The Guardian, რომელმაც პირველად გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია, საერთოდ არ საუბრობს ქართველ ჯარისკაცებზე

The Guardian, რომელმაც პირველად გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია, საერთოდ არ საუბრობს ქართველ ჯარისკაცებზე

01.05.2015

ჩიორა თაქთაქიშვილი

გაოგნებული ვარ ცენტრალურ აფრიკაში ფრანგი ჯარისკაცების მიმართ არსებული სექსუალური ძალადობის ბრალდებების ქართველებზე გადმობრალებით! 
ელემენტარული ღია წყაროების გადამოწმებითაც კი ცხადია, რომ ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის შანსი ამ ამაზრზენ დანაშაულში ნულთან მიახლოებულია. საფრანგეთის ოფიციალური მხარეც ადასტურებს, რომ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ. მაშინ, რატომ ვიგებთ ამ ინფორმაციას იმ რაკურსით, რაც მხოლოდ ქართული ჯარის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად? 
რამდენიმე ფაქტი ინტერნეტიდან, რაც ამ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში მოვიძიე: 
1. The guardian, რომელმაც პირველად გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია, საერთოდ არ საუბრობს ქართველ ჯარისკაცებზე.
2. არც Libération, არც Le Monde და არც ბევრი სხვა კვალიფიციური ფრანგული გამოცემა არ ახსენებს ქართველებს, ისინი მხოლოდ 14 ფრანგი ჯარისკაცის წინააღმდეგ გამოძიებაზე საუბრობენ.
3. ეს ბრალდებები ეხება 2013 წლის დეკემბერი -2014 წლის ივნისის პერიოდს, ქართველი ჯარისკაცების სამშვიდობო მისია კი 2014 წლის მეორე ნახევარში ჩავიდა აფრიკაში.
4. ქართველების შესაძლო მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის ერთადერთი წყაროა Franceinfo-ზე გასული აუდიო მასალა, სადაც ანონიმური ქალი ამბობს, რომ "ფრანგები და ქართველები ბავშვებზე სექსუალურად ძალადობნენო". ასეთი ზოგადი ბრალდება არ შეიძლება გახდეს არც ზოგადად და არც რომელიმე კონკრეტული ქართველი ჯარისკაცის დამნაშავეებად შერაცხვის საფუძველი.
მაშინ მიჩნდება კითხვები:
რატომ შუქდება ეს თემა ამ ფორმით ქართულ მედიაში? აშკარაა, რომ აუდიტორიას სერიოზული ეჭვი გაუჩნდა ქართველი ჯარისკაცების მიმართ.
რატომ არ ეყრდნობიან ისინი პირველწყაროებს? რუსული საიტებიდან ხომ არ იგებენ ინფორმაციას სწორედ ასეთი რაკურსით, რომლის მიზანი ქართული ჯარის დისკრედიტაციაა?
შედეგი? იმერლიშვილი ამბობს, გამოძიებაში ჩავერთვებითო! ანუ, დაასკვნა, რომ საკმარისი საფუძველი არსებობს უკვე გამოძიების დასაწყებად? მიუხედავად იმისა, რომ არცერთ ქართველ ჯარისჯაცზე არ არსებობს არავითარი მტკიცებულება?
მოვითხოვ, რომ სახელმწიფომ თავის თავზე აიღოს ცენტრალური აფრიკის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველი ჯარისკაცების სათანადო ადვოკატებით უზრუნველყოფის ხარჯები, თუკი მათ მიმართ დაიწყება საგამოძიებო მოქმედებები.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაღებული ეს ფოტო ეკუთვნის worldbulletin-ს



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge