მასალა მოამზადა ნანა ჯანაშიამ
შვედეთის მეფის კარლ გუსტავ XVI-ის და დედოფალ სილვიას ერთადერთი ვაჟი კარლ ფილიპი 35 წლისაა და 2015 წლის 13 ივნისს 29 წლის მოდელ სოფია ხელკვისტზე ქორწინდება. წყვილმა ქორწილი ზაფხულში იმიტომ დაგეგმა, რომ ამ დროს შვედეთი ძალიან ლამაზია. პრინცი ფილიპი გოგონას 2008 წლიდან ხვდება, დაქორწინება კი მხოლოდ შარშან გადაწყვიტეს. ამბობენ, რომ პრინცის ახალი რჩეული ხმაურიანი წარსულის და მოდელის პროფესიის გამო სამეფო ოჯახმა ძნელად მიიღო. ფოტომოდელ სოფიას ფოტოები არაერთ ჟურნალშია დაბეჭდილი. ის სამეფო ოჯახის წევრისათვის შეუფერებელ შოუებშიც მონაწილეობდა თურმე და ხმაურიანი საღამოების გამართვაც უყვარდა. პრინცი ფილიპი კი ბედნიერია თავისი რჩეულით და მიაჩნია, რომ მალე ფანტასტიკურ გოგოზე დაქორწინდება. სოფიამაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრინცი არის ძალიან მოკრძალებული და მას ის ურთიერთობის დაწყების პირველი წუთებიდან უყვარს.
კარლ ფილიპს 2 და ჰყავს: 38 წლის ვიქტორია და 33 წლის მადლენი.
სტოკჰოლმს „ჩრდილოეთის ვენეციას“ ეძახიან. ის ტურისტების საყვარელი ქალაქია. 200 წელია შვედეთში ომი არ ყოფილა და ამიტომ ბედნიერ ქვეყანად ითვლება. შვედებს ძალიან უყვართ თავიანთი ლამაზი და მშვიდობიანი ქვეყანა, პატივს სცემენ სამეფო ოჯახს და 6 ივნისს - შვედური დროშის დღეს, რომელსაც დიდი პომპეზურობით აღნიშნავენ.. წლევანდელი ზაფხულის 13 ივნისი სტოკჰოლმში ჩასულ ტურისტებს პრინცის ქორწილისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალებითაც დაამახსოვრდებათ.