ნანა ჯანაშია
ბრუკლინს ამერიკელები „მინი საჭოთა კავშირს“ ეძახიან. მისი სამხრეთი, კონკრეტულად კი ბრაიტონ ბიჩი, ოდესელი ებრაელებით და რუსებითაა დასახლებული. გასული საუკუნის 70-იან წლებში, რატომღაც ეს რაიონი აირჩიეს საცხოვრებლად და ბიზნესის საწარმოებლად საბჭოეთიდან ემიგრირებულებმა. მათი რიცხვი დღეს 200 000 -ს აღემატება. ყველა ის ქართველი, რომელიც ინგლისურის ცოდნის გარეშე ჩადის ამერიკაში, ბრუკლინის ტყვე ხდება. ბრუკლინის ტყვეობა კი იმას ნიშნავს, რომ დასაქმების მსურველი ქართველები რუსულენოვან ოჯახებში, მაღაზიებში, კაფეებში, კერძო სტომატოლოგიურ თუ გინეკოლოგიურ, ან სხვა პროფილის კლინიკებში (იქ ქართველ ექიმებს ექთნის პოზიციაზე ამუშავებენ) და ა.შ. შოულობენ სამსახურებს და ღებულობენ 4-ჯერ ნაკლებ ანაზღაურებას, ვიდრე ისინი, რომლებმაც ინგლისური კარგად იცოდნენ და ამერიკულ ოჯახებში ან საწარმოებში შეძლეს მოწყობა. ბრუკლინის ტყვეობა იმასაც ნიშნავს, რომ იქ ერთხელ მოხვედრილი და სამუშაოდ აყვანილი ადამიანი, ინგლისურს ვერ ისწავლის, მნიშვნელობა არა აქვს ერთი წელი დარჩება მანდ, ათი, თუ მეტი. ირგვლივ რუსული გარემოა. აფთიაქი დასჭირდება და რუსული აფთიაქებია ყოველ ნაბიჯზე, მაღაზიაში შევა და თავი მოსკოვში ეგონება, ქუჩაში გავა და რუსული საუბრებით გამოეჭედება ყურები... ოჯახში შევა და რუსულენოვანი საკაბელო ტელევიზიებიდან ღებულობს ინფორმაციას. ბრუკლინში გაზეთებიც რუსულენოვანი გამოდის. მაგალითად „ნოვოე რუსსკოე სლოვო“ 100 წელი გამოდიოდა. შტატებში ცხოვრებისას არაერთხელ მიყიდია ეს გაზეთი ვაშინგტონის და სპრინგფილდის რუსულ მაღაზიებში 2. 50 დოლარად. წაიკითხავ და რას წაიკითხავ უკეთესს! ლანძღავენ ყველაფერ ამერიკულს! კლინტონისა და ლევინსკის ამბები როცა გაჟღერდა, მანდ ვიყავი და ეს გაზეთი უნდა გენახათ რა დღეში იყო - ჰილარის გადაეკიდნენ! თავი ლედივით რატომ უჭირავს, რად არ წივის და კივის სახალხოდ და მონიკა თმებით რად არ ითრიაო?! იმ გაზეთიდან ერთი ანეგდოტიც დამამახსოვრდა: ბრაიტონზე, ემიგრაციიდან 30 წლის შემდეგ ორი ნაცნობი საბჭოთა ემიგრანტი ხვდება ერთმანეთს. მოკითხვის შემდეგ ერთი ეკითხება მეორეს, რა ქენი, ინგლისური ისწავლეო?! ის კი პასუხობს, რაში მჭირდება, ამერიკაში მაინც არ დავდივარო!
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ „თონე“ რომელიც ბრუკლინში, ნეპტუნის ქუჩაზე მდებარეობს, ქართული ნამდვილად არის და სასიამოვნოა რომ მუშაობს. მთელი გულით ვუსურვებთ წარმატებებს, მაგრამ, ის ამერიკის რუსეთად წოდებულ ბრუკლინში ფუნქციონირებს და ამერიკელების მეხსიიერებაში ვერ დაგვამკვიდრებს. ბუნებრივია, რომ მისი მომხმარებლები პოსტსაბჭოთა სივრცის წარმომადგენლები იქნებიან.
ფოტოები მოპოვებულია Google Maps-იდან