1.ეკონომიკაში ასეა: ყველაზე სახიფათო არის ის იდეა, რომელიც საყოველთაო მოწონებას იმსახურებს. განსაკუთრებით ეს ეხება საგადასახადო საკითხებს.
მთავრობამ, რომლის კომპეტენცია ეკონომიკაში საკმაოდ დაბალია, გაუაზრებელი ინიციატივა წამოისროლა მოგების გადასახადის ფაქტობრივად გაუქმების სახით. ეს იდეა უკვე აიტაცეს პარლამენტშიც და ტელევიზიებშიც. ცუდად დამთავრდება ყველაფერი. პირველ რიგში ამას ბიზნესი იგრძნობს, მერე ხალხი. ეს მთავრობა რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ, იმ დროისთვის უკვე აღარ იქნება.
2.ზოგიერთები მსაყვედურობენ: რატომ ხდება, რომ შენი შეხედულებების უმეტესობა არ ემთხვევა მთავრობისასო.
მით უარესი მთავრობისათვის. იტყოდა ჰეგელი.
("თუ ფაქტები ჩემს თეორიას არ ემორჩილებიან, მით უარესი ფაქტებისათვის")!
გენიოს ჰეგელს ჰქონდა საფუძველი ფაქტებზე მაღლა დაეყენებინა საკუთარი თავი. მოგვეცით უბრალო მოკვდავებს უფლება, კიდევ უფრო უბრალო მოკვდავების ნაზრევებში შევიტანოთ ეჭვი.
3. სავალუტო ფონდის მდუმარე წარმომადგენელს მივმართავ: მთავრობის ხელდასმით პარლამენტში უკვე მზადდება კანონპროექტი ე.წ. რეინვესტირებული მოგების დაბეგვრისაგან განთავისუფლების შესახებ. ბიუჯეტს დაკლებული 800 მილიონი ლარის კომპენსაციისათვის რომელი გადასახადის ზრდას შესთავაზებთ მთავრობას? იმათ ჯერ კიდევ არ იციან, პატარები არიან, რომ ერთის შემცირება იწვევს მეორის გადიდებას. ან საგარეო ვალის ზრდას. სესხს რომ ამის შემდეგ არავინ მისცემს, იქნებ ახლავე აუხსნათ, მერე რომ არ თქვან, არ ვიცოდითო!
და ცოტა გაინძერით. როცა ურემი გადაბრუნდება, მერე რომ წამოყოფთ თავს. ლარისა არ იყოს!
ამ უკანასკნელი წინადადების განმარტებისათვის მიმართეთ ქართული ანდაზების მცოდნეებს.
4. ნუ უჩენთ ცრუ მოლოდინს ბიზნესს, თითქოს მთავრობას შეუძლია რეინვესტირებული მოგების განთავისუფლება გადასახადისაგან. იდეა კარგია, ეკონომიკური, საბიუჯეტო, მონეტარული რეალობა კი სულ სხვა. კვლავ ილუზიებში არიან და ვერ ხვდებიან, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ეკონომიკაში.
5. თუ რა არის უმაღლესი დონის კონტაქტები და ჯანსაღი ლობირება, ეს ვაშინგტონში დავინახეთ. ბევრი ქვეყანა ვერ შეძლებდა იმას, რასაც არასახელმწიფო ორგანიზაცია "თურქულ-ამერიკული ალიანსი" ახერხებს. მადლობა მათ.
თუქულ-ამერიკულ ბიზნესფორუმში საქართველოში მომუშავე რამდენიმე თურქული კომპანია, მათ შორის განათლების სფეროში ყველაზე მსხვილი უცხოური ინვესტორი-შავი ზღვის უნივერსიტეტიც მონაწილეობდა. ამ უკანასკნელს მის ხელმძღვანელობასთან ერთად მეც წარმოვადგენდი, როგორც იქაური პროფესორი. საზეიმო გახსნაზე, არც მეტი, არც ნაკლები, 20 სენატორი და კონგრესმენი გამოვიდა სიტყვით. იყო უამრავი ინდივიდუალური შეხვედრა კონგრესში, თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში. ელოდნენ თურქებს, საუბარი კი იყო ქართულ პრობლემატიკაზე. ეს შავი ზღვის უნივერსიტეტის თურქი რექტორის და მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის კეთილი ნებაც იყო. დაწყებული რიგის სამიტზე მხარდაჭერის თხოვნით, დამთავრებული საქართველოს ეკონომიკური თუ სხვა სახის საკითხებით, იყო კონგრესმენებთან და სხვა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებთან ინდივიდუალური შეხვედრების თემატიკა. ბევრი საქართველოში იყო ნამყოფი. მხოლოდ აღრფთოვანება და გულწრფელი მოხიბლულობა იგრძნობოდა მათ სიტყვებში. ღვინო, ლამაზი ბუნება, გემრიელი კერძები, მთაწმინდიდან დანახული თბილისი...ზოგიერთს შიგა საკითხებზეც საკმაოდ კარგი წარმოდგენა ჰქონდა. სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის ოფისში მე მგონი, გვარ-სახელით იცნობენ ყველა ჩვენს მოქმედ პერსონებს და მათ ნააზრევს:)
ყოველივე ამაზე პრესაში, დიდ სივრცეში, უფრო დაწვრილებით.
კალიფორნიის კონგრესმენის, საქართველოზე შეყვარებული გურული ქართულით მოსაუბრე თანაშემწეზე და სასაცილოზე შემთხვევაზე ჯერ კიდევ ვაშინგტონიდან მოგიყევით. აქვე ისიცაა სურათზე. ბევრი, სოფელ ბახვში, ალბათ ამოიცნობს ათი წლის წინანდელ თავის ახალგაზრდა მასწავლებელს, რომელიც კონგრესმენის თანაშემწეა დღეს საკანონმდებლო საკითხებში.