისთვის დაცდა, ნიშნავს საქართველოს უარესობისთვის დაცდას, "ამიტომ, მეტს ვეღარ დავიცდით და ვეღარ დავანგრევინებთ ამ ქვეყანას. დღეს ვიწყებთ იმ ეტაპს,  როცა  ყველა ერთად ვეუბნებით,  რომ  მთავრობა უნდა წავიდეს", თქვა მან.

აქციის დასასრულს, მონაწილეებმა,  თავისუფლების მოედნიდან კანცელარიის შენობისკენ აიღეს გეზი. იქ მისულებმა, ჯერ  წითელი ბარათები აუწიეს მთავრობას, იმის მისახვედრად, რომ მათი დრო ამოიწურა, შემდეგ კი ბუშტ-პინგვინები  გაუშვეს ცაში.

                                                                                   ...

საპარლემენტო გადატრიალების სცენარის ალბათობას  ექსპერტი   თორნიკე შარაშენიძე იმ შემთხვევაში ხედავს, თუ მთავრობა მუაშაობას არ გამოასწორებს და ხელისუფლება არ აღიქვამს ამ აქციას სერიოზულად.  მას მიაჩნია, რომ  ქართულ ოცნებას წამზომი უკვე ჩაერთო და მომავალ წელს, არჩევნებს ცუდ მდგომარეობაში მყოფი შეხვდება.  მომავალი არჩევნებისას ხალხის დიდ ნაწილს უკვე  არ ენდომება „ოცნება“,   ბევრსაც - "ნაციონალური მოძრაობა“.   ამის გამო,   გაჩნდება ვაკუუმი და ამ ვაკუუმით  შეიძლება  პრორუსულმა ძალებმა ისარგებლონ.  ეს გამოიწვევს რევოლუციურ სიტუაციას, ანუ, როდესაც ქვეყანას კარგად  ვეღარ მართავს მთავრობა, ხალხს კი აღარ შეუძლია ძველებურად ცხოვრება. შარაშენიძე ფიქრობს, რომ "ოცნებამ" " ნაციონალური  მოძრაობა"  დევნით გააძლიერა. დაკავებები, ოფისებში ხშირი მივარდნები, დარბევები ხელკეტებითა და ქვებით - აძლიერებს  „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციებს, რადგან ისინი,  დევნილისა და ტანჯულის მომგებიან ნიშას იკავებენ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარგად იცის, რომ მათი მოთხოვნის გამო, მთავრობა არ წავა, მაგრამ ისინი განახორციელებენ თავიანთი გეგმის მეორე ნაწილს, ეს იქნება პიკეტირება, აქციები. ამით კი მათ, მთავრობა მუდმივად ეყოლებათ დაძაბულობისა  და ზეწოლის ქვეშ.  ასეთ მდგომარეობაში მყოფი  მთავრობა,  კიდევ უფრო მეტ შეცდომებს დაუშვებს  და ერთი წლის შემდეგ ოცნება კიდევ უფრო სუსტი და უუნარო იქნება.

გთავაზობთ, გიორგი ვაშაძის ემოციური გამოსვლის ვიდეოჩანაწერს:

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge