თანხის სანაცვლოდ ვინმე აშშ-ის ვიზას გპირდებათ? იყავით ფრთხილად! ნუ გახდებით თაღლითობის მსხვერპლი.
20 აპრილს, აშშ-ის საელჩოს საკონსულოსა და დიპლომატიური უსაფრთხოების განყოფილების წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე წარსდგნენ. პრეს-კონფერენციაზე ისაუბრეს საქართველოს მოქალაქეების შესახებ, რომლებიც ახლახან სავიზო თაღლითობის გამო დააპატიმრეს. US Embassy Tbilisi, Georgia
შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, აშშ-ს საელჩოს უსაფრთხოების დეპარტამენტთან და მთავარ პროკურატურასთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით განხორციელებული თაღლითობის ბრალდებით ტურისტული კომპანია „ჯინო თრეველი“-ს დირექტორი, 1981 წელს დაბადებული ნინო ს. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნინო ს. მოქალაქეს 8100 აშშ დოლარისა და 1000 ევროს სანაცვლოდ აშშ-ს ოფიციალური ლოგოსა და რეკვიზიტების მქონე ბლანკზე დაბეჭდილ, ინგლისურ ენაზე შედგენილ ყალბ დოკუმენტებს უმზადებდა. აღნიშნულმა მოქალაქემ, რომელიც ყოველწლიური ლატარია „diversity visa lottery“ (ე.წ. ,,გრინ-ქარდის“) გამარჯვებული იყო, ვიზა ვერ მიიღო მისი შეზღუდული რაოდენობის გამო და არ იქნა ჩანიშნული კონსულთან მისი გასაუბრება. დაზარალებულმა დასახმარებლად ტურისტული კომპანია „ჯინო თრეველი“-ს დირექტორ ნინო ს-ს მიმართა. ეს უკანასკნელი, სხვადასხვა ყალბი დაპირების გამოყენებით, თითქოსდა ,,გრინ-ქარდი“-ს აღდგენის მიზნით, აშშ-ში საამისო პროცედურების მოსაგვარებლად, ასევე, ადვოკატის აშშ-ში გამგზავრებისა და მისი მომსახურებისათვის საჭირო თანხის სახით და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების საშუალებით, მოტყუებით 8100 აშშ დოლარსა და 1000 ევროს დაეუფლა, რის შედეგადაც დაზარალებულ მოქალაქეს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა.
სამართალდამცველებმა ნინო ს-ს პირადი ჩხრეკის, მისი საცხოვრებელი ბინისა და ტურისტული კომპანია „ჯინო თრეველი“-ს ოფისის ჩხრეკის შედეგად სხვადასხვა ყალბი დოკუმენტი, მოქალაქეთა პასპორტები, სხვადასხვა ორგანიზაციის ბეჭდები, კომპიუტერული ტექნიკა და 1000 აშშ დოლარი ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით დიდი ოდენობით განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე -3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
კრისტა პეროზო, აშშ-ს კონსული საქართველოში: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე თანამსრომლობას სავიზო თაღლითობების გამოძიების და აღკვეთის, ასევე საქართველოს მოქალაქეთა დაცვის კუთხით, რათა თავიდან იქნას აცილებული მათი ამ თაღლითობებში ჩაბმა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილობრივი ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლებმა მოატყუეს თაღლითობის მსხვერპლი, თითქოსდა, ისინი თანამშრომლობდნენ ამერიკის საელჩოსთან მწვანე ბარათის გათამაშების ვიზის მიღებაში. ჩვენ გვსურს ვისარგებლოთ შემთხვევით და მკაფიოდ განვუცხადოთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ ამერიკის სავიზო განაცხადის პროცესში არ არსებობობენ შუამავლები და ამერიკის საელჩო არ თანამშრომლობს არცერთ ტურისტულ სააგენტოსთან ან რომელიმე საშუამავლო სამსახურთან. ასეთ შემთხვევებში, ჩვენ ვურჩევთ მოქალაქეებს, სასწრაფოდ აცნობონ ქართველ სამართალდამცველებს და ამერიკოს საელჩოს საკონსულო განყოფილებას აღნიშნული პირების ამგვარი ქმედებები.
ჯეისონ პფისტნერი, რეგიონული უსაფრთხოების ოფისის წარმომადგენელი: მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს და თბილისის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს თანამშრომლობისა და პარტნოიორობისთვის. ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე ურთიერთობა საქართველოს სამართალდამცავებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად. მინდა აღვნიშნო მათი თავდადებული პროფესიონალიზმი. ასევე, მადლიერებას გამოვთქვამ თბილისის პროკურატურის მიმართ საქმის წარმოებისთვის. მაქვს სურვილი, მომავალშიც ვიმუშაო სამინისტროსა და პროკურატურასთან საერთო ინტერესის საქმეებზე.
მოამზადა ნანა ჯანაშიამ