საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში

საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში

03.04.2015

ნანა ჯანაშია

საქართველოში ნატო-ს დღეებისადმი და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის დაარსებიდან 66-ე წლისადმი  მიძღვნილი სემინარი თემაზე „საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია უსაფრთხოების გამოწვევების კონტექსტში“ დღეს, 3 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორების ალექსანდრე კუხიანიძის და კორნელი კაკაჩიას  ორგანიზებით, ამავე ფაკულტეტის სტუდეტების: მარიამ მანაგაძის, მაია ღუღუნიშვილის, ქრისტინე ქაფიანიძის,  ელენე მარიამიძის, ზურა გამთენაძის, გიორგი ხიდაშელის, შალვა ჩიხლაძის, ირაკლი ჯღარკავას  სემინარის ორგანიზებაში მონაწილეობით  და რუმინეთის საელჩოს დახმარებით გაიმართა.

სემინარზე თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ივლიანე ხაინდრავამ, რუმინეთის ელჩმა საქართველოში დიმიტრუ ბადეამ, პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა, უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა, პარლამენტის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო სექტორის, მედიის, და ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმდინარე გამოწვევებზე და  საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის ფონზე რუსეთთან ურთიერთობებზე გააკეთეს მოხსენებები. 

თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ განაცხადა, რომ: ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია არის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, მისი უსაფრთხო განვითარების უზრუნველყოფის პოტენციური გარანტორი. ამიტომ, ჩვენი სწრაფვა ნატო-სკენ არის იგივე, რაც ჩვენი სწრაფვა სახელმწიფო დამოუკიდებლობის შენარჩუნებისაკენ. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული დაპირისპირებული ძალა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი არ იტყვის უარს თავის დამოუკიდებლობაზე. აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტში ყოველთვის ჩატარდება მსგავსი ტიპის შეხვედრები, სემინარები, სადაც მეცნიერები, ექსპერტები და პოლიტიკოსები იმსჯელებენ არსებულ პრობლემებზე და იმ გზებზე, როგორ შეიძლება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნება; ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი გზა ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნების და განმტკიცების იქნება ნატო-ში ინტეგრაცია.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge