გურამ ოდიშარიას "კრასნაია მოსკვა"

გურამ ოდიშარიას "კრასნაია მოსკვა"

21.05.2015

„კრასნაია მოსკვა“

რამ გამახსენა ამ, 9 აპრილის დილას „კრასნაია მოსკვა“? აფხაზეთის ომი, უღელტეხილი?..
ვიდრე უღელტეხილის ბოლო აღმართს ავუყვები, ოცდაათიოდე წლის კაცს ვეფეთები - ლოდზე ჩამომჯდარ, სასოწარკვეთილ დედას ეფერება, ეხვეწება, ადექიო. ვერ დგება დედა. 
- ადექით, ქალბატონო, იარეთ, - ვემუდარებით მე და ჩემი თანაკლასელი, ჯემალიც. ახალგაზრდა კაცი პურს გვთხოვს. ორი დღეა, არაფერი გვიჭამია, გვეუბნება. პურს ვაძლევთ და გზას ვაგრძელებთ. ცოტა ხნის შემდეგ უკან ვიხედებით. ქალი ამდგარა და მოლასლასებს. რამდენიმე დღის შემდეგ, უკვე სამშვიდობოსმყოფი, ვგებულობ, რომ ის დედა-შვილი დაღუპულა - ქალი იმიტომ, რომ უღელტეხილს ვერ სძლია, შვილი კი იმიტომ, რომ დედა არ მიატოვა...

ბოლო აღმართს ჯემალზე ადრე ავდივარ, ვჯდები თოვლში და თანამგზავრს ველოდები. დაქანცულს ისე ტკბილად მეძინება, გაღვიძება არც მინდა. ვიცი, გავიყინები ასე, კარგად ვიცი, მაგრამ სადღაც, შორს, ზაფხულის თბილი ზღვის ურბილეს ფსკერზე მძირავს ეს უცხო, ჰიპნოზურ-ნარკოტიკული ძილი... გადაღლილ სხეულში კონცეტრირებული, ბუნებაში არარსებული, ერთდროულად ტკივილდამაყუჩებელი და საძინებელი წამლის ეს უზარმაზარი დოზა, ბოროტი და ცბიერი, მაგრამ კეკლუცადმოალერსე, ლამაზი ჯადოქარი ქალივით მიხუჭავს თვალებს...

ჯემალი მაღვიძებს, სახეზე ხელს მირტყამს. აქვე უნდა აღვნიშნო, არც თუ სათუთად.

-ადექი! - მიყვირის, - ადექი, ახლავე! 
- თუ ძმა ხარ, მადროვე, კამანდირო, ცოტას წავიძინებ და დაგეწევი, - ვცდილობ, ღიმილისმაგვარი რამ გამოვხატო სახეზე.
მაგრამ „კომანდირი“ მკაცრია, არ მთანხმდება და ჯიბიდან არც თუ მომცრო, წითელეტიკეტიანი ფლაკონი ამოაქვს.

- უყნოსე!
- ეგ რა ოხრობაა, კამანდირო?

- ადეკალონია, კრასნაია მასკვა, დიდი ბოდიში, კონიაკის წამოღება დამავიწყდა, თორემ იმას მოგართმევდი...

- კრასნაია მასკვა?.. - გაოცებისაგან პირს ვაღებ.

- კრასნაია მასკვა! - მკაცრად მიმეორებს ჯემალი.

- მერე, სწორედ კრასნაია... კრასნაია მასკვამ დაგვღუპა და შენ კიდევ... - მეტს ვერაფერს ვამბობ.

- მიდი, მიდი, უყნოსე, იქნებ ცოტა აზრზე მოხვიდე და მერე უკეთ გაიგო, რამ დაგვღუპა სინამდვილეში.

ვყნოსავ ოდეკოლონს, სახეზე ვისვამ და ერთ ყლუპს ვსვამ კიდეც. გამიგია, ზოგან ჩემზე აღმატებული და ფრიად პატივცემული ადამიანები სვამენ ხოლმე ოდეკოლონს და თავსაც მშვენივრად გრძნობენ.

გიჟივით ხარხარი მიტყდება - წარმოვიდგინე, „კრასნაია მოსკვას“ ფირმამ თითქოს რაღაცნაირად გაიგო, ჩემი, ჯემალის, უღელტეხილის ამბავი და თავის სარეკლამო კლიპში გადაგვიღო: ვდგავართ მე და ჯემალი უღელტეხილის ფონზე და დიქტორის მშვიდი ბარიტონი აუწყებს კაცობრიობას - შეიძინეთ „კრასნაია მასკვა“! ის თქვენი ერთგული მეგობარი გახდება ექსტრემალურ სიტუაციებში, მაგალითად, ეთნოკონფლიქტებში!
ჯემალს არ ეღიმება;

- ფეხს ავუჩქაროთ, თორემ ასე გავიყინებით!

- ნაბიჯსაც არ გადავდგამ, თუკი, კრასნაია მასკვას არ გადააგდებ, - ვჯიუტობ მე.

ჯემალს არ სურს „კრასნაია მოსკვასთან“ განშორება, გონზე მოსაყვანი წამალივით ებღაუჭება, იქნებ, წინ ისევ დაგვჭირდეს...

მაგრამ ბოლოს, მაინც მყაბულდება - ფლაკონს ხელში მაჩეჩებს.

მე მთელი ძალ-ღონით ვიქნევ ხელს და ფლაკონს შორს, ღამის ბნელში, ნისლში ვისვრი. ფლაკონი ჩვენთვის უხილავ ხეობაში მიფრინავს. ხეობა ღრმაა და შუშის მსხვრევის ხმა ჩვენამდე ვერ აღწევს.

ყოველ შემთხვევაში, მაშინ ასე მეგონა, რომ მოვერიე და ძალიან, ძალიან, შორს მოვისროლე „კრასნაია მოსკვა“ და „წითელი სისასტიკის“ კვალი გავაქრე...

P.S. სხვათა შორის, ვისაც იმ დროს ძვირფასი ადამიანი გაეყინა საკენ-ჭუბერის გზაზე, მინდა, გულწრფელად ვუთხრა - ნეტარი სიკვდილით გარდაიცვალნენ ისინი. დაღუპულებს, რომლებსაც გზადაგზა ვხვდებოდი, მშვიდი სახეები ჰქონდათ და ტანჯვის არავითარი ნიშანი ეტყობოდათ.

ერწმუნეთ ამ სტრიქონების ავტორს, რომელმაც კინაღამ გაიზიარა მათი ხვედრი - დაქანცულს, ტკბილად, ძალიან ტკბილად ეძინება ყინვაში, როგორც ახალი წლის უმშვენიერეს ღამეს იმ ბავშვს, რომელსაც დედა სათუთად შემოუკეცავს საბანს.

ვიცი, კარგად ვიცი, არ დაგამშვიდებთ ჭირისუფლებს ჩემი სიტყვები, მაგრამ სულ სხვაა, როცა უღმერთო გზის შემდეგ მშვიდად უბრუნდები მშობლიურ სახლს - მარადისობას, სადაც ადრე თუ გვიან ყველამ უნდა მოვიყაროთ თავი.

გურამ ოდიშარია

9 აპრილი

2014



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge